„ყინულის ადამიანი“, სახელად ეცი
1991 წელს სიმილაუნის მყინვარზე, რომელიც ტიროლის ალპებში მდებარეობს, ორმა გერმანელმა ტურისტმა კარგად შენახული ადამიანის სხეული აღმოაჩინა, რომელიც, სულ მცირე, 5300 წლის წინ ცხოვრობდა.
სხეული იმდენად კარგად შენარჩუნდა, თავდაპირველად ტურისტებმა იფიქრეს, რომ ის ჩვენი თანამედროვე ადამიანი იყო.
ნაპოვნმა ნამდვილი სენსაცია გამოიწვია როგორც მეცნიერთა სამყაროში, ისე – პრესაში. ჟურნალისტებმა ნაპოვნი ცხედრისთვის 500-მდე დასახელება მოიფიქრეს, მაგრამ საბოლოოდ 1997 წლის 2 ივლისს ტიროლის ხელისუფლებამ მიიღო ოფიციალური სახელი – „ყინულის ადამიანი“.
მუმია იპოვეს ეცტალის მიდამოში, ამიტომ, „ყინულის ადამიანს“ ხშირად უწოდებენ – ეცის. ეს სახელი მოიფიქრა რეპორტიორმა ვენიდან, კარლ ვენდლმა.
კვლევებმა აჩვენა, რომ სიკვდილის მომენტში ეცი 50 წლის იყო. ჰოლანდიელმა მხატვრებმა – ადრიე და ალფონს კენისებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, ეცის გარეგნობის აღდგენა სცადეს. მისი თვალის ფერი კი დნმ-ის შესწავლის საფუძველზე დადგინდა.