უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინურმა კომპანია HD-Parts-მა რუსეთში მილიონობით ევროს ღირებულების სატვირთო მანქანების ნაწილები გაიტანა.
ამის შესახებ Yle იტყობინება.
გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, კომპანია, ძირითადად, Volvo-სა და Scania-ს სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილებს აგზავნიდა.
ამასთან, HD-Parts-ის მენეჯმენტი სანქციების წესების დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.
HD-Parts-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ლას ლინდკვისტმა თქვა, რომ ყველა ტვირთს საბაჟო ამოწმებდა, ატარებდა და აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი.
ლინდკვისტი ადასტურებს, რომ HD-Parts-ის ბრუნვის, სულ მცირე, 3/4 რუსეთში ექსპორტზე მოდის.
HD-Parts-თან დაკავშირებულ ვითარებაზე კომენტარი ფინეთის საბაჟოში არ გაკეთებულა, თუმცა, იქ განმარტავენ, რომ საქონლის შემოწმება მიდის მაშინ, როდესაც საექსპორტო დეკლარაცია შეიცავს პროდუქტებს, რომლებიც შესაძლოა, სანქციებს დაექვემდებაროს.
ჟურნალისტები ნაწილების ჩამონათვალს გაეცნენ და დაასკვნეს, რომ HD-Parts-ის პარტიების დასახელებები შეესაბამება ტვირთს, რომელთა შეტანა რუსეთში იკრძალება.
რუსეთის საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ ფინეთიდან რუსეთში სატვირთო მანქანებიც გადაჰყავდათ. კერძოდ, ომის დროს რუსეთში ათამდე ნახმარი Scania-ს და Volvo-ს სატვირთო მანქანა შევიდა, ისევე – როგორც სხვა ბრენდების ნახევრადმისაბმელიანი მანქანა.
საბაჟო მონაცემებით, მათი მფლობელი იყო კომპანია Idän Liikenteenvälittys IL. მიწოდების ღირებულებამ ასობით ათასი ევრო შეადგინა.