შადრევანი „მაფურთხებელი ლიდერები“ – იდუმალებით მოცული არტ-ობიექტი
შადრევანი ჰიდროტექნიკური ნაგებობაა, რომელსაც დეკორატიული დანიშნულება აქვს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შადრევანი ხელოვნების განსაკუთრებული სახეობაა და შემოქმედებს უსაზღვრო ფანტაზიის საშუალებას აძლევს. მათ შორის არის ბევრი შედევრი, რომელიც ტურისტებს იზიდავს, მაგრამ არსებობს ისეთი შადრევნებიც, რომლებიც საინტერესო არა თავისი სილამაზით, არამედ ჩანაფიქრის ორიგინალურობით. ხელოვნების ასეთი ნიმუშების სიაში ღირსეული ადგილი უჭირავს კომპოზიციას – „მაფურთხებელი ლიდერები“ (Spitting Leaders), რომელიც ესპანელმა სკულპტორმა, ფერნანდო სანჩეს კასტილიომ შექმნა.
საკუთარი შემოქმედება პირველად ავტორმა მაყურებელს 2008 წელს ნიდერლანდების ქალაქ არნემში გამართულ თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე წარუდგინა. სტუმრებს შორის კომპოზიციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ არნემის ხელისუფლებას ის მოეწონა და შეისყიდეს კიდეც პრეზიკჰააფის პარკისთვის.
უნდა ითქვას, რომ კასტილიო შადრევნის დადგმას თავის სამშობლოში, ესპანეთში გეგმავდა, მაგრამ მას ამის ნება არ დართეს, ამიტომ „მაფურთხებელი ლიდერები“ ნიდერლანდებში „დამკვირდნენ“.
კომპოზიცია ოთხი ფიგურისგან შედგება, რომელთაგან სამი ყველასათვის ცნობილია. ეს საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია, ესპანელი დიქტატორი ფრანცისკო ფრანკო და საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV.
მეოთხე ფიგურა არ არის იდენტიფიცირებული, ვინაიდან ის შაბლონურია და არ აქვს დასრულებული იერსახე. არნემის გამოფენის ანონსში გამოცხადებული იყო, რომ მეოთხე ბიუსტით ადოლფ ჰიტლერი იქნებოდა წარმოდგენილი, მაგრამ ფიურერი მაინც ვერ მოხვდა ტირანების კომპანიაში და ადგილი ვაკანტური დარჩა.
იდუმალებით მოცული მეოთხე ფიგურის ირგვლივ ყოველთვის დავა მიმდინარეობს. არსებობს აზრი, რომ სკულპტორმა სპეციალურად დატოვა ის დაუსრულებელი, რათა შადრევნის მიმართ ინტერესი გაეღრმავებინა. ზოგი უსახო ბიუსტში ხედავს ბოლივიის პრეზიდენტს, ხოსე დე სუკრეს – ინდიელების მჩაგვრელსა და ეკლესიის მტერს.
ზოგიერთს უჩნდება კითხვა – როგორ მოხვდა დიქტატორებს შორის მეფე ლუი. მაგრამ, ისინი, ვინც იციან, რომ შადრევნის ავტორი ესპანელია, ან ფაქტს ადვილად ხსნიან. ლუდოვიკო XIV ისტორიაში დარჩა არა მხოლოდ როგორც მხარჯველი მონარქი და ხელოვნების მფარველი, არამედ სწორედ მის სინდისზეა ესპანელი ხალხის ტანჯვა და სისხლიანი ომი. 72-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მეფემ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მთავარი იდეა, რომლითაც ფერნანდო სანჩეს კასტილიო კომპოზიციაზე მუშაობდა, საიდუმლოდ რჩება.