„ქუჩაში რომ გააჩეროთ ადგილობრივი დედაბერი და ჰკითხოთ რასპუტინზე, მუჭს პირზე აიფარებს და თხრობას ასე დაიწყებს…“
პოკროვსკოეში, ქუჩაში რომ გააჩეროთ ადგილობრივი დედაბერი და ჰკითხოთ, მოგიყვეთ რასპუტინზე, მუჭს პირზე აიფარებს და თხრობას ასე დაიწყებს:
როდესაც 9 იანვარს, წმინდა გრიგოლ ნოსელის დაბადების დღეს ჩვენი გრიშკა დაიბადა, ბებიაქალს პირზე ხელი აუფარებია და უთქვამს: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემოო!”.
ახალშობილ გრეგორ რასპუტინს ზრდასრული მამაკაცის ზომის ის ორგანო ჰქონია, რაც კაცებსა და ქალებს ერთმანეთისგან ასე განგვასხვავებს.
მამას უთქვამს, ჩემი შვილი დიდი კაცი, გუბერნიის კანცელარიის თანამშრომელი უნდა გაიზარდოსო, დედას უნატრია, იქნებ სოფლის მღვდელი გახდეს და სიბერეში შეგვინახოსო, ბედისწერას კი ჩაუცინია, ამ ჭრელთვალება ბიჭუნასთვის სულ სხვა რამ მაქვს მომზადებულიო.
მართალია, რუსული ბიოგრაფები რასპუტინის გვარს ჯერ კიდევ 1609 წლიდან “ითვლიან”, მაგრამ თანამედროვე ისტორიოგრაფები აღარ დავობენ ფაქტზე, რატომ დაერქვა გრეგორი ეფიმეს ძე ნოვიხს “გარყვნილი”.
ჯერ კიდევ 16 წლის რასპუტინი სოფლის ქალებს არწმუნებდა, ბნელი ძალების განდევნა და ავადმყოფების გამოჯანმრთელება შემიძლიაო. განკურნების პროცედურას კი, ძირითადად, სოფლის მიმდებარე საერთო აბანოში ატარებდა.
“მკურნალის” სანახავად მალე პეტერბურგიდან დაიწყეს ჩამოსვლა და ინდივიდუალურმა შეხვედრებმა ჯგუფური სახე მიიღეს. მალე, რასპუტინთან სტუმრობა დაიწყეს სასულიერო პირებმაც, რომელთა ნაწილმაც განაცხადა, რომ გრეგორი შარლატანი და გარყვნილი ყალთაბანდი იყო. სწორედ ამ დროს, გრეგორი ნოვიხი ოფიციალურად, თუ არაოფიციალურად, “ხლისტების” სექტაში გაწევრიანებულა.
სწორედ ამ წლებში და ამ საბაბით, რასპუტინს 1906 და 1907 წლებში ორი სასულიერო და საერო სასამართლო ჰქონია, რის მერეც, “წმინდა ციმბირელი” კიევში გადასახლებულა.
ამ პერიოდში, მისი სულიერი და ფიზიკური აქტივობა მშვიდი ჩანს. 1909 წელს რასპუტინი “სტარეც” მაკარისთან და ეპისკოპოს თეოფანესთან ერთადაა გადაღებული და მშვიდი, სათნო სახით მორჩილებით კითხულობს ფსალმუნებს, 1910 წლიდან კი, გრეგორი რასპუტინი ისევ ფორმაში დგება და იმ დროინდელი ჩანაწერებიდან ვკითხულობთ, რომ “რასპუტინი თავის მიმდევრებთან ერთად იკეტებოდა აბანოებში, სარდაფებში, ოთახებში, სადაც ხატების ფონზე “ცოდვის ცოდვით” დაძლევის რიტუალს ეძლეოდნენ. ამ რიტუალში, ძირითადად, ნებაყოფლობით მონაწილეობდნენ ზრდასრული ქალები და კაცები, მოგვიანებით კი (რასპუტინის სიკვდილის მერე) გამოჩნდა, რომ არასრულწლოვანებიც იყვნენ ჩართულნი.
რასპუტინს განსაკუთრებული ვნება ჰქონია ქალების უეცარ დამორჩილებაზე, როცა თავისი დემონური ენერგიით მოულოდნელად ჩაიხუტებდა და კოცნიდა სულიერ შვილებს.
1911 წელს, სინოდის გადაწყვეტილებით, გრეგორი რასპუტინი ქალაქიდან განდევნეს, მან იერუსალიმში იმოგზაურა და დაბრუნებულმა სრული გავლენა მოიპოვა იმპერატრიცას და იმპერატორის გულზეც და გონებაზეც.
რასპუტინს 2 წიგნი აქვს გამოცემული, სადაც ის თავის ხილვებზე წერს. “აღსდგებიან და შეერკინებიან დასავლეთისა და აღმოსავლეთის მთავრები მსოფლიო ბატონობისთვის…”
“სანამ ცოცხალი ვარ, ცოცხალი იქნება რუსული სამეფო კარიც”
“ჩემი მოკვდინება დიდი დაცემის დასწყისია, მაგრამ დავბრუნდები”…
და მსგავსი ცრუწინასწარმეტყველებები.
ცნობისთვის, რუსული ეკლესია დიდი სიფრთხილით ეკიდება გრეგორი რასპუტინზე მსჯელობას, მეტიც, ზოგიერთი სასულიერო პირო, მას, როგორც წმინდა მამას, ისე მოიხსენიებს. დედოფალი მას წერილებში “ОН” (რუსულ ენაში, ნაცვალსახელის დიდი ასოებით გამოკვეთა ნიშნავს უფალთან გათანასწორებას) იხსენიებს. რასპუტინის სიკვდილის მერე, 100 წელზე მეტი გავიდა და ბევრს ჯერაც სჯერა, რომ “წმინდა მამა” მასონებმა მოკლეს (თუმცა, ვერსიას, რომ ის ბრიტანეთის დაზვერვამ მოაკვლევინა, ბრიტანეთშიც განიხილება) და რომ პუტინი, სწორედ ის რე-ინკარნირებული Распутин-ია, ვინც მსოფლიო ბატონობაში, დასავლეთის “მეუფე” უნდა დაამარცხოს.
უბრალო ხალხში რასპუტინის მიმართ შიში და მოკრძალება გაცილებით მეტია.
და მაინც, როცა პოკროვსკოეში, რომელიმე დედაბერი რასპუტინზე იწყებს ლაპარაკს, მუჭში ქირქილებს და ყვება “9 იანვარს…”
ხანდახან ადამიანი იფიქრებ, რომ წარმართული ცნობიერებიდან დიდად არ წავსულვართ შორს და ქრისტიანობა, ქრისტეს გარეშე, ბევრად მოსახერხებელი და კომფორტულია.
გურამ მეგრელიშვილი