როგორ გადაარჩინა ღაზაელმა სტომატოლოგმა ასობით მეზობელი ისრაელის გაფრთხილების შემდეგ

ეს ზარი მაჰმუდ შაჰინს ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, გამთენიისას შემოუვიდა, როდესაც ისრაელი უკვე 12 დღის განმავლობაში ბომბავდა ღაზას.

მაჰმუდი  თავის სამოთახიან ბინაში იმყოფებოდა, მესამე სართულზე, რომელიც ალ-ზაჰრას პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს. იმ მომენტამდე იქ დაბომბვა პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა.

მან რაღაც ხმაური გაიგონა გარედან. ხალხი ყვიროდა: „თავი გადავირჩინოთ, ისინი მრავალსართულიანი კორპუსების დაბომბვას დაიწყებენ“.

როდესაც მაჰმუდი გარეთ გავიდა, უსაფრთხო ადგილის ძებნისას მის ტელეფონზე, დაფარული ნომრით, ზარი შემოვიდა.

„თქვენ ისრაელის დაზვერვიდან გირეკავენ“ , – აცნობა მამაკაცის ხმამ. ეს ზარი, მაჰმუდის თქმით, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველაზე საშინელი იყო მის ცხოვრებაში.

„ჩვენ დავბომბავთ სამ მაღალსართულიან კორპუსს“

მამაკაცი მაჰმუდს მისი სრული სახელით მიმართავდა და არაბულად უნაკლოდ საუბრობდა.

„მან მითხრა, რომ მათ სამი მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვის ბრძანება აქვთ და მიბრძანა, 2 საათში ხალხის ევაკუაცია მომეხდინა ამ რაიონიდან“.

თავად მაჰმუდს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ მას მხრებზე მოულოდნელად ასობით ადამიანის ევაკუაციის პასუხისმგებლობა დააწვა.

„ადამიანების ბედი ჩემს ხელში აღმოჩნდა“, – ამბობს ის.

მაჰმუდმა გონება დაძაბა და ზარის ავტორს, რომელმაც თავი აბუ ჰალედად წარადგინა, სთხოვა, ყურმილი არ დაეკიდა.

40 წლის სტომატოლოგის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ აირჩიეს მაინც და მაინც ის. თუმცა, იმ დღეს მან გააკეთა ყველაფერი, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რათა თავისი მეზობლები გადაერჩინა.

უცნობი ადამიანები, რომლებმაც, როგორც ჩანს, ყოველთვის იცოდნენ, როგორ დაკავშირებოდნენ, როდესაც მას ტელეფონის ელემენტი უჯდებოდა, ყურმილის მეორე მხრიდან ხელმძღვანელობდნენ. ის ევედრებოდა უცნობებს, შეეჩერებინათ დაბომბვა და ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა, რათა ხალხის ევაკუაცია მოეხდინა. მაჰმუდმა მასობრივი ევაკუაციის ორგანიზება შეძლო, შემდეგ კი, პირდაპირ მის თვალწინ აფეთქებები დაიწყო.

ცნობილია, რომ მიმდინარე კონფლიქტის დროს ისრაელის სამხედრო პირები ხანდახან ურეკავდნენ ღაზას მოსახლეობას დაგეგმილი საჰაერო იერიშის შესახებ გასაფრთხილებლად. მაჰმუდის მონაყოლი დეტალურ წარმოდგენას გვიქმნის ერთ-ერთი ასეთი ზარის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები