რატომ გახდა საზამთრო პალესტინელების სოლიდარობის სიმბოლო

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან საზამთროს გამოსახულება პროტესტისა და პალესტინელების მხარდაჭერის სიმბოლო გახდა მთელ მსოფლიოში. რატომ მოხდა ასე?

საზამთრო, როგორც პალესტინელების სიმბოლო – ახალი მოვლენა არ არის. თავდაპირველად, საზამთროს გამოსახულება საპროტესტო პოსტერებზე 1967 წლის ომის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ისრაელმა კონტროლქვეშ მოაქცია დასავლეთ სანაპირო და ღაზა; როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ ამ ტერიტორიებზე პალესტინური დროშა აკრძალა და მისი დემონსტრირება დასჯადი გახადა.

აკრძალვისთვის თავის არიდების მიზნით, პალესტინელები საზამთროს იყენებდნენ, ვინაიდან გაჭრილ საზამთროში პალესტინის დროშის ყველა ფერია თავმოყრილი – წითელი, შავი, თეთრი და მწვანე.

ისრაელმა პალესტინის დროშის გამოყენებაზე აკრძალვა 1993 წელს მოხსნა ოსლოს შეთანხმების ფარგლებში და დროშა პალესტინის ავტონომიის სიმბოლო გახდა.

ამ მოვლენების შემდეგ ხელოვანებმა მთელი მსოფლიოდან განაგრძეს საზამთროს არტობიექტების შექმნა პალესტინელების მხარდაჭერის გამოსახატავად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ეკუთვნის ჰალედ ჰურანის: 2007 წელს მან საზამთროს ნაჭერი დახატა წიგნისთვის „პალესტინის სუბიექტური ატლასი“

სურათმა, რომელსაც „საზამთროს ამბავი“ უწოდეს, მოიარა მთელი მსოფლიო და ფართოდ ცნობილი გახდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2021 წლის მაისის კონფლიქტის დროს.

საზამთროს თანამედროვე გამოყენება

მიმდინარე წლის იანვარში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ითამარ ბენ გვირმა ბრძანება გასცა, ყველა პალესტინური დროშა გაექროთ, ვინაიდან ამ დროშის ფრიალი ტერორიზმის მხარდაჭერას ნიშნავს.

ამის საპასუხოდ, ისრაელის ოპოზიციურ მარშში კლავ გამოჩნდა საზამთრო.

ისრაელის კანონმდებლობის ფარგლებში პალესტინური დროშა არ ითვლება აკრძალულად, მაგრამ პოლიციას და ჯარისკაცებს მათი მოხსნის უფლება აქვთ იმ შემთხვევებში, როდესაც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე ემუქრება.

7 ოქტომბრის შემდეგ საზამთროს გამოსახულებები კვლავ გახდა მთელ მსოფლიოში პალესტინელების მხარდასაჭერი საპროტესტო აქციების განუყოფელი ნაწილი და ღაზას სექტორის მაცხოვრებლების უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები