მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღო მონაწილეობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საშემოდგომო სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ცოტა ხნის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე და ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.
„ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა თუ რა არის ოკუპაცია. საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს. ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული. ასი ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადაადგილებული საკუთარი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია. ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას ამის მისაღწევად.
„მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. მსურს გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ გაცემულ დადებით რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშს და დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
„ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო. იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.