გამარჯვებული მომთვინიერებელი, ღორი და დამარცხებული რეჟისორი – საბჭოთა კინოს ისტორიიდან

1930-იან წლებში საბჭოთა კინომ, გოგოლის მიხედვით, ერთ-ერთი ხმოვანი ფილმის – „როგორ იჩხუბეს ივან ივანოვიჩმა და ივან ნიკიფორიჩმა“ – გადაღება გადაწყვიტა.

მიზანსცენა იყო ასეთი: ღორი შერბის დირექტორის კაბინეტში, მაგიდიდან იღებს ფურცელს, ჭამს და გამოდის შენობიდან.

რეჟისორი ძალიან რთულ ვითარებაში ჩავარდა – ერთი მხრივ, სცენა სჭირდება, მეორე მხრივ, ღორი ძაღლი ან ადამიანი არაა – დაავალო და გააკეთოს.

გაახსენდათ დუროვი, ცნობილი მომთვინიერებელი, პავლოვის სკოლის მიმდევარი და კაი კაცი.

შეხვდნენ, ილაპარაკეს და მწვრთნელმა მოითხოვა 700 მანეთი, 5 ღორი, 2 ყუთი “ენისელი” და 2 თვე. რეჟისორი ახტა-დახტა, რას მიქვია 700 მანეთიო, გოგოლის გულისთვის თავი უნდა გადადოო, გიჩივლებო და ა.შ. მაგრამ ვლადიმერ დუროვმა მე ერთადერთი ვარ ჩემს ამბავში და ფეხებსაც ვერ მომჭამო, დაიხურა ქუდი და წავიდა.

გამოეკიდა რეჟისორი და შეთანხმდნენ.

გავიდა 2 თვე, მოვიდა დუროვი ტელესტუდიაში და მოჰყავს ღორი ჯაჭვით, 1 ცალი.

დანარჩენები სადააო, ეკითხება რეჟისორი.

– შევჭამეთ.

– კონიაკი?

– დავლიეთ.

– წვრთნასთან რა შუაში იყო?

-არც არაფერში.

და ამ ღორმა რომ არ ივარგოსო, დაიგლიჯა ტანსაცმელი რეჟისორმა. ივარგებსო და ააწყვეს კამერები.

ალაგ-ალაგ დაასხა ვლადიმერმა ჟოლოს მურაბა იატაკზე დირექტორის კაბინეტამდე, წაუსვა ქაღალდსაც. ჩართეთ მოტორიო.

ჩართეს და გავარდა ღორი, ალოკა ყველაფერი, მიადგა მაგიდას, შეჭამა ქაღალდი, წამოვიდა უკან.

ასე მარტივადო? – გაფითრდა რეჟისორი. სულ ყალთაბანდი, ლოთი და ღორების გამანადგურებელი ეძახა დუროვს და ფულის გადახდაზე უარი თქვა.

კაიო, დაიხურა ისევ ქუდი მწვრთნელმა, ღორი მიაბა კამერასთან და წავიდა.

რეჟისორმა ჰკითხა გუნდს, ერთი დუბლი გვეყოფაო? მეეჭვებაო ოპერატორმაც, ხმის რეჟისორმაც, მხატვარმაც.

ადგა რეჟისორი, წაუსვა მურაბა იატაკზე, ქაღალდზე. გაუშვეს ღორი. გავარდა, მილეწა-მოლეწა იქაურობა.

დააბრუნეს დუროვი.

700 მანეთი მარცხენა ჯიბეში ჩამიდე, უთხრა დუროვმა, “ენისელის” ერთი ყუთი დაამატეთ.

– იქნება!” – რეჟისორი კუდამოძუებულია.

მისცეს ფული და 5 დუბლი გადაიღეს უპრობლემოდ.

 

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები