ორი მერი მორისის იდუმალი მკვლელობა – სერიული მკვლელი თუ „ქილერის“ შეცდომა?
ამერიკული კრიმინოლოგიის ისტორიაში არის მრავალი იდუმალი დანაშაული, რომელიც ჯერ კიდევ არ გახსნილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ორი ქალის მკვლელობაა, რომელსაც ერთი და იგივე სახელი ერქვა – მერი მორისი. ისინი დაიღუპნენ ერთი ქალაქის მიდამოებში, ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე დღეში. მეტიც, გარეგნულადაც კი ჰგავდნენ ერთმანეთს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი დამთხვევაა საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი იყოს.
პირველი მკვლელობა
2000 წლის 12 ოქტომბერს 48 წლის მერი ლუ მორისი ავტომობილში ჩაჯდა თავისი სახლის ეზოში, ჰიუსტონის შემოგარენში. ის სამსახურში მიდიოდა, ბანკში, მაგრამ ოფისამდე არ მისულა. მერის მეუღლე მთელი დღის განმავლობაში მასთან დაკავშირებას ცდილობდა. საღამოს 5 საათზე მან პოლიციაში დარეკა და ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.
ქალის ძებნა დიდხანს არ გაგრძელებულა. ღამე მისი სხეული სრულიად დამწვარ მანქანაში, ტყის გზაზე იპოვეს, სახლიდან სულ რამდენიმე კილომეტრში. ცხედარი იმდენად დამწვარი იყო, ექსპერტებს სტომატოლოგიური ბარათის გამოყენება მოუწიათ ვინაობის დასადასტურებლად.
ადგილის დათვალიერებამ აჩვენა, რომ მერი მორისი გაძარცული არ იყო. ძვირფასი ნივთები, გარდა საქორწინო ბეჭდისა, მას თან ჰქონდა. პოლიციამ ივარაუდა, რომ მკვლელმა ბეჭედი სუვენირად აიღო იმისთვის, რომ დამკვეთისთვის მისი მოკვლა დაედასტურებინა. ძალიან ბევრი ვერსია განიხილებოდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად რეალისტური მაინც ვერ მოიძებნა.
მის მორისს უბრალო და მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, ის ძალიან კეთილსინდისიერი და მოსიყვარულე მეუღლე და კარგი თანამშრომელი იყო. მეგობრები და კოლეგები ამტკიცებენ, რომ მერი კეთილი და ღია ადამიანი იყო, ყველას ეხმარებოდა და მტერიც არ ჰყავდა. ასე გავიდა სამი დღე, მაგრამ გამოძიება წინ მაინც ვერ წავიდა. ადამიანი, რომელსაც შეიძლება 48 წლის ქალი მკვლელობის მოტივი ჰქონოდა, ვერ იპოვეს.
მეორე მკვლელობა
შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც ნათელი მოჰფინა ამ დანაშაულს. პირველი მკვლელობიდან ოთხი დღის შემდეგ მეორე მკვლელობა მოხდა. მსხვერპლი მსგავსი სქემით მოკლეს, ავტომობილში დატოვეს და ძვირფასეულობა არ წაუღიათ. მსხვერპლს ასევე მერი მორისი ერქვა. ის, დაახლოებით, იმავე ასაკის იყო და გარეგნულადაც კი ჰგავდა პირველ მსხვერპლს.
ამ შემთხვევაში, ორი ეჭვმიტანილი გამოჩნდა. მეორე მერის მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. მეორე მერის მეუღლე ძალიან ცივად ექცეოდა ცოლს და ღალატობდა კიდეც მას, ხოლო კლინიკაში, სადაც მუშაობდა, მერის ერთი მტერი ჰყავდა – სანიტარი. მამაკაცი სამსახურიდან დაითხოვეს და ის ამაში დამნაშავედ სწორედ მერის თვლიდა.
ერთხელ ქალმა სამსახურის მაგიდაზე იპოვა წერილი, წარწერით – „მოკვდი“. ამის შემდეგ მან მეუღლეს სთხოვა, იარაღი ეყიდა და მისთვის სროლა ესწავლებინა. მეუღლემ ეს თხოვნა შეუსრულა, მაგრამ ქალი იარაღის ფლობამაც ვერ დაიცვა. მერი მორისის სიკვდილი გამოიყურებოდა როგორც თვითმკვლელობა, მაგრამ იმიტაცია ძალიან პრიმიტიული იყო.
დაკითხვაზე დაღუპულის მეუღლემ თქვა, რომ ცოლის სიკვდილის დროს ქალიშვილთან ერთად კინოში იმყოფებოდა. სხვა მოწმეები პოლიციამ ვერ იპოვა, ხოლო მამამ მათ შვილის დაკითხვის უფლება არ მისცა. უცნაურად მოეჩვენათ ის, რომ მამაკაცმა უარი განაცხადა სიცრუის დეტექტორზე შემოწმებაზე. ის პოლიციასთან მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით ურთიერთობდა და გამომწვევად იქცეოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი მეუღლის სიცოცხლე 700 ათასი დოლარით იყო დაზღვეული.
საბედისწერო შეცდომა?
მეორე მკვლელობამ გაცილებით რეალისტური ვერსია წარმოშვა. სავარაუდოდ, მეორე მერი მორისის მეუღლემ დაიქირავა „ქილერი“, მაგრამ ის მოუხერხებელი აღმოჩნდა. მკვლელმა თავიდან შეცდომით მოკლა სხვა მერი მორისი და მხოლოდ მეორე მცდელობისას შეასრულა დაკვეთა. ეს პირველი მსხვერპლის ხელიდან ბეჭდის გაუჩინარებას ხსნის.
ამ ვერსიას კიდევ ერთი ფაქტი ადასტურებს. პირველი მკვლელობიდან მომდევნო დღეს, ჰიუსტონის პოლიციის განყოფილებაში ანონიმური ზარი შემოვიდა. ზარის ავტორმა განაცხადა, რომ მერი მორისის მკვლელობა შეცდომა იყო და მაშინვე ყურმილი დაკიდა. ვინ დარეკა განყოფილებაში, დღემდე დაუდგენელია.
მიუხედავად რაღაც ეჭვებისა, რაც მეორე მკვლელობის შემდეგ გაჩნდა, ორივე შემთხვევა მაინც გაუხსნელი დარჩა. სამხილები ვინმესთვის ბრალის წასაყენებლად არასაკმარისი აღმოჩნდა.