„პარასკევის 13“ – საიდან იღებს სათავეს „დათარსული თარიღის“ ისტორია

13 რიცხვი, პარასკევი რომ თარსია, ამ ამბავს საინტერესო ისტორია აქვს და ის ფილიპე ლამაზს და ტამპლიერების ორდენს უკავშირდება.

საინტერესოა, რომ პირველი საკრედიტო და საბანკო ბარათი, როგორც ასეთი, მეთორმეტე საუკუნეში უკვე არსებობდა.

შარლ დე კოსტერის „აივენჰოში” არის ასეთი სცენა – ღატაკი ებრაელი ჩადის ინგლისში და უცებ მდიდრდება. მწერალს გაკვრით უწერია, რანაირად იშოვა დაძონძილმა კაცმა ფული ორ თვეში, მაგრამ თუ ამ ამბავს ღრმად ჩაჰყვები კაცი, საინტერესო რამეს აღმოაჩენ:

ცნობილია, რომ დიდი ფინანსური რესურსის გადატანა რისკი იყო. ყაჩაღები გზაზე… ყაჩაღები სახელმწიფო გადასახადების ამკრეფთა სახით… ბოლოს და ბოლოს, თუ ებრაელი იყავი, სულაც კონფისკაციას მოახდენდნენ შენი ქონების და გეყარა კაკალი.

თუმცა, ამ ხალხს ფულის შოვნის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ერთი ქვეყნის ბაზარი კი პატარაა ხოლმე მომძლავრებული კორპორაციისთვის, ამიტომ, ებრაეულმა (აშქენაზების) ნაწილმა მოიფიქრა ფინანსური ოპერაცია, რაც რისკებისგან იცავდა უცხო ქვეყანაში საქმიანობის წამოსაწყებად გადასულ ებრაელს.

მაგალითად, თუ შენ ცხოვრობდი საფრანგეთში და გინდოდა გაგეფართოებინა შალით ვაჭრობის საქმე ბრიტანეთში, მიდიოდი ცარიელ-ტარიელი ვინმე სოლომონთან, აარონთან ან აბდიასთან, მაგრამ მიგქონდა წერილი, თამასუქი, სადაც ეწერა, რომ ამ წერილის წარმომდგენს უნდა მისცეთ ამდენი და ამდენი. ზუსტად იგივე თანხას კი, საფრანგეთში უტოვებდი იმ სოლომონის, აარონის თუ აბდიას ნათესავებს.

ეს იყო ერთგვარი საბანკო გადარიცხვა დაზღვევით.

იმ დროს ძლიერმა ტამპლიერების ორდენმა ეს სქემა გაშიფრა. იდეურად მებრძოლი ეს მამაკაცები უკვე კაი ხნის გარყვნილები იყვნენ ფულის ვნებით, ამიტომ ამ ფინანსურ არხს „დაასხდნენ“ და უსაფრთხოების მიზნით, მოითხოვეს საკუთარი პროცენტი, თუ ვინმე ამ სქემის გარეშე გაბედავდა მოქმედებას, აოხრებდნენ და ფულს „აწერდნენ“.

სულ რაღაც 30 წელში ტამპლიერებმა იშოვეს იმდენი ფული, რომ სახელმწიფოებში სახელმწიფოებს აშენებდნენ. მათი ვალები ჰქონდათ მეფეებს, ეპისკოპოსებს – ყველას.

ისინი ნიშნავდნენ დაბალი რგოლის მოხელეებს და ასე შემდეგ.

მაგრამ, გამოჩნდა ერთი კაცი, ფილიპე მეოთხე (ლამაზი), ვისაც ფულის ხარჯვა უყვარდა, მაგრამ ვალებმა დაახრჩო.

გადმოცემით, მან დაიბარა ებრაული თემის მმართველები და მოსთხოვა „შემოწირულობა”. მრჩეველმა, ასევე ებრაელმა კაცმა, უთხრა, რას დასდევ ამ გროშებს, ბარემ საბადოს დაეპატრონეო და ასე დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელმაც ტამპლიერების ორდენი გაანადგურა.

პარასკევს, 13 ოქტომბერს, ერთდროულად, საფრანგეთში მცხოვრებ 150-ზე მეტ ტამპლიერს სახელმწიფო ჯარი დაადგა თავს. ისინი ერეტიკოსობაში დაადანაშაულეს და სიკვდილი მიუსაჯეს. რომის პაპმა ამ ამბავს სიამოვნებით მოაწერა ხელი, რადგან ვალები, რომელიც ორდენის მიმართ ჰქონდათ, ჩამოეწერათ.

ბოლო ტამპლიერი, ვინც დაწვეს, ჟაკ დე მოლი იყო. ლეგენდის თანახმად, მან ცეცხლმოკიდებულმა დაწყევლა მეფე ფილიპი და მისი დინასტიის დაქცევა იწინასწარმეტყველა.

ასე აგიხდეთ ყველაფერი.

ეს ამბავი რომ მახსენდება, ვფიქრობ, რომ ეპოქალური სული ერთნაირად გადაუვლის ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებს.

ცოტა ხნით ადრე, ჩვენმა დავითმა, ასევე მეოთხემ, იქნებ სწორედ ამ ფინანსური არხების ერთ ხელში მოქცევის გამო გააკეთა ის, რაც გააკეთა?

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები