მამუკა არეშიძე: არაფრით შეიძლება, რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, ეს არ უნდა დაუშვას მსოფლიომ

“თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება. ამიტომაც, არაფრით შეიძლება, რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, ეს არ უნდა დაუშვას მსოფლიომ”, – ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

არეშიძე ინტერვიუში ევროკავშირის წევრობის სტატუსის შესახებაც საუბრობს.

“სასიხარულოა, რომ ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა და საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ევროპას ჯერჯერობით არა აქვს ბოლომდე გადაწყვეტილი ევროკავშირის გაფართოების პროცესი რამდენად სწრაფად წარიმართება… თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც უშუალოდ წევრობის თაობაზე გადაწყვეტილება ახლო მომავალში არ იქნება მიღებული. ამის თაობაზე, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რის საფუძველსაც მაძლევს, ერთი მხრივ, საქართველოს თუ დანარჩენი ქვეყნების არასაკმარისი მომზადება და იმავდროულად, თავად განწყობები ევროკავშირში. მეც იმ აზრზე ვარ, რომ ევროკომისიის ანგარიში უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაყოფია. ჩემი აზრით, ეს არის კონიუნქტურული გადაწყვეტილება, რაც გეოპოლიტიკური ვითარებით არის განპირობებული. ვგულისხმობ იმ ვითარებას, რაც შექმნილია ევროპაში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად. გამარჯვება…

უნდა გაირკვეს ამ ომში გამარჯვებული და დამარცხებული და ამის შემდგომ დადგება უკრაინის და მასთან ერთად მოლდოვისა და საქართველოს გაწევრების საკითხიც. საინტერესოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, გარკვეულწილად იცვლება განწყობები, მე არ ვამბობ, რომ რუსეთს აგრესორად და მტრად არ მიიჩნევენ, მაგრამ თვითონ უკრაინის დახმარების თემა და ამით შექმნილი დისკომფორტი რიგით მოქალაქეებს უკვე გვარიანად აწუხებთ. ყველაფერთან ერთად მიდის საინფორმაციო ომიც და რიგ შემთხვევაში რუსული პროპაგანდა ახერხებს მოგებას. შესაბამისად, ევროპაში ჩნდება კითხვები უკრაინაში კორუფციის თუ სხვა საკითხების შესახებ. ეს არ შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ ომში რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია, რომ ეს იქნება ევროპისთვის უდიდესი საფრთხის შემქმნელი. მეჩვენება, რომ აი, ამ საფრთხეს დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ.

რაც შეეხება ევროკომისიის ახალ დათქმებს, პრობლემა უამრავია, მათ შორის მართვის სისტემებში. გარდა ამისა, ევროპული სამართლიანობის ის ხარისხი, რომლისკენაც ვილტვით, ჩვენთან კვლავ მიუღწეველია. ეს არის უპირველესად მისახედი. ამაზე გველაპარაკებიან ჩვენი პარტნიორები გამუდმებით. ხელისუფლება ვითომ ცდილობს რაღაცის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ სისტემა იგივე რჩება, მისი ცვლილების გარეშე კი წარმოუდგენელია ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ბაზა სამოქალაქო სამართლიანობაა. უამისოდ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გათავისებული ექნებათ ამის მნიშვნელობა. დღევანდელი ხელისუფლების დიდ ნაწილს უცხოეთში აქვს მიღებული განათლება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ცნობიერებაში კვლავ ფესვგადგმულია საბჭოთა გადმონაშთი პარადიგმები რასაც თავს ვერ აღწევენ… ახალ დათქმაში კარგად ჩანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რამდენად თავისუფალ გარემოში ჩაივლის წინასაარჩევნო კამპანია თუ უშუალოდ საარჩევნო დღე.

კირბალში რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და მთელ ქვეყანას. სამწუხაროდ, საქართველოს არა აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ამგვარი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი ანგარიშს არ უწევს საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს, უკრაინის მაგალითი ხომ ამას აჩვენებს. ეს ქვეყანა უამრავი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან არის გასული, ზოგიდან კი გარიცხეს. დღეს რუსეთის პოზიცია ორიენტირებულია არდათმობაზე ნებისმიერი მიმართულებით. კრემლში ფიქრობენ, რომ ნებისმიერი დათმობა სისუსტედ აღიქმება და ამიტომაც არ სურთ ამის დაშვება. მიუხედავად იმისა, რომ ისმის ყიჟინა ოპოზიციიდან, ხელისუფლება არასწორად იქცევაო, ფაქტია, ხელისუფლება ხელფეხშებორკილია… მაინც რა უნდა გააკეთოს? კი ბატონო, განცხადებები, საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენება, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებელია, მაგრამ ბოლო ხანს ხომ აჩვენა ზოგიერთმა ქვეყანამ, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცება მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი. სამხედრო-პოლიტიკური ძალით პრობლემების მოგვარება ჩვენ არ შეგვიძლია. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დღეს არ ჩანს, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება. ამიტომაც არაფრით შეიძლება რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, ეს არ უნდა დაუშვას მსოფლიომ. არ ვიცი, რატომ არ ახსენა ეს ტრაგედია პრემიერ-მინისტრმა “პარიზის მშვიდობის ფორუმზე”, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდნენ. ჩვენ გვჭირდება ყველა ტრიბუნის გამოყენება ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ. ეს შეიძლება არსებითად არაფერს ცვლის, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა. იმდენად რთული ვითარება გვაქვს ამ ოკუპირებული ტერიტორიების საქმეში, რომ ხელისუფლების გაკრიტიკება მარტივია, საქმის კეთება კი რთული… რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პარიზული ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფრონტაციაა. როცა ის თავის დროზე წამოაყენეს საპრეზიდენტო კანდიდატად, მხარი დავუჭირე, რადგან ვიცნობ დიდი ხანია, პატივს ვცემ და ის ჩემს ახლობლად მიმაჩნია, მოკლედ, მის მიმართ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს და ამიტომაც ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი… ველი, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდება ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, თუ არ ჩამოყალიბდა იმაზე, თუ რა უნდა, არ ვიცი, რა პერსპექტივა ელის. ჩემი ხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” ხმის მიმცემთა დიდი ნაწილი მაინც პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან შედგება. რაც შეეხება გახარიას 9%-ს, ეს არ მიკვირს, შესაძლოა საარჩევნოდ ოდნავ კიდევაც გაიზარდოს. მან სწორი ტაქტიკა აირჩია, არ ჩანს აქტიურად პოლიტიკურ ველზე, თუმცა მაინც სულ ახსენებს საზოგადოებას თავს, საუბრობენ მისი პარტიის წევრები. ამის შედეგად მის მიმართ საზოგადოების ნაწილში გარკვეული მოლოდინი არსებობს. “ლელოს” მხარდაჭერაც რეალური მგონია.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს სერიოზული შედეგის მიღების შესაძლებლობა. მაშინ როდესაც გამოწვევები ძალიან სერიოზულია, ხელისუფლებამ მოახერხა მნიშვნელოვანი რამ – სტაბილურობის განცდის მეტ-ნაკლებად გაჩენა. ამაში ვგულისხმობ შიდა სტაბილურობასაც და რეგიონულსაც. ეს იქნება საარჩევნოდ ხელისუფლების მთავარი გზავნილი. თუ ამას დაემატება სერიოზული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მაშინ კიდევ უფრო მყარი გახდება მისი პოზიცია. ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ გზების გაყვანას, ვგულისხმობ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიც არის პორტი, აეროდრომები, ანუ ე.წ შიდა დერეფნის გამტარობის გაზრდის საშუალებები. ეს პროექტები საქართველოს ფუნქციის მნიშვნელობას უფრო გაზრდის. ეს თუ გაკეთდა და ხალხმა ეს დაინახა, მერწმუნეთ, “ოცნება” მოახერხებს გამარჯვებას, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც აუცილებლად მოინდომებს ძველი ბალასტის მოშორებას და მაქსიმალურად ახლებური იმიჯის შექმნას. ეს ხელოვნურად მოხდება თუ ახალი პარტია სპონტანურად დაიბადება, არ ვიცი – უფრო “ოცნებასთან” ახლოს მყოფ ახალ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, რომელიც შეიძლება ისევ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაჩნდეს. მოკლედ, თუ მან ამის საჭიროება დაინახა, აუცილებლად შექმნის”, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები