ალექსანდრე ნიკურაძე – გერმანელთა საშუალებით, საქართველოს განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი
პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფიზიკოსი ალექსანდრე ილიას ძე ნიკურაძე დაიბადა სამტრედიაში, მრავალშვილიან ოჯახში. დედის, ელისაბედ გოგიას გარდაცვალების შემდეგ, მამა – ინჟინერი ილია ნიკურაძე ექვს შვილთან ერთად, მარტო დარჩა. მეორედ ნიფადორა გიორგაძეზე იქორწინა, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა… ქალბატონმა ნიფადორამ ცხრავე და–ძმას ღირსეული დედობა გაუწია. მათგან სამი შემდგომში ცნობილი პროფესორი გახდა: სილოვან ნიკურაძე – ქირურგი, ივანემ ჰიდრავლიკის დარგში მსოფლიოში მოიხვეჭა სახელი, ალექსანდრე ნიკურაძე კი დღემდე მყარი სხეულების ფიზიკის ერთ–ერთ ყველაზე სახელგანთქულ პროფესორად ითვლება.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1917 წ.), ალექსანდრე ნიკურაძე უფროს ძმასთან, ივანესთან ერთად ჩაირიცხა ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1919 წელს ძმები საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ სასწავლებლად გაგზავნა გერმანიაში. 1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ალექსანდრე სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მოგვიანებით გერმანიის მოქალაქეობა მიიღო.
ალექსანდრე ნიკურაძე, როგორც ფიზიკოსი, აქტიურად იყო ჩაბმული გამოყენებადი ფიზიკის სფეროში. იკვლევდა დიელექტრულ მასალებს, მუშაობდა იონთა და ელექტრონთა თეორიებზე. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, უკვე 1928 წლიდან მისი ნაშრომები იბეჭდება სამეცნიერო გამოცემებში – “ფიზიკა”, “ფიზიკური ქიმია”, “ელექტროტექნიკა”… 1930-იანი წლებიდან მუშაობდა მიუნხენისა და ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში პრივატ–დოცენტად, შემდეგ პროფესორად. 1934 წელს ბერლინში, გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი “თხევადი დიელექტრიკები”, რომლის რუსული თარგმანი 1936 წელს მოსკოვში გამოიცა. მიუნხენში ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტონებს).
გაცილებით შთამბეჭდავია მისი პოლიტიკური საქმიანობა და გეოპოლიტიკური ნააზრევი. იგი იყო დირექტორი კონტინენტალური ევროპის კვლევა–ძიების ინსტიტუტისა მიუნხენში, სადაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სერიოზული ანალიტიკური სამუშაო. ალექსანდრე ნიკურაძეს ლექციების წასაკითხად იწვევდნენ პარიზის, ვაშინგტონის, აახენის, ბერლინისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. ის იყო ქართულ–ევროპული ურთიერთობების ერთ–ერთი ყველაზე კომპეტენტური მკვლევარი. 1951 წლის სექტემბერში მან პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება “ზოგადი სურათები ქართულ–ევროპული წარსულიდან”, რომელშიც გამოთქმულია ორიგინალური იდეები. ასევე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა – ევროინტეგრაციისა და “ევროპოლოგიის”, როგორც სამეცნიერო ინტერდისციპლინარული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. 1952 წლის 22-24 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. კომპიენთან ალექსანდრე ნიკურაძის ინიციატივით “ლა ბრევიერის” სასახლეში შედგა ევროპელ მეცნიერთა კონგრესი, რომელმაც მიიღო მისი წინადადება მცნება–ტერმინის “ევროპოლოგიის” შემოღების შესახებ. ევროპოლოგია გულისხმობდა ევროპულ მეცნიერებათა დარგების თავმოყრას და ერთ სწავლებად ჩამოყალიბებას. ალექსანდრე ნიკურაძე მიწვეული იყო ოქსფორდში გამართულ მეცნიერთა მსოფლიო კონგრესზეც.
ალექსანდრე ნიკურაძე ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში (“ბედი ქართლისა” და სხვ.). 1956 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა მისი ნაშრომი “არგონავტების მითი”. მაღალი მეცნიერული დონით გამოირჩევა მისი ნაშრომები გერმანულ ენაზე საქართველოს ისტორიაში, არქეოლოგიაში, არქიტექტურასა და სხვა დარგებში.
ალექსანდრე ნიკურაძემ (Al. Sanders-ის ფსევდონიმით) გერმანულ ენაზე გამოსცა ხუთი წიგნი. მათ შორის აღსანიშნავია: “აღმოსავლეთ ევროპა”, “კავკასია”, “ოცნებითგან ვიდრე საქმემდე”, რომლებშიც მოცემულია ძალიან საინტერესო დებულებანი, როგორც ევროინტეგრაციის იდეისათვის, ასევე საქართველოს ისტორიისთვის. “კავკასია” 1942 წელს გამოიცა. მასში კავკასიის პოლიტოლოგიური მიმოხილვაა ეთნოგრაფიული და ისტორიული კუთხით… აქვე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქართველები ინდო–ევროპელი და გერმანელების მონათესავე ხალხია. ამ თეორიას გრიგოლ რობაქიძეს მიაწერენ, მაგრამ ფაქტია, რომ ალექსანდრე ნიკურაძის წიგნში – “კავკასია” ეს ყველაფერი წერია. მან მშვენივრად იცოდა, ტყუილს რომ წერდა, მაგრამ ამით იგი ამზადებდა ნიადაგს, რომ თუკი ჰიტლერი საქართველოში შემოვიდოდა, იგი ქართველებს ისე უნდა მოპყრობოდა, როგორც თავის ნათესავებს. წიგნის მიხედვით, გერმანელთა წინარექრისტიანული ღმერთის – ოდინის სამშობლო და სამოთხეც ამიერკავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში ლოკალიზდება…
ალექსანდრე ნიკურაძე იყო საქართველოსა და კავკასიის გერმანელთა საშუალებით განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი (კავკასიური კონფედერაცია საქართველოს წამყვანი როლით და გერმანიის პროტექტორატით). აქტიურად იყო ჩაბმული ქართული სათვისტომოს ღონისძიებებში და ახლო კავშირები ჰქონდა გერმანიის სოციალისტურ–ნაციონალისტურ პარტიასთან. მეგობრობდა ალფრედ როზენბერგთან, რომელიც მის რჩევებს ენდობოდა. გერმანულ პოლიტიკურ ელიტასთან კონტაქტების წყალობით, ალექსანდრე ნიკურაძემ არაერთი ქართველი გადაარჩინა ნაცისტების რისხვას, იგი აქტიურად იყო ჩართული ქართველ ემიგრანტთა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. ეხმარებოდა II მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილ ქართველებს.
ალექსანდრე ნიკურაძე ოჯახს გვიან მოეკიდა. ცოლად გერმანელი ქალი – ჰილდე ჰერპიხი შეირთო. მათ ერთადერთ შვილს, ელისო (ელიზაბეტ) ნიკურაძეს ქართული ესმოდა, მაგრამ ქართულად არ საუბრობდა.
მეცნიერი 80 წლის ასაკში ქ. მიუნხენში გარდაიცვალა.