ისტორია, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ – რატომ სცადა მოზარდმა ელისაბედ II-ის მოკვლა
თავდასხმა პოლიტიკოსებზე, სახელმწიფო მეთაურებზეც ან უბრალოდ ცნობილ ხალხზე სულაც არ არის იშვიათობა. ამბობენ, რომ, ამ მხრივ, აბსოლუტური ლიდერი ფიდელ კასტროა. კომენდანტეს, საერთო ჯამში, 637-ჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ ის საკუთარი სიკვდილით, თანაც თავისივე საწოლში გარდაიცვალა. რევოლუციონერთან და აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტის პირად მტერთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ვიღაცას სურვილი ჰქონდა მოეკლა დედოფალი ელისაბედ II.
დედოფალზე რამდენიმე თავდასხმა იყო ორგანიზებული. თუმცა, ყველაზე უცნაური შემთხვევა 1981 წელს მოხდა ახალ ზელანდიაში. დედოფლის სიკვდილი სურდა 17 წლის კრისტოფერ ლუისს. რატო არ მოსწონდა მას დიდი ბრიტანეთის დედოფალი, რომელიც არსებითად არც კი მართავდა ქვეყანას?
იმისთვის, რომ ვითარებაში გავერკვიოთ, მიზეზის ძებნა არა დედოფლიდან, არამედ ზუსტად იმ ახალგაზრდიდან უნდა დავიწყოთ. კრისტოფერ ლუისი ღარიბი ოჯახიდან იყო. მისი ლოთი მამა ოჯახში ნამდვილი ტირანი გახლდათ, გამუდმებით სცემდა თავის მეუღლესა და შვილებს. კრისტოფერი, რომელიც დაბადებიდან სახლში მხოლოდ ძალადობას ხედავდა, თავად ასეთი გაიზარდა.
სკოლის პერიოდში ბიჭი ცხოველებს აწვალებდა. ის დაუცველ არსებებს კლავდა, ამასთანავე, განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებდა მათი დანაწევრებითა და გამოფატვრით.
ბიჭის კერპი მკვლელი ჩარლს მენსონი იყო. მოზარდის საძინებელში ამ სექტანტის რამდენიმე პორტრეტიც ეკიდა. მაღალ კლასებში ლუისი ქუჩის ბანდის წევრი გახდა და უკვე მხოლოდ ცხოველებს აღარ აწვალებდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანაშაული, რომელიც კრისტოფერმა და მისმა მეგობრებმა ჩაიდინეს, ბანკის გაძარცვა და მძევლების აყვანა იყო.
მაშინ არასრულწლოვანი დამნაშავე მცირე სასჯელით გამოძვრა ვითარებიდან და ძალიან მალე გაათავისუფლეს. ამიტომ, როგორც ჩანს, კრისტოფერმა გაკვეთილი ვერ ისწავლა და ძალიან მალე თავისი ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი შეკრიბა. მან დაჯგუფებას „საბავშვო-ახალგაზრდული პარტიზანული ჯარი“ დაარქვა. ახალგაზრდები კრიმინალურმა რომანტიკამ მოიცვა. ლუისს სურდა, რომ მასზე ელაპარაკათ, რომ მისი სახელი გაზეთების პირველ გვერდზე ყოფილიყო. როდესაც ახალ ზელანდიაში დედოფლის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, რომ ეს მისი შანსი იყო. არასრულწლოვანმა ფსიქოპათმა გადაწყვიტა, სახელი დედოფლის მოკვლით გაეთქვა. ლუისმა თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო.
ელისაბედ II კრისტოფერის მშობლიურ ქალაქში 1981 წლის 14 ოქტომბერს ჩავიდა. პატარა პროვინციულ ქალაქში დედოფალს ადგილობრივი მუზეუმი უნდა ენახა და პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. ლუისი წვრილკალიბრიანი იარაღით აღიჭურვა და მუზეუმთან ახლოს, 7-სართულიან შენობაში ჩაუსაფრდა.
როდესაც დედოფალი მუზეუმთან მივიდა, ლუისი მას საპირფარეშოს ფანჯარაში ელოდა. სროლის ხმა მომენტში გაისმა, როდესაც დედოფალი თავისი „როლსროისიდან“ ხალხს ესალმებოდა. კრისტოფერმა ელისაბედს ტყვია ვერ მოახვედრა. სად წავიდა ის ტყვია, არავინ იცის. არსებობს ვარაუდი, რომ ბიჭმა ცაში გაისროლა. ამ ვერსიის თანახმად, ლუისს არა დედოფლის სიკვდილი, არამედ საკუთარი სახელის დედოფლის სახელის გვერდით მოხსენიება სურდა. თუმცა, თავად ახალგაზრდამ დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სურდა, მთელი მსოფლიოს ყურადღება ახალი ზელანდიის პრობლემებზე გადაეტანა.
ლუისის საუბარი არავის აღელვებდა. გამოძიებამ გადაწყვიტა, რომ მას დედოფლის მოკვლა უნდოდა და მხოლოდ იმიტომ არ გამოუვიდა, რომ სროლის გამოცდილება არ ჰქონდა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ მრავალი წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. ეს მხოლოდ 2018 წელს გახმაურდა და ისიც ნაწილობრივ.
შეუმდგარი მკვლელი მოულოდნელად ყველას შეეცოდა. მას ბრალდება მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვისთვის დასდეს. ყველამ, ვინც თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ის ხმა გასროლის ხმა არ იყო. ასე გადაურჩა ლუისი დიდხნიან პატიმრობას და ის ციხის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. იქ მამაკაცმა საიდანღაც დანა მოიპოვა და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა. საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
1995 წელს, როდესაც დედოფალი კვლავ ეწვია ახალ ზელანდიას, ლუისი დააკავეს და დროებით კუნძულ გრეი-ბარიეტზე გადაიყვანეს.