თურქმა სამართალდამცველებმა პალესტინელების მომხრეების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის ავიაბაზაზე შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ამის შესახებ DW წერს.
ასობით მომიტინგემ ბარიკადები გაარღვია, რა დროსაც შეტაკება მოხდა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
აქციის მონაწილეებმა ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაგმეს და მოითხოვეს, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი არ დაუჭიროს ისრაელს.
აქცია ორგანიზებული იყო ჰუმანიტარული დახმარების ფონდის (IHH) და თურქეთის ისლამური ორგანიზაციების მიერ.
ავიაბაზაზე შეჭრის მცდელობა თურქეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩასვლამდე იყო.
ცნობილია, რომ თურქეთი, რომელიც შეერთებულ შტატებთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, კატეგორიულად გმობს ისრაელის სამხედრო ქმედებებს ღაზას სექტორში.