კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.

გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატროშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები