ჰიტლერი, ნარკოტიკები და ომი – როგორ „დაეხმარა“ ნაცისტებს ამფეტამინი
საინტერესო წიგნი აქვს დაწერილი გერმანელ ავტორსა და მკვლევარს, ნორმან ოლერს. თემა ნარკოტიკი და ნაცისტური გერმანიაა.
ამ წიგნის მიხედვით, ირკვევა, რომ გერმანიის ეკონომიკური აღმასვლა ემთხვევა პერიოდს, როცა ქვეყანა (1925-1935) მორფის უმსხვილესი მწარმოებელი იყო და მისი წილი მსოფლიო ფარმაკოლოგიაში 40 %-ს შეადგენდა. მხოლოდ ბერლინში, წლიურად 200 ტონა კოკაინი და ოპიუმი იწარმოებოდა.
ჰიტლერის ნარკოდამოკიდებულება უცნობი არაა, მისი მხნე ხასიათის წამალი თეოდორ მორელის გამოწერილ წამლებში იმალებოდა, რაც მოგვიანებით ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, არადა ადოლფი სიგარეტსაც არ ეწეოდა, ბოლო კოლოფი, გაბრაზებულმა პირველი მსოფლიო ომის დროს მდინარეში გადააგდო, მეტიც, ის არ სვამდა ყავასაც კი, რათა დამოკიდებული არ ყოფილიყო კოფეინზე, არ იღებდა წამლებს ავადმყოფობის დროს და მაინც – მორელის დანიშნულმა ტაბლეტებმა ის ნარკოდამოკიდებული გახადა – ცნობილია, რომ ჰიტლერი შეკრულობით იტანჯებოდა და მორელის დანიშნულმა „უსაფრთხო საშუალებამ“ (რომელიც ჰეროინს შეიცავდა) ადოლფი მოარჩინა. მერეც, დაღლილობაზე, უხასიათობაზე ყოველთვის მორელის დანიშნულ წამლებს იღებდა.
იმ დროს, როცა ნაცისტური გერმანია ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა და ნარკომანიას ებრძოდა (ვითომ), 1937 წელს კომპანია Temmler-მა პერვეტინი დააპატენტა. ამფეტამინის შემცველობის ამ პრეპარატის პლაკატებს ნახავდით ყველგან – მეტროში, სკოლებთან, რადიოს გამოცხადებისას, კინოში.
ტემლერმა საკუთარი პროდუქტის PR სტრატეგია დაუკვეთა იმავე კომპანიას, ვინც მომსახურებას უწევდა Coca-Cola-სა და სხვა წამყვან მსოფლიო ბრენდებს. მალე პერვეტინის თითო აბი ყველა ექიმის კაბინეტში აღმოჩნდა „დასატესტად“.
1938 წლიდან აბებს აქტიურად სვამდნენ მუშები, სპორტსმენები და დამღლელი და სტრესულ გარემოში მცხოვრები ადამიანები. ამ პერიოდში, გერმანული ეკონომიკა ზენიტში აღმოჩნდა. 1939 წლიდან კი პერვეტინი ჯარის მომარაგებაში ჩაეშვა. სწორედ ამ პრეპარატის წყალობით, გერმანელი ჯარისკაცი ზეკაცივით გადადიოდა შეტევაზე. სამხედროებს აძლევდნენ დილა-საღამოს დოზას, რათა დაღლასთან ბრძოლა ადვილი გამხდარიყო.
პირველი შეტევები, როცა გუდერიანმა (სხვათა შორის, ტანკებს წინ მიუძღოდა მოტოციკლით, ისეთი აღგზნებული იყო) საფრანგეთი ლამის 10 დღეში აიღო, ის პერიოდია, როცა ამფეტამინს ორგანიზმი ეჩვევა, ჯერ დამოკიდებულება არაა, ეიფორია მეტია და ჯარისკაცები დაფრინავდნენ. ამის გამო უფრო ჩაისვარეს ფრანგებმა და არა იმიტომ, რომ ბრძოლა არ იციან, ან ჯარი არ ჰყავდათ. ვერ ხვდებოდნენ, რა არაადამიანური ენერგია ჰქონდათ გერმანელებს.
პერვეტინის ზემოქმედების შედეგად, ცნობილია შემთხვევები (საფრანგეთის იერიშის დროს), როცა სამხედრო ნაწილები 3 დღე-ღამის განმავლობაში პრაქტიკულად შეუჩერებლივ მიდიოდნენ. აღმოსავლეთის ფრონტზე კი, მწირი საკვების პირობებში, 800 კალორია საჭმლის მიღებით, უფრო მხნედ იბრძოდნენ, ვიდრე რუსების ჯარები.
ამფეტამინის ჭარბი დოზის „დამსახურება“ უფრო მგონია ის, რომ გერმანელი სამხედროები არც თუ ისე ხშირად აუპატიურებდნენ ქალებს/კაცებს, რადგან პერვეტინის ხშირი მიღება აქვეითებს ლიბიდოს, მადას.
1944 წლიდან პირველი სამხედრო გაწვევის ჯარისკაცები უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანები იყვნენ, მათი დღიური დოზა 7-8 აბიც კი იყო.
გერმანელი ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ წამლის დაგვიანებული მიწოდების შემთხვევისას, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს შორის ძალიან დიდი მღელვარება სუფევდა, ბრძოლისას კი მოკლულ სამხედროებს თანამებრძოლები ჯიბეებს უჩხრეკდნენ.
სწორედ ნარკოდამოკიდებულებამ და იმანაც, რომ ფიურერთან ერთად, ამფეტამინით გაბრუებულმა ერმა ჩათვალა, რომ ნახევარადამიანი რუსები, ბრიტანელები, ამერიკელები და სხვა ხალხები მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ, ფატალური შეცდომები დააშვებინა გერმანელებს სამხედრო თვალსაზრისით.
გერმანიამ ომის პირველი ნაწილი მოიგო ამფეტამინით და დამარცხდა ამფეტამინით. საინტერესოა, რომ ნარკოდამოკიდებულება სწორედ ასე მოქმედებს ადამიანზე. იწყება შინაგანი აღზევებით და მთავრდება შინაგანი დაცემით.
გურამ მეგრელიშვილი