ლუგელას ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.
ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.