ეგვიპტემ რაფაჰის საგუშაგო ღაზაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნა (ფოტო,ვიდეო)

ეგვიპტელმა მესაზღვრეებმა ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი იმ პირებისთვის გახსნეს, რომლებიც ღაზას სექტორს ტოვებენ. ისინი არიან, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

BBC წერს, რომ მანამდე ეგვიპტის მხრიდან ღაზასკენ​ საავადმყოფოებიდან მძიმე პაციენტების გამოსაყვანად სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა გაემართა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იქნება გახსნილი გადასასვლელი და რამდენი ადამიანის გაშვებას დათანხმდება ეგვიპტის ხელისუფლება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყატარის შუამავლობით მიღწეულ იქნა შეთანხმება საგუშაგოს დროებით გახსნაზე.

ჰამასმა იმ პირთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც სექტორის დატოვება შეეძლებოდა. ესენი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: “წითელი ჯვრის” თანამშრომლები, ავსტრალიის, ავსტრიის, იორდანიის და ინდონეზიის მოქალაქეები. მათ შორის აშშ-ს მოქალაქეები არ ირიცხებიან.

Al Arabiya-ს ცნობით, სულ 500 ადამიანი იქნება გაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები