მედელინ მაკკეინის გაუჩინარება – პოლიციამ გოგონას მშობლებს ბოდიში მოუხადა, 16-წლიანი გამოძიება გრძელდება
პორტუგალიის პოლიციამ მედელინ მაკკეინის მშობლებს, გამოძიების მეთოდების გამო, ბოდიში მოუხადა. პოლიცია ეჭვობდა, რომ ჯერი და ქეით მაკკეინები შვილის მკვლელობაში იყვნენ გარეული.
სამი წლის მედელინი მშობლებთან ერთად დასვენების დროს, 2007 წელს გაუჩინარდა. მშობლებმა გოგონა ნაქირავებ ბინაში დატოვეს თავად მეგობრებთან ერთად ბარში წავიდნენ. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნებულმა დედამ შვილი ვერ იპოვა.
გერმანიის ხელისუფლება ეჭვობს, რომ გოგონას გაუჩინარება და მკვლელობა 46 წლის გერმანიის მოქალაქემ, კრისტიან ბრიუკნერმა ჩაიდინა, რომელიც იმ დროს პორტუგალიაში იმყოფებოდა.
თუმცა, ჯერჯერობით მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თავად ბრიუნლერი კატეგორიულად უარყოფს ბრალეულობას გოგონას გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ბავშვის გაუჩინარებიდან 16 წელი გავიდა და დღემდე უცნობია, თუ რა მოხდა იმ ღამეს.
პორტუგალიის პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება თავიდანვე არ იყო ჩატარებული კარგად.
როგორც ცნობილი გახდა, პორტუგალიის პოლიციის მაღალჩინოსნები ლისაბონიდან ლონდონში ჩავიდნენ გაუჩინარებული გოგონას მამის, ჯერი მაკკეინის სანახავად და მისთვის ბოდიშის მოსახდელად. მაკკეინების ოჯახს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
გოგონას გაუჩინარებიდან ოთხი თვის შემდეგ პორტუგალიის პოლიციამ მშობლები ეჭვმიტანილების სახით დაკითხა ამ საქმესთან დაკავშირებით. მაშინ დეტექტივებმა ივარაუდეს, რომ მშობლებმა შესაძლოა შვილის გაუჩინარების ინსცენირება მოაწყვეს და მისი ცხედარი გადამალეს.
მადელინის დედამ, ქეითმა, განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას შესთავაზეს ბრალი ეღიარებინა და სასჯელი შეემსუბუქებინა. ეჭვმიტანილების სტატუსი წყვილს ფორმალურად 2008 წელს მოუხსნეს, მაგრამ ისინი ეჭვქვეშ კიდევ მრავალი წლის მანძილზე რჩებოდნენ.
უფროსი დეტექტივი გონსალო ამარალი, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა, გამოძიებიდან მოხსნეს. მან ეს ახსნა, როგორც პროფესიული რეპუტაციის დაცვის მცდელობა.
ამარალმა დაწერა წიგნი, რომელშიც მედელინის მშობლებს ადანაშაულებდა ბავშვის გაუჩინარებაში.
მაკკეინების ცილისწამების სარჩელი ყოფილი დეტექტივის წინააღმდეგ, მის წიგნში მოყვანილი ბრალდებების გამო, პორტუგალიის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. ქეითმა და ჯერიმ მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მაგრამ 2022 წლის სექტემბერში დამარცხდნენ.
წყვილი ასევე შეეჯახა უამრავ თავდასხმას ინტერნეტში, სადაც მათ ქალიშვილის მკვლელობასა და მის დაფარვაში ადანაშაულებდნენ.
გამომძიებლებმა მხარი დაუჭირეს გერმანიის პოლიციის ვერსიას, რომელიც თვლის, რომ მედელინ მაკკეინი გაიტაცა და მოკლა გერმანიის 46 წლის მოქალაქემ, კრისტიან ბრიუკნერმა. საქმის ერთ-ერთი გერმანელი პროკურორი, ჰანს კრისტიან ვოლტერსი მიესალმა პორტუგალიის პოლიციის ბოდიშს.
„ეს კარგი ნიშანია. ეს აჩვენებს, რომ მაკკეინის საქმე პორტუგალიაში ვითარდება“, – აღნიშნა პროკურორმა.
ვოლტერსის თქმით, მისი გუნდი იმედოვნებს, რომ ბრიუკნერზე ხუთწლიან გამოძიებას მომავალ წელს დაასრულებს.
1995 წლიდან 2007 წლამდე ეჭვმიტანილი რეგულარულად ატარებდა დროს პორტუგალიაში, სადაც, გერმანიის პოლიციის ცნობით, მუშაობდა მიმტანად, ქურდობდა სასტუმროებში და ყიდდა ნარკოტიკებს.
მანამდე გერმანელმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომ კრისტიან ბრიუკნერმა მოკლა მედელინი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო ეჭვმიტანილის დანაშაულის სასამართლოში დასამტკიცებლად.
2020 წლის ივნისში ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ ფორმალურად მედელინი კვლავ დაკარგულად ითვლება, რადგან მისი გარდაცვალების ფაქტი საბოლოოდ არ არის დადგენილი.