ხატია დეკანოიძე: სტატუსის მინიჭება არის ქვეყნის გაძლიერების საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი წავიდეს საქართველოდან
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ქვეყნის გაძლიერების საკითხი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი წავიდეს საქართველოდან.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პარტნიორებთან და მათ მოგვმართეს, მე და ხათუნა სამნიძე ვიყავით ერთად. ამიტომ, მე შემიძლია, ეს დავადასტურო და პირველ ყოვლისა მინდა, გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის რომელიმე, თუნდაც პარტიის შიდა საკითხი, ეს არის ქვეყნის გაძლიერების საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი წავიდეს საქართველოდან. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება და მე მესმის, რომ შეიძლება იყოს სხვადასხვა მოსაზრებები, მაშინ ეს უნდა ითქვას ღიად და საჯაროდ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.