როგორ გახდა აფრიკელი მეომარი სამურაი იასუკე
თითქმის, 500 წლის წინ აფრიკელი მეომარი ჩავიდა იაპონიაში და იქცა პირველ უცხოელად, რომელიც სამურაი გახდა. დიდი სიმაღლე, ფიზიკური ძალა, გამბედაობა და ერთგულება დაეხმარა ფერადკანიან უცნობს, შეერთებოდა სამხედრო ელიტას და ლეგენდად ქცეულიყო. როგორ მოხვდა ის ამომავალი მზის ქვეყანაში და რით გახდა ცნობილი?
სამწუხაროდ, უცნობია, ზუსტად რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა და რას აკეთებდა სამშობლოში. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ იასუკე მოზამბიკში დაიბადა, ზოგი წყაროს თანახმად კი, ნიგერიაში. თუმცა, ვიცით, რომ იაპონიაში ის იეზუიტ მისიონერ ალესანდრო ვალინიანოსთან ერთად 1579 წელს ჩავიდა.
ზოგი ამბობს, რომ ის მონა იყო, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ისტორიკოსები თვლიან, რომ იასუკეს მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია მისი ასეთი აღმავლობის ახსნა იაპონიის სამხედრო ელიტაში. აფრიკელის გარეგნობა გამორჩეული იყო. სამურაი მაცუდარა იეტადამ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა იხილა იასუკე, ასე აღწერა:
„მისი სიმაღლე იყო 188 სმ… ის შავი იყო, კანი კი ნახშირივით ჰქონდა“.
მე-16 საუკუნეში, როცა აღნიშნული მოვლენები განვითარდა, იაპონელი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 157 სმ იყო, ამიტომ უცხო ადამიანს გიგანტად აღიქვამდნენ. ჩამოსვლიდან მალევე, იასუკე შეხვდა ოდა ნობუნაგას კიოტოში. ის იყო მთავარი ფეოდალი, ერთ-ერთი პირველი სამი მეთაურიდან, ვინც იაპონიის გაერთიანებას ისახავდა მიზნად.
ნობუნაგაზე შთაბეჭდილება მოახდინა უცხოელი სტუმრის გამოჩენამ. პირველყოვლისა, ახლობლებს უბრძანა, სასწრაფოდ მოეშორებინათ სტუმრისთვის შავი საღებავი. როცა დარწმუნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ნობუნაგამ იასუკე თავის ციხესიმაგრეში მიიწვია.
სტუმარმა გააოცა მასპინძელი იაპონური ენის შესანიშნავი ცოდნითა და შორეული ქვეყნებისა: აფრიკის, არაბეთისა და ინდოეთის ხალხის შესახებ ისტორიებით. ფეოდალს ესიამოვნა ეს ყველაფერი და ძმისშვილს უბრძანა, გულუხვად დაეჯილდოვებინა უცნობი. მალე იასუკე კვლავ მიიწვიეს ნობუნაგასთან. ამრიგად, მათ შორის ძლიერი მეგობრობა დაიწყო.
თავად ოდა შორს იყო თავისი დროის ჩვეულებრივი ადამიანისგან. ის თანამემამულეებს ექსცენტრიკულ ადამიანად ეჩვენებოდათ, რადგან ხშირად ევროპული სამოსი ეცვა. საბრძოლო ხელოვნების მგზნებარე გულშემატკივარი ნობუნაგა დაინტერესებული იყო სხვა ქვეყნების სამხედრო საქმეებითა და იარაღით. ის ასევე მიისწრაფოდა შემეცნებისკენ, არასდროს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, უცხოელებისგან რაიმე ახალი ესწავლა.
მწერალი სერჟ ბილე, რომელმაც იასუკეს შესახებ რომანი დაწერა, ფერადკანიანი სამურაის ცხოვრების საუკეთესო მცოდნედ ითვლება. ის წერდა:
„იასკე სულით მეომარი იყო. მას ესმოდა იაპონიის კულტურული კოდექსი და უყვარდა ცეკვა. ნობუნაგა კი ხელოვნების მფარველი და კლასიკური იაპონური ხელოვნების მოყვარული იყო.“
მოკლედ, სხვადასხვა ერის ორმა პროგრესულმა წარმომადგენელმა ერთმანეთი იპოვა. ოდა ნობუნაგას შეუყვარდა შავგვრემანი მეომარი და მისი ოჯახის წევრად მიიჩნევდა. აფრიკელი იმ მცირერიცხოვანთა შორის იყო, ვინც ძლიერ მმართველთან ერთად სადილობდა.
წელიწადზე ნაკლები იყო გასული, როცა ნობუნაგამ იასუკე სამურაი გახადა. ეს გაუგონარი რამ გახლდათ – ასეთი პატივი ჯერ არცერთ უცხოელს არ მიეღო (მოგვიანებით, ეს ნორმად იქცა და ინგლისელები და ჰოლანდიელები სამურაები ხდებოდნენ). იასუკემ მონაწილეობა მიიღო მრავალ ბრძოლაში ოდასთან ერთად. მისი თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ აფრიკელს 10 ადამიანის ძალა ჰქონდა და მისთვის შიში არ არსებობდა.
იასუკე სიცოცხლის ბოლომდე ნობუნაგასთან იყო. 1582 წელს ოდას მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა თანამოაზრემ, აკეჩი მიცუჰიდემ უღალატა. მისმა მეომრებმა ალყა შემოარტყეს ნობუნაგას პალატებს და ცეცხლი წაუკიდეს. მათ ფეოდალის ცოცხლად დაჭერა სურდათ. მეგობრები ცეცხლში აღმოჩნდნენ. ნობუნაგამ ჰარაკირი გაიკეთა და თავის მეგობარს მიანდო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – თავის მოკვეთა.
გარდაცვალებამდე ოდა ნობუნაგამ იასუკეს სთხოვა, მისი შვილისთვის მამის თავი და ხმალი წაეღო. ასეთი დავალება უმაღლესი ნდობის გამოვლინება გახლდათ და ჩვეულებრივ, ამას ახლო ნათესავები ასრულებდნენ. ფერადკანიანმა სამურაიმ შეძლო დამწვარი პალატების დატოვება და მეგობრის უკანასკნელი სურვილიც შეასრულა. სამწუხაროდ, სწორედ აქ მთავრდება იასუკეს ისტორიაც. როგორ გაგრძელდა აფრიკელის სამურაის ცხოვრება, უცნობია.