სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, მდინარე ენგურზე, მოქალაქეები ხის კონსტრუქციის ნავიდან, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლინდნენ. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 14,3 კგ. კეფალის სახეობის თევზი”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.