საჩხერეში “მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

კონკურსის „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურების“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
ცერემონიალს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, მისი მოადგილე ოთარ ომიაძე, მუხრან მაჭავარიანის შვილი ნანა მაჭავარიანი, პოეტები, პროზაიკოსები,მსახიობები და საზოგადოების სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„კონკურსი უკვე მეხუთედ ტარდება და არ კარგავს აქტუალობას. კონკურსი გასცდა ქვეყნის ფარგლებს და გვყავს ემიგრანტი მონაწილეებიც. ჩემთვის ეს საპატიოა და თითოეულ მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა საჩხერის მერმა.

კონკურსში მონაწილეთაგან საუკეთესო ათეული და სამი საპრიზო ადგილის მფლობელი საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ია სულაბერიძე, იოსებ ჭუმბურიძე და ზურა თურმანიძე.
ათი საუკეთესო მინიატურის ავტორებმა, აუდიტორიას საკუთარი ნაშრომები წაუკითხეს. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ისინი დიპლომებითა და მათთვის დამზადებული საჩუქრებით დააჯილდოვა.
საპრიზო I ადგილი დაიკავა თემო ჭახნაკიამ მინიატურით „ნანატრი შვილი“, II საპრიზო ადგილი ერგო ნინო ქადაგიძეს მინიატურით „რა პატარა ხარ“, III საპრიზო ადგილი ალექსანდრე ნარსიამ მოიპოვა მინიატურით „აქ როცა ენგურს“. სამივე მათგანს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისგან გადაეცათ ფულადი ჯილდოები, დიპლომები და მათთვის საგანგებოდ დამზადებული საჩუქრები.
ორგანიზატორთა რჩეული გახდა ჟანა შუკაკიძე მინიატურით „დედ-მამა“, რომელსაც ასევე გადაეცა დიპლომი და საჩუქრები.
„თითოეული მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო გამარჯვებული, გაგვიჭირდა ამორჩევა“ – განაცხადა იოსებ ჭუმბურიძემ. ჟიურის შეფასებით კონკურსი დაარსების დღიდან დღემდე გაზრდილი და გაძლიერებულია.
აქვე გაიმართა ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ლექსიკოგრაფიულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
საუკეთესო ათეულის წევრმა ფიქრია ყუშიტაშვილმა, მამის ვალერიან ყუშიტაშვილის გადაღებული ფოტოები, ნანა მაჭავარიანს გადასცა. ვალერიან ყუშიტაშვილი გაზეთის კორესპოდენტი გახლდათ, რომელიც ხშირად ახლდა თან პოეტთა საზოგადოებას.
აღსანიშნავია, ისიც რომ, დღეს სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლასა და მუხრან მაჭავარიანის მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები