არჩილ თალაკვაძე – ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ჯამში ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს

„ბოლო ორ თვეში იყო მინიმუმ სამი საერთაშორისო შეფასება, სადაც საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული. ეს იყო, ბიუჯეტთან მიმართებით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ახლა ეს არის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. რამე კომენტარი გინახავთ ამ საკითხებზე ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ხმამაღლა აკრიტიკებენ თავის ქვეყანას? ჩუმად არიან, იმიტომ რომ, წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი მათ ბრალდებებთან – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ჯამში ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს, რეადმისის მიმართულებით მუშაობს, პოლიციის ატაშეები ათზე მეტ ქვეყანაში გაგზავნა, საქართველოს დოკუმენტები, ანუ პასპორტი უსაფრთხოებით უფრო მაღალი დონის არის და სწორად კონტროლდება, სამსახურები – საზღვარი, საბაჟო დღეს ბევრად უფრო ძლიერად და კომპეტენტურად მუშაობენ, ვიდრე წარსულში.

„შეხედეთ, როგორი მატყუარა და უაპასუხისმგებლო რადიკალური ოპოზიცია ჰყავს პარლამენტში საქართველოს. ხალხს არწმუნებდნენ მთელი წლის განმავლობაში, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის, ჩამოიშალა, ეკონომიკა განადგურდა, საქართველო დაშორდა ევროპას, ქვეყანა გაღარიბდა და ერთი კვირის წინ პარლამენტში მოვიდნენ, რიხიანად მსჯელობდნენ გაზრდილი ბიუჯეტი რაში უნდა დახარჯოს ქვეყანამ. მე, მათ დავუსვი კითხვა – თუ ყველაფერი უკან მიდის, ჩამოიქცა და განადგურდა, მაშინ, როგორ გჯერათ, როგორ ხსნით, რომ ბიუჯეტი გაიზარდა და მერე არ გრცხვენიათ, რომ მოდიხართ აქ და ბიუჯეტი რაში დავხარჯოთ მაგაზე მსჯელობთ? ხმა ვერ ამოიღეს, პასუხი არ მომისმენია, მაგრამ სახეზე ვუყურებდი მათ რეაქციებს. ახლა ამბობენ იგივეს, თითქოს საქართველო დაშორდა ევროპას, არ ასრულებს ევროპის მოთხოვნებს და აგერ, ევროპული ანგარიში გამოდის, სადაც ნათქვამია რომ საქართველო ჯამში ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს. რა წერია იქ და რას უკავშირდება ეს თემა, ძალიან მნიშვნელოვანი კავშირია ისევ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებთან. ამ ანგარიშში წერია, რომ რეადმისის მიმართულებით საქართველო კარგად მუშაობს, წერია რომ პოლიციის ატაშეები ათზე მეტ ქვეყანაში საქართველომ გამოგზავნა და კარგი თანამშრომლობა გვაქვს მათთანო, წერია, რომ საქართველოს დოკუმენტები, ანუ პასპორტი უსაფრთხოებით უფრო მაღალი დონის არისო და სწორად კონტროლდებაო და წერია, რომ სამსახურები – საზღვარი, საბაჟო მუშაობენ დღეს ბევრად უფრო ძლიერად და კომპეტენტურად ვიდრე წარსულში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები