400 სული ყმა საქართველოს ანექსიის წინაპირობების მომზადებისთვის – სერგეი ლაშქაროვის (ბიბილური) ისტორია
სერგეი ლაშქაროვი იყო ვახტანგ VI ამალის ერთ–ერთი წევრის – აზნაურ ლაშქარ (ლაზარე) გრიგოლის ძე ბიბილურის ვაჟი, რომელმაც მამის სახელის მიხედვით მიიღო გვარი ლაშქაროვი. ლაზარე ბიბილური პეტრე I-ის დროს დასახლდა მოსკოვში და ცოლად შეირთო რუსი მემამულის ქალიშვილი. სერგეიმ ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა უცხო ენებისადმი მიდრეკილება. მას ქართულ და რუსულ ენებთან ერთად კარგად სცოდნია ფრანგული, თურქული, იტალიური, არაბული, სპარსული, ძველი და ახალი ბერძნული, სომხური ენები.
1762 წელს ახალგაზრდა ლაშქაროვი გაამწესეს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში, აღმოსავლური ენების შესასწავლად. 1767 წელს მიავლინეს კონსტანტინოპოლში, რეზიდენტ ა. მ. ობრეზკოვთან, სადაც იყო რუსეთის არმიის მრჩეველი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. სერგეი ლაშქაროვი ასევე იყო პირველი კონსული დუნაის სამთავროებში. რუსეთ–თურქეთის პირველი ომის დროს იგი სტამბოლში დარჩა. წარმართავდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თურქეთის სულთანსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, მიუხედავად მასზე გამუდმებული თვალთვალისა, წარმატებით ახერხებდა მიმოწერას დატუსაღებულ რეზიდენტთან, რუსულ ფლოტთან ერთად არქიპელაგზე მყოფ გრაფ ორლოვთან და გრაფ რუმიანცევთან. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ლაშქაროვმა მოასწრო რუსი ვაჭრების საქმეების წარმატებით მოგვარება და გამოგონილი სახელებით, თურქეთის არეებიდან, უცხოური გემების მეშვეობით, მათი სამშობლოში გამომგზავრება. იმხანადვე მიაწოდა უმნიშვნელოვანესი საიდუმლო ცნობები თავად გოლიცინს პეტერბურგსა და ვენაში. მისიის სათავეში მყოფი ლაშქაროვი მხარს უჭერდა ამბოხებულებს ემპირსა და საბერძნეთში. მას არაერთხელ ემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, მაგრამ ყოველთვის იძვრენდა თავს მოხერხებულობის, თურქული ენისა და თურქების ხასიათის ცოდნის წყალობით. როდესაც თურქეთის სახელმწიფომ მისი იქ ყოფნა არასაჭიროდ ჩათვალა, ობრეზკოვის ოჯახთან ერთად 1771 წელს გამოემგზავრა რუსეთში და 1772 წელს დაინიშნა პეტერბურგში “სამი კოლეგიის მთარგმნელად”.
სერგეი ლაშქაროვი მონაწილეობდა ქუჩუკ–კაინარჯის (1774 წ.) და იასის (1791 წ.) საზავო მოლაპარაკებებში. უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ყირიმის სახანოს დაპყრობაში რუსეთის მიერ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან შეძლო ოსმალეთის ხელისუფლება დაეყოლიებინა რუსული გემებისათვის დარდანელის სრუტის გახსნაზე. 1776 წლის 14 ოქტომბერს პირველი რუსული ფრეგატი გავიდა დარდანელში და რუსული სამხედრო გემებისთვის დარდანელი XIX საუკუნის შუა ხანებამდე გახსნილი იყო. ამ წარმატებისათვის ეკატერინე II-მ ეკატერინბურგის გუბერნიაში მიწები და 100 სული ყმა უბოძა.
1779 წელს სერგეი ლაშქაროვი დაინიშნა კონსულად სინოპში, 1780 წელს – გენერალურ კონსულად მოლდავეთში, ვალახიასა და ბესარაბიაში. ქმედით მონაწილეობას იღებდა თურქეთთან მოლაპარაკებაში ვაჭრობისა და გადმოსახლებულების საკითხებში. წარმატებების მიღწევის შემდეგ იგი 1782 წელს დაინიშნა რეზიდენტად უკანასკნელ ყირიმელ ხან შაგინ–გირეისთან. მას წაყენებული ჰქონდა ამოცანა: შაგინ–გირეი უნდა გამოსულიყო თურქეთის მფარველობიდან, დაეტოვებინა ყირიმი და გადასახლებულიყო რუსეთში, რაც ყირიმს საბოლოოდ დაუქვემდებარებდა რუსეთს. ლაშქაროვმა სულ მალე მიაღწია ხანის კეთილგანწყობას. უკვე 1783 წელს ათხოვნინა მფარველობა ეკატერინე მეორისთვის და რუსეთში გადასახლების უფლება. ამ დიპლომატიური წარმატებისთვის იმპერატრიცამ ლაშქაროვს კანცლერ–მრჩევლის წოდება მიანიჭა და აჩუქა 400 ყმა ბელარუსში.
ლაშქაროვმა დიდი როლი ითამაშა რუსეთის მიერ საქართველოსა და კავკასიის დაპყრობაში. ამ საკითხებში იგი საიმპერატორო კარის მთავარი მრჩეველი იყო. 1786 წელს გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, თურქეთთან მოსალაპარაკებლად, აღმოსავლეთ და დასავლეთ სქართველოს უფლისწულების მიერ რუსეთისათვის მფარველობის თხოვნასთან დაკავშირებით. საქართველოს ანექსიის წინაპირობების შემზადებისათვის მან 1787 წლის 16 დეკემბერს მიიღო 400 სული ყმა პოლტავის გუბერნიაში, ხოლო 1788 წლის 22 ნოემბერს ებოძა მამული ყირიმში.
სერგეი ლაშქაროვი იასის საზავო მოლაპარაკებაში ცამეტივე კონფერენციაზე მონაწილეობდა, 1791 წლის 10 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე. მან მოაწერა ხელი მშვიდობიან ტრაქტატს. ამისთვის მიიღო “სტატსკი სოვეტნიკის” ჩინი და 565 სული ყმა მინსკის გუბერნიაში. ზავის დადების შემდეგ დაინიშნა საქმეთა კოლეგიის წევრად და აზიის საქმეთა გამგებლად, იმპერატრიცასათვის პირადი მომხსენებლის უფლებით. პოტიომკინის ჯარის მიერ თურქული ესკადრის განადგურების შემდეგ პეტერბურგში ჩამოუძღვა დატყვევებულ ოჩაკოვის ფაშას. 1792 წლიდან ოჩაკოვი გახდა რუსული ციხე–სიმაგრე.
განსაკუთრებული დამსახურებისათვის იმპერატორმა პავლე I-მა სერგეი ლაშქაროვი დანიშნა უცხოეთის საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის აზიური დეპარტამენტის წევრად და უბოძა მას მამული ლიტვის გუბერნიაში. 1799 წელს მიიღო საიდუმლო მრჩევლის ტიტული. 1800 წლიდან გრაფ როსტოპჩინის თანაშემწის რანგში ინტენსიურად მონაწილეობდა ქათლ–კახეთის სამეფოს გაუქმების მომზადებაში. 1807 წელს გაიგზავნა იასსა და ბუქარესტში მოლდოვეთისა და ვლახეთის მმართველად. ადგილობრივ კათოლიკურ მოსახლეობაზე ზრუნვისათვის მან რომის პაპის მადლობა დაიმსახურა.
რუსეთის იმპერიის წინაშე გაწეული უზარმაზარი ღვაწლისთვის დააჯილდოვეს წმ. ანას I და II ხარისხის, წმ. ვლადიმირისა და იოანე იერუსალიმელის ორდენებით.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბელარუსში, თავის მამულში გაატარა. გარდაიცვალა 1814 წელს ვიტებსკში.