რუსეთს ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმება სურს – კრემლი ცდებისთვის ემზადება?

რუსეთი ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმებას აპირებს. სახელმწიფო დუმა ამ საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად 10 დღის განმავლობაში განიხილავს. იმავდროულად, სიმბოლური „განკითხვის დღის საათი“, რომელიც ბირთვული აპოკალიფსის საშიშროების შესახებ გვაფრთხილებს, ახლა 23:58:30-ს აჩვენებს. 

ვლადიმერ პუტინმა რატიფიკაციის გაუქმება დუმას 5 ოქტომბერს შესთავაზა. იმის ალბათობა, რომ სახელმწიფო სათათბირო უარს იტყვის რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე, მცირეა და, შესაბამისად, თუ პუტინი არ გადაიფიქრებს, რატიფიკაცია დე ფაქტო გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს.

აღნიშნული ნაბიჯი არ ნიშნავს იმას, რომ კრემლი დაუყოვნებლივ დაიწყებს ბირთვულ ცდებს. 

Часы Судного дня» показали значение 1953 года
განკითხვის დღის საათი

„ჩვენ ვაუქმებთ რატიფიკაციას, ანუ ვაბალანსებთ ჩვენს სტატუსს ისე, როგორც ეს იყო შეერთებულ შტატებში მრავალი ათწლეულის განმავლობაში: მათ აქვთ წვდომა საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ყველა მონაცემზე, ისინი მონაწილეობენ სპეციალიზებულ ფორმატებში მიმდინარე სამუშაო პროცესებში. მათ ხელი მოაწერეს, მაგრამ არ მოახდინეს რატიფიცირება. იგივე მოხდება ჩვენთან“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას.

ხელშეკრულება ძალაში არ შევიდა, რადგან ბირთვული იარაღის მფლობელმა რამდენიმე საკვანძო ქვეყანამ, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, არ მოახდინა მისი რატიფიცირება. რამდენიმე სხვა სახელმწიფომ დოკუმენტს ხელიც კი არ მოაწერა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელმძღვანელობისა და კრემლის მომხრე პროპაგანდისტების რიტორიკა  საგულისხმოა იმ პირობებში, როდესაც ევროპაში ომი უკვე მიმდინარეობს და ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, მალე დაიწყოს.

სიმბოლური „განკითხვის დღის საათი“, როგორც აღინიშნა, ახლა შუაღამემდე 90 წამს გვიჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო ბირთვულ ომთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

Часы судного дня: что это, история создания

კონტრაქტი, რომელმაც არ გაამართლა

ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულება1996 წელს დაიდო. მას 186-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი და მათგან 178 რატიფიცირებულია.

ამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს ბირთვული შეიარაღების მქონე ჩრდილოეთ კორეამ, ინდოეთმა და პაკისტანმა. ეგვიპტეს, ისრაელს, ირანს, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. ამ ქვეყნების ხელმოწერისა და რატიფიცირების გარეშე ის ძალაში ვერ შევა.

1990 წელს საბჭოთა კავშირმა სახელმწიფოებს ბირთვული ტესტირების მორატორიუმი შესთავაზა. ეს მორატორიუმი  დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან იყო შეთანხმებული.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ბოლო ცდები ჩაატარეს დიდმა ბრიტანეთმა (1991 წელს), შეერთებულმა შტატებმა (1992 წელს), საფრანგეთმა და ჩინეთმა (1996 წელს). რუსეთს ბირთვული ცდები არ ჩაუტარებია.

თუმცა, როგორც გაეროს ვებგვერდზეა ნათქვამი, 1998-2016 წლებში ჩატარდა ათი ბირთვული ცდა: ორ-ორი ინდოეთის და პაკისტანის, ხოლო ექვსი ჩრდილოეთ კორეის მიერ. ეს ტესტები უკვე მორატორიუმის დარღვევად ითვლება.

ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე, 1963 წელს საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს კიდევ ერთ დოკუმენტს – ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღის გამოცდას ატმოსფეროში, კოსმოსში და წყალქვეშ. ეს შეთანხმება არ კრძალავდა მიწისქვეშა ტესტირებას, ანუ ის არ იყო ყოვლისმომცველი. შემდგომში მას შეუერთდა კიდევ 128 სახელმწიფო. მათგან 10-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მაგრამ არ მოახდინა მისი რატიფიცირება. ხელმომწერებს შორის არის ბირთვული იარაღის მქონე ორი ქვეყანა – საფრანგეთი და ჩრდილოეთ კორეა. აღნიშნული დოკუმენტი კვლავ ძალაშია.

ტექნიკურად, რუსეთს აქვს მიწისქვეშა ტესტების ჩატარების შესაძლებლობა. გაეროს თანახმად, მხოლოდ საფრანგეთმა დახურა და დაშალა ყველა ბირთვული იარაღის საცდელი ადგილი 1990-იან წლებში და გახდა ერთადერთი ატომური შეიარაღებული სახელმწიფო, რომელმაც ეს გააკეთა. თუმცა, ასეთი ტესტის პოლიტიკური შედეგების პროგნოზირება რთულია.

მსოფლიოში ატომური იარაღის გამოყენების შიში ძალიან დიდია, ცდების ჩატარება კი, სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია. ბირთვული ომი ყველას აშინებს და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში არასტაბილურობის ახალი კერები ჩნდება, ასეთი იარაღის გამოყენების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები