რატომ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა „ჰამასის“ შეტევა
ისრაელის სამხედრო და ჯაშუშური სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა, მაგრამ შაბათს დაზვერვის წარუმატებლობამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ყველაზე დიდი გარღვევა გამოიწვია.
The NYT-ის რეპორტიორებმა, რონენ ბერგმანმა და პატრიკ კინგსლიმ ინტერვიუ ჩამოართვეს ისრაელის უსაფრთხოების ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებს იმის გასაგებად, თუ რატომ ვერ შეძლო ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის წინასწარ განჭვრეტა და წინააღმდეგობის გაწევა. სტატია გამოქვეყნდა nytimes.com-ზე
ცოტა ხნით ადრე, სანამ ღაზას სექტორიდან თავდამსხმელები ისრაელში შევიდოდნენ, ისრაელის დაზვერვამ აღმოაჩინა აქტივობის ზრდა ღაზას სექტორში მის მიერ კონტროლირებად ზოგიერთ მებრძოლთა ქსელში. გააცნობიერეს, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ისრაელის უსაფრთხოების ორმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მათ გააფრთხილეს ებრაელი ჯარისკაცები, რომლებიც ღაზას სექტორის საზღვარს იცავდნენ.
თუმცა, გაფრთხილებამ უკვალოდ ჩაიარა ან იმიტომ, რომ ჯარისკაცებმა ვერ გაიგეს, ან იმიტომ, რომ ჯარისკაცებმა არ წაიკითხეს.
ცოტა ხნის შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელის არმიის მობილური ტელეფონების სადგურების და საზღვრის გასწვრივ არსებული სადამკვირვებლო კოშკების გასანადგურებლად თვითმფრინავები გაგზავნა, რითაც მორიგე ოფიცრებს საშუალება შეუზღუდეს, ტერიტორიისთვის დისტანციურად, ვიდეოკამერების გამოყენებით ედევნებინათ თვალყური. თვითმფრინავებმა ასევე გაანადგურეს დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევები, რომლებიც ისრაელს ჰქონდა დაყენებული მის სასაზღვრო ფორტიფიკაციებზე. ამით სახმელეთო თავდასხმასთან ბრძოლის ძირითადი საშუალება წაართვეს.
ამან „ჰამასის“ თავდამსხმელებს გადაადგილება გაუადვილა. მათ გასაოცარი სიმარტივით ააფეთქეს სასაზღვრო ღობის ნაწილები და ბულდოზერებით გაარღვიეს იგი რამდენიმე ადგილას, რამაც ასობით პალესტინელს საშუალება მისცა, გადასულიყო ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ისრაელის უშიშროების ოთხი მაღალი თანამდებობის პირის თქმით – რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს – ეს ოპერაციული წარუმატებლობა და სისუსტე ისრაელის უსაფრთხოების ლოგისტიკისა და დაზვერვის ხარვეზი იყო, რამაც გზა გაუხსნა „ჰამასს“ სამხრეთ ისრაელში შესაჭრელად.
თავდასხმის დროს ისრაელის 20-ზე მეტ ქალაქსა და არმიის ბაზებში შეღწევა ისრაელის თავდაცვის ყველაზე მძიმე გარღვევაა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეს ძირს უთხრის ერის უსაფრთხოების შეგრძნებას. რამდენიმე საათის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი სამხედროები უძლურნი იყვნენ, მოეგერიებინათ ბევრად უფრო სუსტი მტერი, რის გამოც სოფლები მთელი დღის განმავლობაში დაუცველად იყვნენ.
ოთხმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ თავდასხმის თავდაპირველი წარმატება განპირობებული იყო ისრაელის დაზვერვისა და სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების მრავალჯერადი წარუმატებლობით.
„ჩვენ მილიონებსა და მილიარდებს ვხარჯავთ „ჰამასის“ შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად. ერთი წამის შემდეგ კი ყველაფერი დომინოსავით დაეცა“, – თქვა იოელ გუზანსკიმ, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
პირველ წარუმატებლობას ადგილი ჰქონდა თავდასხმამდე ერთი თვით ადრე, რადგან ისრაელის უსაფრთხოების ლიდერებმა არასწორი ვარაუდები გამოთქვეს „ჰამასის“ საფრთხის შესახებ, რომელიც ისრაელს ღაზას სექტორიდან ემუქრებოდა.
როდესაც ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა გასულ კვირას უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს ქვეყნის თავდაცვისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეების შესახებ აცნობეს, მათ ყურადღება ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ლიბანელი მებრძოლებიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილეს.
„ჰამასის“ მიერ წამოყენებული გამოწვევა თითქმის არ იყო ნახსენები.
ორმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ისრაელის საზღვრის სამეთვალყურეო სისტემა თითქმის მთლიანად ეყრდნობა კამერებს, სენსორებსა და დისტანციური მართვის ავტომატებს.
ისრაელის სარდლობა ზედმეტად დარწმუნებული იყო სისტემის სანდოობაში. მათ სჯეროდათ, რომ დისტანციური მეთვალყურეობისა და იარაღის, მიწისზედა ბარიერებისა და მიწისქვეშა კედლის ერთობლიობა, რომელიც „ჰამასს“ გვირაბების გათხრაში უშლიდა ხელს, მტრის მასობრივი შეღწევის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ამის გამო კი, სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ჯარისკაცების განლაგების აუცილებლობა აღარ არსებობდა.
ისრაელ ზივი, გადამდგარი გენერალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეთაურობდა სახმელეთო ძალებს სამხრეთში და 2003 წლიდან 2005 წლამდე IDF-ის ოპერაციების ხელმძღვანელი გახლდათ, ახლახან რეზერვში გამოიძახეს.
„ფიზიკური ძალების შემცირება გონივრულად გამოიყურებოდა ღობის კონსტრუქციისა და მის შესახებ შექმნილი წარმოდგენის გამო, თითქოს, ის დაუმარცხებელი იყო; რომ მას ვერავინ გადალახავდა,“ – ამბობს გენერალი.
თუმცა, დისტანციური მართვის სისტემაც მოწყვლადია: მისი დისტანციურად განადგურებაც შესაძლებელია. „ჰამასმა“ ისარგებლა ამ სისუსტით და საჰაერო დრონები მობილური ტელეფონის ანძებზე თავდასასხმელად გაგზავნა.
ფიჭური სიგნალების გარეშე, სისტემა უსარგებლო იყო. ფრონტის ხაზის უკან, საკონტროლო ოთახებში განლაგებულმა ჯარისკაცებმა ვერ მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ღაზასა და ისრაელის გამყოფი ღობე გარღვეული იყო და რომ „ჰამასის“ თავდამსხმელები ბარიკადებს ბულდოზერებით ანგრევენ. უფრო მეტიც, ბარიერის გარღვევა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ისრაელის ოფიციალური პირები ელოდნენ.