რატომ იქცევიან ადამიანები დაუნდობლად ავტორიტეტის მორჩილებისას – მილგრემის ექსპერიმენტი
სტენლი მილგრემი – ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის ოქროს ფონდში შესული ექსპერიმენტების ავტორი.
სტენლი მილგრემმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული პროექტი განახორციელა. მათ შორის გამორჩეულია 1960-იანი წლების კვლევა, რომელიც მორჩილების ფენომენის შესწავლას ეხება. საკითხი ასე დაისვა: რა ფიზიკური ტანჯვის მიყენება შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს სხვა უდანაშაულო ადამიანისთვის, თუკი ამას მოსთხოვს გარკვეული ძალაუფლების მქონე პირი, ავტორიტეტული „უფროსი”?
ცდისპირს ეუბნებიან, რომ ის მონაწილეობს მეხსიერებისა და დასწავლის პროცესების შესწავლაში. ის „მასწავლებლის” როლს ასრულებს. „მოსწავლის” როლს კი ცრუ ცდისპირი ასრულებს. მას მაჯებზე ელექტროდებს უკეთებენ და სკამზე სარტყელებით ამაგრებენ. „მოსწავლეს” მიწოდებული სიტყვების წყების დამახსოვრება ევალება, პულტთან კი „მასწავლებელი” – ანუ ნამდვილი ცდისპირი – ზის და „მოსწავლის” პასუხებს აღნუსხავს. მცდარი პასუხების შემთხვევაში, „მასწავლებელი” პულტის სათანადო ღილაკზე დაჭერით, ელექტროდენის დარტყმით სჯის „მოსწავლეს”. თანაც, „მასწავლებელს” სახელური აქვს, რომლითაც დენის ძაბვას 15-დან 450 ვოლტამდე ცვლის. სინამდვილეში, დენი მხოლოდ სახელურზე მიერთებულ ვოლტმეტრამდე მიდის და არა „მოსწავლემდე” , რომელიც მსახიობობს და დენის ძაბვის მომატებისას ვითომ მომატებულ ტკივილს გამოხატავს. ცდის ხელმძღვანელი, ავტორიტეტული პროფესორი, ცდისპირს ანუ „მასწავლებელს” დროდადრო ძაბვის მომატებას ავალებს (ვითომ დამახსოვრების შესასწავლად). მთავარი ის არის, იტყვის თუ არა ცდისპირი უარს ექსპერიმენტის გაგრძელებაზე და როდის გააკეთებს ამას.
ამ ძირითადი ექსპერიმენტის დაწყებამდე მილგრემმა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ როგორ მოიქცევიან ისინი აღწერილ ექსპერიმენტულ სიტუაციაში. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა ადამიანების უდიდესი ნაწილიც, „მოსწავლის” მიერ ტკივილის განცდის შემთხვევაში ექსპერიმენტის გაგრძელებაზე უარს იტყოდნენ, ხოლო 450 ვოლტით დასჯის გამოყენებაზე, მათი აზრით, მხოლოდ პათოლოგიური ფსიქიკის მქონე თუ დათანხმდებოდა.
თუმცა, ექსპერიმენტის შედეგებმა საწინააღმდეგო გამოავლინა: ცდისპირთა („მასწავლებელთა”) 2/3-ზე მეტმა, მიუხედავად იმისა, რომ „მოსწავლისთვის” მტანჯველი ტკივილი უნდა მიეყენებინათ, ექსპერიმენტში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი არ თქვა და, პროფესორის მოთხოვნით, მაქსიამლური „დასჯა” გამოიყენა. ექსპერიმენტი მრავალჯერ იქნა გამეორებული და გადამოწმებული სხვადასხვა პირობებში (ცვალებადობდა მონაწილეთა გენდერული შემადგენლობა, ექსპერიმენტატორის ზემოქმედების სიძლიერე, ცრუ ცდისპირის, „მოსწავლის” ქცევა). მომდევნო გამოკვლევებმა მსგავსი შედეგი სხვადასხვა ეთნოკულტურის წარმომადგენლებშიც დაადასტურა. ამ გამოკვლევამ აჩვენა ნორმალური ზრდასრული ადამიანების უაღრესად ძლიერ გამოხატული მზაობა, წავიდნენ მაქსიმალურად შორს ავტორიტეტის მითითების შესაბამისად.
როგორ უნდა აიხსნას ეს ყოველივე? მილგრემის აზრით, ცდისპირების უმრავლესობა ექსპერიმენტულ ვითარებას „ზნეობრივი არჩევანის სიტუაციად” არ აღიქვამს. ისინი მინდობილნი არიან რა ავტორიტეტს (ექსპერიმენტატორ პროფესორს), ეს ადამიანები ავტორიტეტის „აგენტის”, ანუ დეპერსონალიზებული, პასუხისმგებლობამოხსნილი წარმომადგენლის როლს ასრულებენ და გამოხატავენ კონფორმისტულ აგრესიას,
ამ კვლევებმა ძლიერი რეზონანსი გამოიწვია სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოებაში და ბიძგი მისცა ფსიქოლოგიური კვლევების ეთიკური ასპექტების საკითხის განხილვას.
მილგრემის სხვა საინტერესო ექსპერიმენტები სხვადასხვა ჯგუფურ მოვლენებსა და ინსტრუმენტულ აგრესიას იკვლევდა.
მაშასადამე, მამაკაცების არანაკლებ 70% ემორჩილებოდა ავტორიტეტული პროფესორის მითითებებს და (როგორც თვითონ ეგონა), ელექტროდარტყმებით დაუნდობლად სჯიდა „მსხვერპლს” – ცრუ ცდისპირს, რომელიც გმინავდა და შებრალებას ითხოვდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მამაკაცების დიდ უმრავლესობას ეტყობოდა, რომ არ სურდა ეს სასტიკი ქმედება და სინდისი ქენჯნიდა – როდესაც რამდენიმე ცრუ ცდისპირმა ხმამაღლა დაგმო „უზნეო ექსპერიმენტი” და უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, ნამდვილ ცდისპირთა 90 %-მაც მაშინვე მათ მიბაძა და შეწყვიტა ელექტროდარტყმები, რითაც აშკარა შვება იგრძნეს (თუმცა, ყველა ასე არ მოქცეულა – 10 % საკუთრივ აგრესიის მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებდა).
ფრიად საინტერესოა, რომ ადამიანის ქცევას, ავტორიტეტული ხელმძღვანელის ბრძანებებით, ჰგავს ადამიანის ქცევა ბრბოში. ადამიანთა დიდი უმრავლესობისთვის ხალხის მასაც ავტორიტეტია. ორივე შემთხვევაში ხდება პასუხისმგებლობის „გადაბარება” სხვაზე, ანუ ზნეობის მუხრუჭების შესუსტება. თანაც, ადამიანს არ რცხვენია – პირიქით, მას მაშინ შერცხვებოდა, თუკი „ავტორიტეტის“ საწინააღმდეგოდ მოიქცეოდა.