თორნიკე შარაშენიძე: ცოტა კომიკურია, როცა თბილისიდან 40 კილომეტრში ტანკები დგას, ოჩამჩირეში გემების განლაგების ვინმეს მეტად შეეშინდეს
“როდის დასრულდება ამ ბაზის მოწყობა, არ ვიცით, ორი წელი მაინც უნდა, სრულფასოვან ბაზად რომ იქცეს”,- ასე პასუხობს ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე კითხვას – “რას ნიშნავს ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის სევასტოპოლიდან გადმოტანა”.
როგორც შარაშენიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს, რუსეთს თბილისზე დარტყმა თუ უნდა, ოჩამჩირიდან კი არა, ცხინვალიდან წამოვა.
“როდის დასრულდება ამ ბაზის მოწყობა, არ ვიცით, ორი წელი მაინც უნდა, სრულფასოვან ბაზად რომ იქცეს. საქართველოში გავრცელდა გიჟური ვერსია, რომ სევასტოპოლის ბაზა სრულად უნდა გადმოიტანონ, მაგრამ სრულად გადმოტანა როგორ მოხერხდება, როცა ფიზიკურად ვერ დაეტევა? ამის საშუალება რომ ყოფილიყო, აქამდეც ნახევარს სევასტოპოლში დატოვებდა და ნახევარს აქ გადმოიტანდა. რაც შეეხება იმას, თუ ჩვენთვის რას ცვლის, ცოტა კომიკურია, როცა თბილისიდან 40 კილომეტრში მათი ტანკები დგას, ოჩამჩირეში გემების განლაგების ვინმეს მეტად შეეშინდეს. რუსეთს თბილისზე დარტყმა თუ უნდა, ოჩამჩირიდან კი არა, ცხინვალიდან წამოვა. ამიტომაც ჩვენთვის ბევრი არაფერი არ იცვლება.
რეალობას რომ შევხედოთ, ამით რა იცვლება? სევასტოპოლში თუ ჰყავს პირობითად 15 საბრძოლო ხომალდი, ამის მერე სევასტოპოლში ეყოლება, ვთქვათ, 8 და ოჩამჩირეში – 7. გასაგებია, რომ ამით უფრო მანევრირებადი ხდება, მაგრამ განსაკუთრებული ამაში არაფერია. შავ ზღვაში ნატოს ძლიერი წევრი თურქეთია, ის რუსეთთან მშვენივრად თანამშრომლობს. ასე რომ, თურქეთს დიდად არ ადარდებს, რუსეთს გემები სევასტოპოლში ეყოლება თუ ოჩამჩირეში. ამაში მთელი ამბავი ის არის, რომ აფხაზებს რაღაცას უმტკიცებენ და მეორე, ერთ პორტს ორი სჯობს – ეს არის და ეს. მეორე საკითხია, თუ უკრაინაში დამარცხდება რუსეთი, გინდ ერთი პორტი ჰქონია, გინდ ორი, გასვლა მაინც მოუწევს. ყველაფერი იდეალურად თუ წავიდა, ეს პორტი დარჩება უკრაინას, მეორე კი ჩვენ. ამაშია საქმე, ყველაფერი უკრაინაში ომამდე დადის.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, – “ითქვა, რომ ანაკლიის პორტს შეუშლის ხელს, რადგან საფრთხე იზრდება და ინვესტორები მოერიდებიან იქ ფულის ჩადებას. ამას არ თვლით საფრთხედ?”,- აფხაზეთში აქამდე არ იყო რუსეთი? ანაკლიის პორტით ჩინელი ინვესტორების გარდა, არავინაა დაინტერესებული. ჩინელებს ოჩამჩირეში რუსული პორტის არსებობა რომ ადარდებდეთ, მეეჭვება. სიმართლე გითხრათ, ამაზე აქ ატეხილი პანიკა იმას მაგონებს, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა “მისტრალები” რომ იყიდა და აქ პანიკა ატეხეს, ჩვენ დაგვარტყამსო. რად უნდა “მისტრალით” დარტყმა, როცა 40 კილომეტრში სამხედრო ბაზა უდგას, თან “მისტრალი” შავ ზღვაში ვერ შემოვიდოდა, რადგან მონტროს კონვენცია არეგულირებს ამ საკითხს”, – განაცხადა შარაშენიძემ.