აფხაზეთში ქართულ სახელმძღვანელოებს ანადგურებენ
გალის რაიონის ქვედაზონის სოფლის მოსწავლეები შესაძლოა ქართულენოვანი სკოლების გარეშე დარჩნენ.
როგორც სოფელ გაგიდაში მცხოვრებლებმა განაცხადეს, რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები სოფელში არსებულ სკოლაში შეიჭრნენ და ქართული ენის სახელმძღვანელოები გაანადგურეს.
„გასული კვირის ბოლოს სკოლის სამასწავლებლოში რამდენიმე რუსი სამხედრო შევარდა და ქართული ენის სახელმძღვანელოები მასწავლებლებლების თვალწინ გაანადგურა. მომხდარის გამო ქვედა ზონის ქართულენოვან სოფლებში სრული პანიკაა, თითოეული მათგანი ელოდება, რომ იგივე მათთანაც განმეორდება. ოტობაიაში ამბობენ, რომ ამის გამო აქციებს მოვაწყობთო, მაგრამ ვის უნდა მოვუწყოთ აქციები? მოსახლეობაში დაბნეულობაა და რა გავაკეთოთ, არ ვიცით. ამიტომ აფხაზეთის და საქართველოს განათლების სამინისტროს ვთხოვთ, რომ როგორმე დაგვეხმაროს. მათი მიზანია, რომ ყველა ქართულენოვან სკოლაში სწავლება რუსულად დაიწყონ. ამის განსახორციელებლად კი მცდელობები რამდენიმე წლის წინ, მაშინ დაიწყეს, როდესაც, სკოლებში აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები რუსულ ენაზე შემოიტანეს, თუმცა იმის გამო, რომ ბავშვებმა ენა არ იციან, მასწავლებლები მასალას წინასწარ თარგმნიდნენ და ბავშვებს ქართულად უხსნიდნენ. თუმცა რა იქნება ახლა, არავინ იცის,” – განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას სოფელ გაგიდას მკვიდრმა ნელი როგავამ.
შეშინებულები არიან სხვა სოფლის მცხოვრებლებიც.
„დღეს ყველაფერი იკითკენ მიდის, რომ ან აქაურობა უნდა დავტოვოთ ან რუსებს ფეხები დავუკოცნოთ. სიტუაცია ამაზე ბევრად უარესი ხაჯიმბას ინაუგურაციის შემდეგ იქნება, რა კანონებს და შეზღუდვებს აამოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ, არავინ იცის,” – განაცხადა სოფელ ოტობაიაში მცხოვრებმა ირმა სალიამ.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.
„აღნიშნული ფაქტის შესახებ თქვენგან გავიგე, არაფერი არ მსმენია, თუმცა აუცილებლად დავინტერესდები და ვეცდები დეტალურად გავარკვიო რა ხდება. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შესააბამება, ეს საშინელებაა, ამას სხვა შეფასება არ სჭირდება. ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ, საქმეში ჩავრთავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამისს უწყებებსაც”, – განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმა ჯაიანმა.
ინფორმაციისთვის, აფხაზეთში სულ 163 სკოლაა, მათ შორის 41 ქალაქისაა, 122 – სოფლის. სკოლებიდან 63 აფხაზურია, 51 რუსული, 39 სომხური, 9 აფხაზურ-რუსული და 1 რუსულ-აფხაზური. ამ ჩამონათვალში ქართული სკოლები მითითებული არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის სკოლებში სულ 25 840 მოსწავლე სწავლობს და პედაგოგების რაოდენობა 3369-მდეა, რომელთაგან 436 პედაგოგის ადგილი ვაკანტურია. აფხაზეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით კი, გალის რაიონის ტერიტორიაზე ოფიციალურად 30 ქართული სკოლაა. აქედან 28 საშუალოა, 2 სკოლას აფხაზეთის საჯარო სკოლის სტატუსი აქვს. ასეთია მე-13 და მე-16 საჯარო სკოლები ოტობაიასა და თაგილონში. პედაგოგები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2001 წლიდან ფინანსდებიან”, – წერს გაზეთი „რეზონანსი“.