„ლესბოსელი, ბისექსუალი და ქალის ტყავში გადაცმული კაცი“ – როგორ ახასიათებდნენ კრიტიკოსები ცნობილ მწერალს

ავრორა დუპენი პარიზში გადაცხოვრების შემდეგ კაცის სამოსში გამოწყობილი დადიოდა, რადგან ასე უფრო იაფად გამოდიოდა და თანაც, 1 ფრანკად ისეთ კაფეშიც ისაუზმებდი ასე, სადაც “ნორმალური ქალი” შესვლას არ იკადრებდა.

ამ ერთი ფრანკის შოვნისთვის, ავრორამ თარგმნა და ტექსტების რედაქტირება დაიწყო, შემდეგ კი “თავისიც შემოეწერა” და როდესაც წიგნის გამოცემა გადაწყვიტა, უცნაურ წინააღმდეგობას წააწყდა ქმრის დედინაცვლისგან: “დუდევანტის გვარი არ დაეწერება წიგნზე, ეს სირცხვილია!”

ასე იქცა ავრორა დუპენ (დუდევანტი) ჟორჟ სანდად და ლიტერატურაში ახალი სახელი დაიბადა.

ავრორას გვარი ჰერცოგების შთამომავალი იყო. განსხვავებით ონორე დე ბალზაკისგან, ვინც ეს “დე” თავად მიაწერა გლეხურ გვარს, დუპენების ფესვები სამეფო კარამდე მიდიოდა.

მამამისი, მორისი დედის კმაყოფაზე ცხოვრობდა და მისი სიკვდილის შემდეგ, ბებია ხშირად ატირებდა რძალსა და შვილიშვილს, რადგან ამადლიდა თავსაც და ლუკმა პურსაც, რომლისთვისაც ავრორას დედა ტანსაცმლის საიდუმლოდ მკერავობით ირჩენდა თავს.

18 წლის ავრორასთვის გათხოვება თავისუფლების მოპოვების მცდელობა იყო, მაგრამ მამის აჩრდილს სად გაექცევი ადამიანი და ქმარიც კაი “დედიკოს ბიჭი” შეხვდა.

1832 წელს, სანდის პირველი რომანი გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ჟორჟს ლესბოსელი, ბისექსუალი და ქალის ტყავში გადაცმული კაცი უწოდა კრიტიკამ. “ცივსისხლიანი მწერალი”, “სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალი”, “დედა, რომელმაც დედური ინსტინქტი მოკლა და პატარა ბიჭებს ამიტომ დასდევს!” – რას არ ეძახდნენ სანდს, რომელსაც ინტრიგები ქმრის პარალელურად მუდმივად ჰქონდა, მაგრამ მისი პირველი ნამდვილი სიყვარული ადვოკატ აურელიანო სეჟეს მიმართ სუფთად პლატონური იყო… ამაღელვებელი წერილები და პარტნიორის მუდმივი ზეწოლა – “სექსი, სექსი, სექსი”, რასაც გათხოვილი ავრორა არაფრით თანხმდებოდა.

ეს კავშირი ვერ შედგა, რის შემდეგაც ჟორჟ სანდში რაღაც განადგურდა და ქალმა საყვარელი გაიჩინა, 7 წლის ასაკით უმცროსი სანდო. სუსტი, მგრძნობიარე ბიჭი.

შემდეგ იყო პროსპერ მერიმე, სექსუალური ექსპერიმენტები (მერიმეს თქმით, სანდი ფრიგიდული იყო) და მიშელ დე ბურჟე, ნამდვილი მახინჯი, ვინც მომენტალურად დაიმორჩილა ქალი, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად.

პოეტი ალფრედ დე მიუსე მომდევნო გახლდათ. კაცი ქალივით ლამაზი იყო, 6 წლით პატარა სანდზე, სარკასტული, მაგრამ მყიფე და მსხვრევადი, ვინც საყვარლის ხელში “ხელახლა იშვა”. მის ჩანაწერებში ავრორა ნამდვილი ქალია, ჯადოქარი, არისტოკრატი და თან უაღრესად გარყვნილი ყველაზე ინტიმურ მომენტებში. ჯიუტი და პრინციპული.

მიუსემ დიდხანს ვერ გაუძლო სანდს. მისი ყველა კომპლექსი დანა დადებული ჩირქიანი იარასავით ამოირწყა. სანდი ქმარს გაშორდა და თავისუფალი ქალის “დატევა” “ბიჭს” აღარ შეეძლო.

სანდზე ამბობდნენ, რომ მასთან სიახლოვე ინიციაციას ჰგავდა და კაცებს თავგზას ურევდა ამ თავისი ენერგეტიკული დომინაციით, თანასწორი სულითა და სხეულით.

ამის მიუხედავად, სანამ სანდი კაცთან იყო, ის მუდმივად ზრუნავდა პარტნიორზე. მუშაობდა თავაუწევლად, რომ “კაცი” კომფორტში ჰყოლოდა, ეზრუნა მასზე და ცივი ნიავი არ მიეკარებინა.

მიუსე მუდმივად ადანაშაულებდა ჟორჟ სანდს, რომ ის საწოლში მონაზონად იქცა, მონაზონად, რომელიც მის შემოქმედებით სულს იპარავს, თავად წერს და კაცი კი ვეღარ. ეს ჰალუცინაციების დასაწყისი იყო და მალე მიუსე მძიმედ დაავადდა.

ავრორამ საუკეთესო ექიმი უშოვა, პადჟელიო. ეს ვენეციაში მათ მოგზაურობას დაემთხვა. მიუსე კი განიკურნა, მაგრამ სანდმა პარტნიორი შეიცვალა და ეს ასე მოხდა: მკურნალობის ერთ-ერთ დღეს, ავრორამ წერილი მიაწოდა ექიმს, სადაც რამდენიმე კითხვა იყო ჩამოწერილი. ერთი კითხვა ასეთი გახლდათ: შეგიძლია ჩემი სულის და არა სხეულის შიმშილი დააკმაყოფილო?

ექიმის ჩანაწერებიც დაგვრჩა. ის წერს, რომ ბადეში გაეხვა, გრძნეულის ბადეში, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია.

თავი მაინც დააღწია. ტანჯვით, მაგრამ მაინც. ინიციატორი ისევ ქალი აღმოჩნდა. ეჭვიანობის გაუთავებელი სცენების შემდეგ, სანდმა ისევ წერილით დაასრულა ურთიერთობა: “უნდა განვიკურნოთ ერთმანეთისგან!”

შემდეგი იყო შოპენი, საცოლისგან გულნატკენი პოლონელი გენიოსი, ვინც გადაწყვიტა ცეცხლისგან მიღებული ჭრილობებისთვის ყინულით, ანუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით ემკურნალა და ვულკანის ლავაში კი ამოყო თავი, როდესაც ქალბატონ კ-სთან 10:00-ზე მიღებაზე მისულმა ჟორჟ სანდი დაინახა. თავად ფორტეპიანოზე უკრავდა, როდესაც ინსტრუმენტთან მდგომი სანდი დაინახა და სრულებითაც არ მოეწონა.

მაგრამ ორ კვირაში ის და სანდი მალიორკაზე აღმოჩნდნენ. კომპოზიტორი მალევე დაავადდა და ხალხში ხმა გავრცელდა, სანდს სიამოვნების მწვერვალზე აჰყავს საყვარლები და შემდეგ ხელს უშვებს, რის შედეგადაც ყველა ავადდებაო. შოპენი სუსტი, მგრძნობიარე კაცი იყო და სანდს მალე ისიც მობეზრდა. კაცი ურთიერთობას არ ასრულებდა და სანდმაც ამ ურთიერთობას წიგნი მიუძღვნა, სადაც კაცი სუსტი, უნიათო და უმწეოა, ქალი კი პირიქით – ძლიერი, მმართველი და ინიციატივიანი.

ამ წიგნის შემდეგ წყვილი დაშორდა. 1847 წელს, გაცნობიდან 10 წლის თავზე სანდი და შოპენი შეხვდნენ, ქალმა შერიგებისა და ბოდიშის ნიშნად ხელი გაუწოდა კაცს, მაგრამ შოპენი უკანმოუხედავად გავარდა გარეთ.

იყო თუ არა სანდი ლესბოსელი? მისი წერილების მიხედვით, რომელსაც მარი დ’ორვალს სწერდა, ბევრი ასეც ასკვნის, თუმცა სანდი სწორედ ის მოცემულობაა, რომლის მიხედვითაც იუნგმა ადამიანის ბუნების ამოხსნა სცადა:

ქალი, კაცის არქეტიპული სულით და კაცი, ქალის არქეტიპული სულით. ანიმესა და ანიმუსის კავშირი მაშინ, როდესაც პერსონა, ნიღაბი რადიკალურად საწინააღმდეგოა.

სანდს, ამ თეორიის მიხედვით, სწორედაც ქალური სული ჰქონდა, მაგრამ “სხვანაირად” იყო შეფუთული, ამიტომაც იზიდავდა ისეთ კაცებს, ვინც ასევე ქალურ სულს ატარებდნენ.

ჟორჟ სანდი მსოფლიო კინოსა და თეატრის უცვლელი პროტაგონისტია, მასზე იწერება უამრავი წერილი და განხილვა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ადამიანის ამოცანის სწორი პასუხი ჯერ არ დაწერილა.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები