ირაკლი მელაშვილი: ახლა ხელის კვრა, როცა წკიპზეა სიტუაცია, საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა რუსეთის გამარჯვება იქნება

“ახლა ხელის კვრა, როცა წკიპზეა სიტუაცია, საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა რუსეთის გამარჯვება იქნება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ანალიტიკოსი ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“2014 წლიდან სულ მესმის, რომ ყველა არჩევნებს “ნაციონალები” იგებენ, თან დიდი უპირატესობით და დამარცხებულია “ქართული ოცნება”. მერე დგება არჩევნები, აგებენ და იწყება ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდა, მერე ამას ვერ ამტკიცებენ და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. “ედისონ რისერჩის” კვლევებმა აჩვენა, რომ ოპოზიციას კარგი რეიტინგი არა აქვს. თუ ივნისის კვლევაში ხელისუფლება 1%-ით უსწრებდა მათ ჯამურ მაჩვენებელს, ვინც ამ კვლევის მიხედვით გადალახავდა ბარიერს, დღეს უკვე 5%-ით უსწრებს. მაშინდელი კვლევით, ბარიერს “ნაცების” გარდა, გახარია და ლეიბორისტები გადალახავდნენ და ოპოზიციას ჯამში 73-74 მანდატი ექნებოდა, “ოცნებას” კი – 76-77. დღევანდელი კვლევის მიხედვით კი, “ოცნების”გარდა, მხოლოდ “ნაციონალები” და გახარიას პარტია გადადიან და “ოცნებას” უკვე 80-82 მანდატი აქვს – ანუ ტრენდი უარყოფითია, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ამ ოთხი თვის განმავლობაში კარგი არაფერი გაუკეთებია. ამ კვლევაში არსებითი ის არის, რომ ბარიერის გადამლახავი ოპოზიციური პარტიების რიცხვმა იკლო და ეს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ბუნებრივია. კვლევებს თუ მივყვებით, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას ბოლო წლებში, რომ ოპოზიციას მოსახლეობისთვის 5 მთავარ პრობლემაზე რაიმე არსებითი ეთქვას და პრობლემების გადაჭრის რამე გზა შეეთავაზებინა. ყველა საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება. ახლა ტრენდია “ფრი მიშა”, “ვინც “ოცნებაშია”, ყველა “ბიძინას ზებრაა” და “მინდა ევროკავშირი” – მხოლოდ ეს სამი რაღაც გვესმის და ბუნებრივია, ადამიანები საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივას ამ პოლიტიკოსებს ვერ უკავშირებენ. ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა საზოგადოებას იმედი აქვს, რომ ვიღაც უკეთესს გააკეთებს, მაგრამ უკეთესს არავინ გვთავაზობს. ლაპარაკი იმაზე კი არ არის, დაიჯერონ თუ არა, უბრალოდ, არავინ არაფერს სთავაზობს ხალხს. ასეთ ვითარებაში კი, არის რაღაც ჭერი, რომელსაც ოპოზიცია ვერასოდეს ვერ ასცდება, ეს ჭერი კი 2016 წლის შემდეგ სადღაც 35-40%-ია, რასაც ოპოზიცია ჯამში იღებს.

სალომე ზურაბიშვილთან დამოკიდებულებაში ოპოზიციისა და უპირველესად “ნაცმოძრაობის” ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ის მიშას არ იწყალებს. სინამდვილეში კი “ნაცმოძრაობის” მთელი პოლიტიკა იმაზე იყო აგებული, რომ მათი პარტია ყოფილიყო ერთპიროვნული, გამოკვეთილი ლიდერი, ოპოზიციაში არ ჰყოლოდა სერიოზული კონკურენტი და მერე სხვებისთვის შეეთავაზებინა, ყველა ჩემთან იყავითო. 0.1%-იანი პარტია თუ ლიდერი 35%-იან პარტიასთან რომ მოვა, ცხადია, ვერც თამაშის წესებს უკარნახებს და მუდმივად დავალებული იქნება. სწორედ ასე მოხდა 2020 წელსაც. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენამ კი თითქოს გააჩინა იმის საფრთხე, რომ შესაძლოა ასეთი ძალა შეიქმნას, ეს კი “ნაცმოძრაობას” არ აწყობს, რადგან ყოველთვის შავ-თეთრ პარადიგმაში მოქმედებს. მუდმივად იმას ამბობენ, მე ვარ თეთრი, “ოცნება” შავია, ვინც ჩემთან არ არის, “ოცნების” კაცია, მე ნუ მაკრიტიკებთ, ყველამ ერთად ვაკრიტიკოთ “ოცნებაო” და ა.შ. ხელისუფლების გაკრიტიკება გასაგებია, მაგრამ შენ რომ სისულელეებს აკეთებ, რა ვქნა? მოკლედ რომ ვთქვათ, ზურაბიშვილთან მათ დამოკიდებულებაში ეს ორი მომენტი დომინირებს, არ სურთ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები წაიღოს. არა მგონია, ზურაბიშვილმა რამე პლატფორმა შექმნას, ხმები “ნაცმოძრაობას” წაართვას, მაგრამ წაიღებს მესამე ფლანგის ხმებს და ეს არ უნდათ.

ამასობაში ზურაბიშვილთან ბრძოლაში ახალი კონკურენტიც გამოუჩნდათ, გახარიას რეიტინგი 10%-ზე ავიდა – ჩვენი პოლიტიკოსები ისეთ სიგიჟეებს ლაპარაკობენ, რომ ვინც უფრო ჩუმად არის, ის უფრო მეტ სიმპათიას იმსახურებს. იქამდე მივედით, კარგი რამე თქვას კი არა, მთავარია, დიდი სისულელე არ წამოროშოს. ეს ხალხი ერთმანეთს ისევ ძველი მეთოდებით ხოცავს, გახარია კი ცოტა განზეა და ხანდახან ხალხს ეუბნება, ამათ შეხედეთო. ეს პოზიცია, როგორც ჩანს, შედეგიანია. ალბათ, ეს არის, თორემ მასაც არაფერი შეუთავაზებია. რაც შეეხება ზურაბიშვილთან დაპირისპირებას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ხელისუფლებაში რა ხალხია, რომ მათთვის მთავარი პიროვნული წარმოჩენაა. ეს ის ხალხია, რომლის, ალბათ, 90% სხვადასხვა ორგანიზაციაში კლერკად ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა, არასდროს ყოფილან გადაწყვეტილებების მიმღებები, იყვნენ აბსოლუტურად მორჩილი და ვერ იტანდნენ და დღესაც ვერ იტანენ მათ, ვინც ურჩობს, რაღაცაზე პრინციპული პოზიცია აქვს. ეს ხალხი ფიქრობს, ამდენი წელი მე მორჩილი ვიყავი, ყველაფერს ვასრულებდი, ახლა მე მოვედი სათავეში და იმის მაგივრად, დამემორჩილონ და ისე მოიქცნენ, როგორც მანამდე მე ვიქცეოდი, მეურჩებიან, სალომე ზურაბიშვილიც ხომ მე გავხადე პრეზიდენტიო. ამასთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ეურჩებიან, როგორიც ევროინტეგრაციაა. მაგრამ პრეზიდენტს მათგან განსხვავებით ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობის კაპიტალი აქვს, მათ ენაზე ლაპარაკობს, მაშინ, როცა ”ოცნების”ყველაზე სუსტი წერტილი საერთაშორისო ლეგიტიმაციაა და ყველაზე მეტი პრობლემა საერთაშორისო ფრონტზე აქვს.

როდესაც პრეზიდენტის ასეთ უპირატესობას ხედავენ და თან მის ასეთ ურჩობას აწყდებიან, ეს აბრაზებთ. ეს ყველაფერი იმ ადამიანების ფსიქოლოგიური კომპლექსია, რომლებიც არც არასდროს ყოფილან გადაწყვეტილების მიმღები და რაც მთავარია, ამისთვის არც არასოდეს ემზადებოდნენ. ესენი ხომ შემთხვევით მოხვდნენ ამ ადგილებზე და არანაირი იდეოლოგია და პრინციპები არ აერთიანებთ. ვინმემ იცის ზარქუას იდეოლოგიური პრინციპი რა არის? ძალიან მეპარება ეჭვი. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით ზურაბიშვილმა, ჩემი აზრით, ბურთის გადაგდება “ოცნების” მხარეზე სცადა, მე არ მოვუხსნი მოქალაქეობას და მიდით და დაიჭირეთო. არ მისცა `ოცნებას” საშუალება, რომ ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პოლიტიკურად ეს ნაბიჯი გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება ამ პინგ-პონგს კანონმდებლობა ეწირებოდეს. კანონში წერია, რომ ვინც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მან უნდა დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. ამიტომაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართული არ არის და მინდა ვუთხრა იმ ექსპერტებს თუ პოლიტიკოსებს, ვინც ახლა მას ამ გადაწყვეტილებისთვის აქებენ, რომ ეს დათვური სამსახურია, რადგან ამას შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს… როდესაც პრეზიდენტი ვიზიტს ითხოვს და უარს ეუბნები, ხომ უნდა დაასაბუთო მაინც. იმის თქმა, ზურაბიშვილი ევროპაში დადიოდა იმის სათქმელად, საქართველო ევროკავშირში არ მიიღოთო, ძალიან არასერიოზულია, რადგან ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ამიტომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით, თავის მხრივ, მთავრობის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი შეიძლება დადგეს. მაგრამ ვფიქრობ, სასამართლო გადაწყვეტილებას ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ გამოიტანს. პრეზიდენტის ადგილას ამ საკითხს შევატრიალებდი, რომ მთავრობამ უფლებამოსილებას გადაამეტა. ჩვენმა ხელისუფლებამ ერთ იმ საოცრებას მიაღწია, რომ სტატუსის მიღება-არმიღება მაინცდამაინც მათ ქმედებაზე არ არის დამოკიდებული. მათზე ყველამ ხელი ჩაიქნია ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. ევროპა დღეს უყურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და მათ შორის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზეც. გაჩნდა პერსპექტივა, რომ რეგიონში მხოლოდ საქართველო არ იყოს დასავლური ორიენტაციის და, თუკი სომხეთი გაუძლებს იმას, რაც დაემართა ყარაბაღში და შეინარჩუნა პროდასავლური ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, სომხეთი დაიწყებს დასავლეთისკენ სვლას. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად, სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ მოგვცემენ მკაცრი დათქმებით.

ახლა ხელის კვრა, როცა წკიპზეა სიტუაცია, საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა რუსეთის გამარჯვება იქნება. ჩემი აზრით, ასეთი პოზიცია აქვს ევროკავშირს და ვფიქრობ, ამას ხედავს “ოცნებაც” და სურს ნაკლები ვალდებულებებით გაძვრეს ამ სიტუაციაში, თავისი შიდა პრობლემები მოაგვაროს ისე, რომ ნახევრად ავტორიტარული სისტემა შეინარჩუნოს. ისიც არის, რომ ჩვენ სულ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ ამ სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას, მაგრამ ხშირად ოპოზიციის ქმედებებიც მიმართული იყო იმისკენ, რომ სტატუსის მიღებისთვის ხელი შეეშალათ და მერე შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოეყენებინათ. ხშირ შემთხვევაში შეეძლო ოპოზიციას საერთო სურათის საჩვენებლად ერთიანობა ეჩვენებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ეს კი არა, ოპოზიციის ნაწილი უკვე იმასაც ამბობს, რომ იქნებ ჯობს სტატუსი არ მივიღოთ, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამით ხელისუფლებას შევცვლითო”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები