„ჩერჩილის კვერცხი“ – რატომ სჭირდებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პირადი „სარკოფაგით“ ფრენა
უინსტონ ჩერჩილის შესახებ ბევრი სასაცილო ამბავი გვსმენია. ხალხი საუბრობს მის გატაცებაზე უგემრიელესი კერძებით, ფერწერაზე და, რაღა თქმა უნდა, სიგარებზე…
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი ე.წ. „ჩერჩილის კვერცხის“ – პოლიტიკოსის პირადი სარკოფაგის შესახებაა, რომლითაც მას უნდა ემოგზაურა. მოდი, ამ უჩვეულო გამოგონების ნამდვილი ისტორია გავარკვიოთ.
სამსახურის ფარგლებში, უინსტონ ჩერჩილს ხშირად უწევდა მოგზაურობა. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამუდმებით მივლინებებში იმყოფებოდა. ბუნებრივია, იმ დროს ფრენები არ იყო ისეთი უსაფრთხო, როგორც – ახლა. მით უმეტეს, როცა ჰაერში გერმანელი მებრძოლები ტრიალებდნენ.
მტრის ცეცხლის ქვეშ რომ არ მოხვედრილიყო, ფრენები საკმაოდ დიდ სიმაღლეზე (დაახლოებით, 8000 მეტრზე) უნდა განხორციელებულიყო. რადგან იმდროინდელ თვითმფრინავებს ჯერ არ გააჩნდათ წნევის კონტროლის კარგი სისტემები, მგზავრები, რბილად რომ ვთქვათ, თავს კომფორტულად არ გრძნობდნენ. მაღალ სიმაღლეზე დარჩენა სავსე იყო პრობლემებით, ჟანგბადის ნაკლებობით და მსგავსი შედეგებით. თუ ახალგაზრდები ასეთ მოგზაურობებს მეტ-ნაკლებად ადვილად უძლებდნენ, ხანდაზმული უინსტონ ჩერჩილისთვის ასეთი ფრენა შეიძლება ფატალურიც აღმოჩენილიყო.
მას უკვე ერთი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და მაინც ჭარბად განაგრძობდა ალკოჰოლის მიღებასა და სიგარის მოწევას. ამის გათვალისწინებით, თვითმფრინავში ზეწოლა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდა პრემიერს, ვიდრე მტრის მებრძოლები. თუმცა, რომ არ ეფრინა, ასეც არ შეიძლებოდა. საავიაციო მედიცინის ინსტიტუტის გამომგონებლებმა გამოსავალი იპოვეს.
მათ სპეციალურად ჩერჩილისთვის შექმნეს დალუქული წნევის კამერა, რომელიც კვერცხის ფორმის იყო და სარკოფაგს წააგავდა. მას შეეძლო შეენარჩუნებინა მუდმივი წნევის ეკვივალენტური წნევა, რომელიც ზღვის დონიდან 1550 მეტრ სიმაღლეზე ფიქსირდება.
იმისათვის, რომ სერ უინსტონ ჩერჩილს კაფსულაში კომფორტულად ეგრძნო თავი, მასში დაამონტაჟეს ტელეფონი, დააგეს რბილი ლეიბი და გაკეთდა ვენტილაციაც კი, რათა პრემიერ-მინისტრს საყვარელი სიგარების მოწევა შეძლებოდა. თუმცა, მას არასდროს ჰქონია სარკოფაგის გამოყენების შანსი. ფაქტია, რომ კაფსულა საკმაოდ მოცულობითი აღმოჩნდა. ის არ ჯდებოდა B-24 Commando თვითმფრინავის ბომბების ყოფილ განყოფილებაში, სადაც მის დაყენებას აპირებდნენ, ამიტომ ამ იდეაზე უარის თქმა მოუწიათ.
მიუხედავად ამისა, უინსტონ ჩერჩილმა მოახერხა 339 საათის განმავლობაში ეფრინა ყოველგვარი კაფსულის გარეშე, თანაც ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა. ამერიკელმა გენერალმა, დუგლას მაკარტურმა მოგვიანებით თქვა, რომ მას თუნდაც ამის გამო მისცემდა მოკავშირეთა არმიის ყველა ჯილდოს:
„ათობით ათასი მილის ფრენა მტრის ტერიტორიაზე შეიძლება ახალგაზრდა მფრინავების მოვალეობა იყოს, მაგრამ არა – სახელმწიფო მოღვაწის“.