მეცნიერები: დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდება

როგორც ჩანს, კაცობრიობას კიდევ ერთი კარგი მიზეზი აქვს, სწრაფად მოძებნოს დაკვირვებად სამყაროში გადასახლებისთვის შესაფერისი პლანეტა და იქ მისასვლელად რაიმე გზა მაინც განავითაროს, რადგან ამისთვის გაცილებით ნაკლები დრო რჩება, ვიდრე გვეგონა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს, დაახლოებით, 250 მილიონ წელიწადში მოხდება, თანაც – ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით. ამ დროის გასვლის შემდეგ, როგორც ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები აცხადებენ, დედამიწის კონტინენტები გაერთიანდებიან და, ძირითადად, ტროპიკულ განედებში და ეკვატორის გასწვრივ განლაგდებიან.

ყოველივე ეს, კლიმატის მიმდინარე ცვლილებასთან ერთად, გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტის მიწის 96% გახდება სრულიად გამოუსადეგარი ნებისმიერი ძუძუმწოვრისთვის, მათ შორის, ადამიანებისთვის. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ გამოთვალეს, თუ რამდენი დრო დარჩა მზის სისტემას და მასთან ერთად ჩვენ პლანეტას არსებობისთვის.

Лишь 8% поверхности Земли будет пригодно для жизни через 250 млн лет | Пикабу
დაახლოებით, 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბების შემდეგ, ჩვენი ვარსკვლავი გააგრძელებს სინათლისა და სითბოს გამოსხივებას, დაახლოებით, იგივე დროის განმავლობაში, სანამ მისი თერმობირთვული საწვავის მარაგი არ ამოიწურება. ამის შემდეგ მზე დაიწყებს ნელ-ნელა ჩაქრობას, თანდათან გაიზრდება მოცულობაში, სანამ არ შთანთქავს ჯერ მერკურს, შემდეგ ვენერას – და დიდი ალბათობით, ჩვენს დედამიწასაც, თუმცა დედამიწა ბევრად უფრო მალე გახდება ადამიანის სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი.
სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც გამოთვალა დედამიწის ქერქის მონაკვეთების და ჩვენი პლანეტის ზედაპირზე მდებარე კონტინენტების მოძრაობის ტრაექტორია, ასევე – გაითვალისწინა თანმხლები კლიმატის და, ამ ყველაფერთან ერთად, კლიმატური ცვლილებების ფაქტორი.
თუ კვლევის შედეგებით ვიმსჯელებთ (დახვეწილი მათემატიკური მოდელების გამოყენებით), მეოთხედი მილიარდი წლის განმავლობაში, ამჟამად პლანეტაზე მიმოფანტული კონტინენტები ერთმანეთს შეერწყმება და ერთ სუპერკონტინენტს წარმოქმნის. დეტალებს ზედმეტად რომ არ ჩავუღრმავდეთ, ეს შემდეგნაირად მოხდება: აფრიკა და ევრაზია გააგრძელებენ ერთმანეთთან დაახლოებას, ორივე მხრიდან არაბეთის ნახევარკუნძულს ჩაეჭიდებიან, რის შემდეგაც გაერთიანებული აფრო-ევრაზიული კონტინენტი ამერიკას შეეჯახება.

შედეგად, ატლანტის ოკეანე შემცირდება ორი შიდა ზღვის ზომამდე. ერთი იქნება თანამედროვე კანადასა და გაბონს შორის, მეორე კი, თანამედროვე მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის.

მადაგასკარი მოქცეული იქნება აფრიკასა და ბრაზილიას შორის, დაბლოკავს ინდოეთის ოკეანის წყლების ჩადინებას წყნარ ოკეანეში (და იმას, რაც ატლანტის ოკეანისგან დარჩება).

ასეთი შერწყმის გვერდითი ეფექტი იქნება პლანეტაზე ვულკანური აქტივობის დონის მკვეთრი მატება – და, შედეგად, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის კატასტროფული ზრდა.

ეს, თავის მხრივ, აუცილებლად გაზრდის სათბურის ეფექტს, რის შედეგადაც მიწის აბსოლუტური უმრავლესობა (90%-ზე მეტი) უნაყოფო დარჩება, ხოლო უზარმაზარი რეგიონები მზისგან დამწვარ უდაბნოდ გადაიქცევა.

ახალი სუპერკონტინენტის კლიმატური პირობების შესახებ არსებულ კითხვებზე მაქსიმალურად ზუსტი პასუხების გაცემის მიზნით, კვლევის ავტორებმა შექმნეს რთული მათემატიკური მოდელი. ისინი ეცადნენ, მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ დღეს მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა შესაძლო ფაქტორი.

გაანგარიშების შედეგები მიუთითებს, რომ ერთიანი კონტინენტის უმეტესი ნაწილი დათბება 40 °C-ზე მაღალ ტემპერატურამდე, რაც დააშრობს დარჩენილ მდინარეებს.

ნაშრომის ავტორთა აზრით, მას შემდეგ, რაც წყალი მთლიანად დაიკარგება, სუპერკონტინენტის ცენტრალური რეგიონები გადაიქცევა უდაბნოებად, სადაც ძუძუმწოვრები უბრალოდ ვერ გადარჩებიან – გარდა ძალიან იშვიათი სახეობებისა.

თუ დღეს დედამიწის ზედაპირის დაახლოებით ორი მესამედი ადამიანის სიცოცხლისთვის შესაფერისია, მომავალში, 250 მილიონი წლის შემდეგ პლანეტის მხოლოდ სანაპირო და პოლარული რეგიონები, რომლებიც ერთად შეადგენენ მისი ზედაპირის მხოლოდ 8%-ს, შეძლებენ სიცოცხლის შენარჩუნებას.

კვლევის ავტორების აზრით, ეს აუცილებლად გამოიწვევს მასობრივ გადაშენებას – არა მხოლოდ ძუძუმწოვრების, არამედ ზოგადად ყველა ცოცხალი არსების – ანუ, როგორც ცხოველების, ასევე მცენარეების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები