ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვას აშშ დააფინანსებს
საქართველო 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთვება, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვას კი ამერიკის შეერთებული შტატები დაასპონსორებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან კნუდ ბარტელსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი ქართული მხარე 2015 წლიდან გახდება.
“უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2015 წლიდან საქართველო გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი და სპონსორი სახელმწიფო უკვე შეირჩა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მზადყოფნას ნატოს სამხედროებთან, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება განვახორციელოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.