როცა ქალები ომში წასასვლელად სქესს „იცვლიდნენ“
ამერიკის სამოქალაქო ომში იანკებისა და კონფედერატების მხარდამხარ, ქალებიც იბრძოდნენ – მათ სპეციალურად ჩაიცვეს მამაკაცის სამხედრო ფორმა და ბრძოლის ველზე წავიდნენ. ისტორიკოსები ამ ფაქტს „სამოქალაქო ომის ყველაზე კარგად დაცულ საიდუმლოს“ უწოდებენ. დაფიქსირდა 250-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც ქალები იჭრიდნენ თმას, იცვლიდნენ ტანსაცმელს და ბრძოლაში მიდიოდნენ. ეს დისკრიმინაციის წინააღმდეგ აჯანყებისა და ნამდვილი პატრიოტიზმის აქტი გახლდათ.
იმდროინდელ ომში, ჩვეულებრივ, ქალის როლი მედდობა ან ჯაშუშობა იყო, თუმცა გამონაკლისები ხელში იარაღს იღებდნენ და საველე ბანაკებში ცხოვრობდნენ; იტანჯებოდნენ საშინელ ციხეებში და იღუპებოდნენ აგონიაში. საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირვა მათთვის პატივი იყო.
ჯარისკაცი ალბერტ კარი, რომლის ნამდვილი სახელი ჯენი ჰოჯერსი იყო.
ქალმა სამოქალაქო ომის ათეულობით ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 1913 წელს გაზეთების პირველი გვერდები მის შესახებ დაწერილი სტატიების სათაურებით იყო გადაჭედილი.
სანამ ჯარისკაცის ფორმას ჩაიცვამდა, ლუიზა კლეიტონმა მეუღლის მხარდაჭერა მიიღო, რომელმაც თავად ჩაწერა ქალი ჯარისკაცების გარნიზონში. სხვა ჯარისკაცებისგან განსხვავებული რომ არ ყოფილიყო, ლუიზამ დაიწყო სიგარების მოწევა, ბევრი გინება და აზარტული თამაშების შესწავლა.
სარა ედმონდსის შემთხვევა ისტორიაში ყველაზე ცნობილია: ქალი ორი წლის განმავლობაში მსახურობდა ჯარში ფრანკლინ ტომპსონის სახელით, შემდეგ კი, 25 წლის განმავლობაში იღებდა სამხედრო პენსიას. ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გოგონამ მამაკაცურად ჩაიცვა და ჯარს შეუერთდა. შემდეგ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, „ფრანკლინ ტომპსონი“ ჯაშუში გაეხადათ და ქალად გადააცვეს, რათა მტერს ეჭვი არ გასჩენოდა.
რატომ აკეთებდნენ ქალები ამას? ზოგი მოვალეობის გრძნობის გამო; ზოგისთვის მიზეზი ქმრებისა და ძმების სიყვარული იყო – მათთან ერთად წავიდნენ, რათა ოჯახის წევრებს არ დაშორებოდნენ. თუმცა, მთავარი მიზეზი სწორედ სოციალური უთანასწორობა იყო, რამაც ომის დროს სიღარიბე გამოიწვია.
ქალები, რომლებიც მუშათა კლასს მიეკუთვნებოდნენ, ვერ პოულობდნენ ღირსეულ სამუშაოს, ხოლო მკერავის ან მრეცხავის ხელფასი შეადგენდა იმ ხელფასის ნახევარს, რომელსაც ჯარისკაცები ყოველთვიურად იღებდნენ.