რანა პლაზა და სამპუნგ მოლი – მსოფლიოს ორი მასშტაბური არქიტექტურული კატასტროფა
არქიტექტორობა საპასუხისმგებლო და რთული საქმეა, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს. მშენებლობის არასწორი გათვლა ზოგჯერ შეიძლება საშინელი ტრაგედიების გამომწვევი გახდეს, რომელთა ფასიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეა.
სამპუნგ მოლი, სეული, სამხრეთ კორეა, 1995 წლის 29 ივნისი
სეულში უნივერმაღის დანგრევა 11 სექტემბრის თავდასხმებამდე ყველაზე კატასტროფულად ითვლებოდა. იმ დღეს 502 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. სამაშველო ოპერაცია დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა და 937 მსხვერპლის გადარჩენა მოხერხდა.
ბოლო ადამიანი, ვინც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 19 წლის პარკ სეუნგი იყო. ის სავაჭრო ცენტრის დანგრევიდან მეჩვიდმეტე დღეს გადაარჩინეს.
სუპერმარკეტის ნგრევის მიზეზების გამოძიების კომისიას ხელმძღვანელობდა ტექნოგენური კატასტროფების ექსპერტი, პროფესორი ლენგ ჩანი. მან განიხილა ვერსიები გაზის აფეთქებიდან ჩრდილოეთ კორეის მიერ მომზადებულ ტერაქტამდე, თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობა ტექნოლოგიის დარღვევით აშენდა.
რანა პლაზას შენობა, სავარი, ბანგლადეში, 2013 წლის 24 აპრილი
როგორც კი ხალხმა შეამჩნია, რომ 8-სართულიანი შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, მაშინვე დაიწყო ევაკუაცია. თუმცა, ზედა სართულებიდან ადამიანებს გასვლაზე დრო არ ეყოთ. ტრაგედიას 1127 ადამიანი ემსხვერპლა.
ნანგრევებიდან 2500-მდე ადამიანი გამოიყვანეს. ამოსვენებული ათობით ამოუცნობი ცხედარი იდენტიფიკაციის გარეშე დაკრძალეს მასობრივ საფლავებში.
ინციდენტის წინა დღეს, 23 აპრილს, შენობის ფასადზე დიდი ბზარები დაფიქსირდა და შენობის ადმინისტრაციას ხალხის ევაკუაცია, ასევე შენობაში არსებული ყველა დაწესებულების დახურვა დაევალა. ბანკი და ქვედა სართულების თითქმის ყველა მაღაზია დაემორჩილა ბრძანებას, ხოლო ტანსაცმლის სამკერვალოები მუშაობას განაგრძობდნენ.
მეორე დღეს, დილის პიკის საათზე, შენობა ჩამოინგრა, გადარჩა მხოლოდ პირველი სართული. ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, იმ დროს შენობაში 3122 მუშა იყო. დაღუპულთა შორის, რომელთა რიცხვიც სამძებრო სამუშაოების დასასრულს 1127-ს შეადგენდა, იქ მომუშავე ქალი და მათი შვილებიც იყვნენ.
დანგრევიდან 3-4 საათის შემდეგ გაერომ დახმარება შესთავაზა გადარჩენილების პოვნაში და ნანგრევების გასუფთავებაში, მაგრამ ბანგლადეშის მთავრობამ უარი თქვა შეთავაზებაზე. 25 აპრილს შენობის მესაკუთრის, სოჰელ რანისა და შიგნით მდებარე ხუთი სამკერვალო ფაბრიკის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ დღეს ბანგლადეშში ეროვნული გლოვაც გამოცხადდა.
კატასტროფიდან 17 დღის შემდეგ, 10 მაისს, ნანგრევების ქვეშ ცოცხალი და თითქმის უვნებელი ქალი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 13 მაისს დასრულდა.