საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გაიმართა.
„შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა – ლოიდ ოსტინმა გახსნა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა იმსჯელეს უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.