კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“
შერატონ მეტეხი პალასი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ კურსს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა გახსნეს. მათ სიტყვით გამოსვლისას პროგრამის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება უსურვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანი, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირებისთვის, მათზე დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტურად შესრულებაში დახმარებაა. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს ასევე სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და ბოსნია-ჰერცოგოვინას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები.
პროგრამა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს (ISSO Scheme) დაფინანსებით და ინიციატივით საქართველოში უკვე მეხუთედ იმართება. კურსს ქრენფილდის უნივერსიტეტის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის აკადემიის მართვისა და ტექნოლოგიების კოლეჯის წარმომადგენლები უძღვებიან. კურსი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.