როგორ აქცია შაჰ-აბასმა ქარვასლების იდეა ბიზნესად
ვისაც დიდ მანძილებზე მანქანით გიმოგზაურიათ, გეცოდინებათ, რომ ბევრ ქვეყანაშია მოსასვენებელი ადგილი.
ზოგან ამას Motel ჰქვია, ზოგან მოსასვენებელი ადგილი, ზოგან Rest Place, ზოგან მეგამარკეტი და რესტორანია.
მაგრამ, ეს ტრადიცია ერთ ძალიან საინტერესო ამბავს უკავშირდება და ამბის მონაწილე ირანის შაჰი აბასია.
Caravanserai-ს ტრადიცია სპარსეთის იმპერიისთვის უცხო არ იყო, აქამერიანთა (აქამენიდების) დროიდან, კიროს დიდისა და ქსერქსეს პერიოდიდან, შორ მანძილზე მოსიარულე ქარავნებისთვის პატარა ქოხები იდგა, სადაც მათ შესვენება და სულის მოთქმა შეეძლოთ.
ამ ადგილებში იშოვებოდა, წყალი, დასაძინებელი ადგილი, საკვების მარაგი და უბრალოდ ადამიანი, ვისაც დაელაპარაკებოდი და გაგამხნევებდა ან გაამხნევებდი.
მაგრამ, Caravanserai-ები იყო ალაგ-ალაგ, იშვიათად, ხან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით და შესაძლოა უდაბნოში ისე ჩაკარგულიყავი, კაცი ვერ იპოვიდა შენი და შენი აქლემის ძვლებსაც კი.
მაგრამ, აი, ერთხელ, უდაბნოში ყოფნისას, შაჰ-აბასი მოულოდნელად საკუთარ თანმხლებებს ჩამოშორდა და უდაბნომ შეიტყუა. ისე შეიტყუა, რომ უწყლოდ დარჩენილმა აბასმა სიკვდილი დაინახა საკუთარ სულში. მოემზადა კიდეცო, ამბობს ლეგენდა, მაგრამ ის მწყემსმა იპოვა და შეიფარა. მოუარა, გადაარჩინა და დაუბრუნა სამეფო ტახტს.
აბასმა დაცვის წევრებს თავები კი მოჭრა, მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო და თავის შემთხვევაზე დაფიქრდა. დაფიქრდა იმაზე, რომ მისი სახელმწიფო ფულს ამ უდაბნოთი და “აბრეშუმის გზით” შოულობდა.
საერთაშორისო გზა კი, მოგეხსენებათ, შემოსავლის დიდი წყაროა (ეს ჩვენთან არიან ადამიანები ასეთი გზების შენებას რომ ეწინააღმდეგებიან და ლეგენდებს თხზავენ, მაგალითად, ყაზბეგთან მისასვლელ ავტობანზე ან სხვა მიმართულებებზე, თორემ ყველა ნორმალურმა ქვეყანამ იცის, რა ფუფუნებაა შენზე გავლილი ტვირთი).
აბასმა მოიწვია ვაზირები და შეადგენინა “აბრეშუმის გზის” დეტალური რუკა თავისი განშტოებებით და დაითვალა, რამდენით გაიზრდებოდა მათი შემოსავალი, თუ ჩინეთიდან წამოსულ ვაჭარს ეცოდინებოდა, რომ მისი გავლა ამ კონკრეტულ გზაზე მეტად უსაფრთხო და კომფორტულია.
დაითვალა და მისი ზეობის დროს, ირანში აშენდა არა ასი, არამედ ათასზე მეტი Caravanserai, რაც თავის მხრივ იყო ახალი ბიზნესი იქ დასაქმებული ხალხისთვის.
ამ ადგილებმა გამოიწვია ისიც, რომ ვაჭარი ქვეყანაში შესვლამდე კი არ იმარაგებდა საკვებსა და წყალს და სხვაგან კი არ ხარჯავდა ფულს, მეტი ტვირთი მიჰქონდა და ფულს ხარჯავდა უშუალოდ ამ “ფუნდუკებში”.
თანამედროვე მსოფლიომ ეს იდეა დაამუშავა და განავრცო, როგორც ბიზნეს გეგმა.
ახლა, ევროკავშირის რეგულაციით No 561/2006, სატვირთოს მძღოლი ვალდებულიც კია გაჩერდეს ამ თანამედროვე Caravanserai-ებში და ეს ფულს წერს, კაი გვარიანადაც.
გურამ მეგრელიშვილი