“მინდა, საზოგადოებას მივაწოდო რეალური და სწორი ინფორმაცია” – ირაკლი ხელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სამწუხაროა, როდესაც მედიასაშუალების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ვხედავთ,- ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე აცხადებს.

ხელაძე “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რომელაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი მას შემდეგ ჩაინგრა, რაც მერიამ ხევში სამუშაოები დაიწყო.

“ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, რომელაშვილის ქუჩაზე გზის გარკვეული მონაკვეთის დაზიანება თემქის ხევში საქალაქო პარკის მშენებლობის სამუშაოებმა გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო რეალური და სწორი ინფორმაცია:
ზღვისუბანში, რომელაშვილის ქუჩაზე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებდა გამაგრების სამუშაოებს. ტერიტორიაზე გადიოდა წყალსადენის მილი. სამუშაო პროცესში აღმოჩნდა, რომ მილი იყო კოროზირებული და დაზიანებული, რამაც გამოიწვია გრუნტისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლა. სწორედ ეს იყო მიზეზი და არა თემქის ხევში მიმდინარე სამუშაოები.
კედლის მშენებლობისა და გზის რეაბილიტაციის დასრულების გახანგრძლივება სწორედ ამ გაუთვალისწინებელმა გარემოებამ გამოიწვია. ამ დროისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცვლის დაზიანებულ მილს, რისთვისაც საჭირო გახდა დამატებით გზის გაჭრა. GWP სამუშაოებს, დაახლოებით, 10 დღეში დაასრულებს და შემდეგ გამგეობა გააგრძელებს გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობას. ამ ეტაპზე, ბეტონი ჩასხმულია 50 მ სიგრძეზე, დარჩენილია კიდევ 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მოწყობა. გამაგრების სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ამ პროექტისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი გამოყო.
გვესმის, რომ მოქალაქეებს პრობლემა შეექმნათ, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. ადგილობრივ მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები, პირველ რიგში, მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება თემქის ხევს, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზღვისუბნისა და მთლიანად ნაძალადევის რაიონის განვითარებისთვის. ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა 25 ჰექტარზე მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 40 მილიონი ლარია. პარკის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება”,- აღნიშნავს ხელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები