“ეს ბედისწერა იყო” – უცნობი დეტალები რეზო ჭეიშვილზე – ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან
„ადამიანი ორსახაა, შიგ დევს ბოროტება, შიგ დევს სიკეთეც, მთავარია რომელი წამოიწევა წინ, რომელი გადმოინაცვლებს. ამას გენები უნდა, შთამომავლობაც უნდა და აღზრდა“, – რეზო ჭეიშვილი
დღეს 11 სექტემბერია, კლასიკოსი მწერლის, სცენარისტისა და დრამატურგის, რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების თარიღი…
ძნელია ერთ მცირე პუბლიკაციაში სრულად ასახო ყველაფერი ის, რაც ნამდვილი შემოქმედის ხელოვნებას, საზოგადო და პირად ცხოვრებას უკავშირდება, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ გავიხსებენთ იმ ადამიანს, რომელმაც უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა ქართულ მწერლობასა და კინემატოგრაფიაში.
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია რეზო ჭეიშვილის მეუღლე, ქალბატონი მარინა ვერულაშვილი.ქალბატონო მარინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ულამაზეს ქალაქში, ბათუმში დასასვენებლად ბრძანდებით, ჩემთან ინტერვიუსთვის დრო მაინც გამოყავით, ამიტომ განსაკუთრებულ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.
ბატონი რეზოს გარდაცვალების თარიღი ახლოვდება… დღეს, ჩვენს აუდიტორიას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მწერალ რეზო ჭეიშვილს, რომელიც ამავე დროს გამორჩეული სცენარისტი და დრამატურგი იყო. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის დღემდე დაუვიწყარია მისი მოთხრობები, რომლის მიხედვითაც მხატვრული ფილმები კი შეიქმნა, გარდა ამისა ბატონი რეზო თავად იყო არაერთი ცნობილი ფილმის რედაქტორიც, ამ ფილმებში გამოყენებული დიალოგები კი, თავის დროზე ე.წ. ფრთიან ფრაზებად გარდაიქმნა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მ.ვ. – მადლობა, თქვენ, რომ რეზო ასე გამოკვეთილად გახსოვთ. მე რით შემიძლია თქვენი დახმარება?
შ.ლ. – თქვენი ნაამბობი ბატონი რეზოს შესახებ, მართლაც რომ დიდი დახმარება იქნება. ვრცელ დროს არ წაგართმევთ, მინდა, გაიხსენოთ ჩვენთვის ის შემოქმედი, რომელიც თქვენთვის უახლოესი ადამიანი და მეორე ნახევარი იყო. მსურს, უკეთ გაგვაცნოთ ის პიროვნება, რომელმაც თავისი უკანასკნელი წლები თქვენს გვერდით გაატარა.
მ.ვ. – მე და რეზომ საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გავიცანით ერთმანეთი, 45 წლის ვიყავი, რეზო – 64-ის, როდესაც ერთმანეთს შევხვდით… ეს ბედისწერა იყო, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, ოჯახი შევქმენით, რაც არ იყო ადვილი…
შ.ლ. – ოჯახის შექმნა ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, თუმცა… ამ პასუხისმგებლობას ორმაგად აძლიერებს შემოქმედის მეუღლეობა. ვფიქრობ, ხელოვან ადამიანს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება…
მ.ვ. – ნამდვილად ასეა. პატარა გოგო რომ ვყოფილიყავი, ჩემთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ რეზომ ყველაფერი სწორად წარმართა.
შ.ლ. – რას გულისხმობთ სწორად წარმართვაში?
მ.ვ. – ჩვენ რომ დავქორწინდით, რეზო ამ დროს თბილისში, მწერალთა კავშირში მუშაობდა, მე კი ქუთაისის მე-19 სკოლის პედაგოგი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, შეუღლებისას თავი უცხო ოჯახში ვიგრძენი. თავისთავად, რეზო ამას გრძნობდა და ცდილობდა ყველაფერი ისე წარემართა, რომ თავი მის სამყაროში მეგრძნო. მეტყოდა ხოლმე – თბილისში მივდივარ და მალე ჩამოვალო… გულწრფელად გითხრათ, ამ დროს ცოტა შვებას ვიგრძნობდი ხოლმე, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, დიდ დანაკლისს ვგრძნობდი.
შ.ლ.- რა საინტერესო მომენტია… ძალიან პირადულ გრძნობებსა და განცდებს მიმხელთ… სიმართლე გითხრათ, ინტერვიუს ასეთ დასაწყისს არ ველოდი.
მ.ვ. – ასეა, თქვენთან ინტერვიუში, მინდა, გულახდილი ვიყო. იმასაც გეტყვით, რომ როგორც კი მარტოდ ვიგრძნობდი ხოლმე თავს, თითქოს რეზოც გრძნობდა და ქუთაისში დაბრუნებასაც არ დააყოვნებდა ხოლმე. ასე გაგრძელდა ერთი წელი, შემდეგ კი ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ სკოლიდან წასვლის შესახებ, განცხადებაც კი დავწერე და მეც თბილისში გადავედი.
შ.ლ. – სრულიად უცნობი დეტალებია… შესაბამისად, ამ ინტერვიუს მკითხველიც ასეთივე აზრით იქნება… როგორც წესი ახლადდაქორწინებულებს ერთად ყოფნის სურვილი გამძაფრებული აქვთ ხოლმე და ერთმანეთს ვერ ელევიან… თქვენ შემთხვევაში განსხვავებული მოცემულობა ყოფილა…
მ.ვ. – ის, რაც გიამბეთ, ნამდვილად ასე იყო, თუმცა მე და რეზოს ერთმანეთთან სულიერი კავშირი ყოველთვის გვქონდა. მას არაერთხელ წაუკითხავს ჩემთვის მისივე ნაწარმოებები, რაც ჩემთვის უდიდესი ნუგეში და გვერდში დგომის გამოხატულება იყო.
შ.ლ. – ზოგიერთი ხელოვანი ძალიან აბსტრაქტული ხასიათით გამოირჩევა, ზოგიც კონსერვატორი, ან ლიბერალია, მაგრამ… ზოგადად, თუ ადამიანის გენეტიკური ხასიათიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ეს საყოველთაო მოვლენაა. ბატონი რეზო რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა?
მ.ვ. – რეზო არ იყო ის ადამიანი, რომელიც მეტყოდა – „ახლა უნდა ვიმუშაო და სამუშაო კაბინეტში არ შემოხვიდე“… მაგრამ მე ხომ ვიცოდი, წერის დროს, მას ნაწარმოებზე მუშაობა და ფიქრი არ უნდა შეეწყვიტა. ამიტომ მაქსიმალურად ვუწყობდი ხელს.
შ.ლ. – ეს რაც შეეხება შემოქმედებით მუშაობას. ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორი იყო?
მ.ვ. – შვიდი წლის გარდაცვლილი ჰყავდა პირველი მეუღლე. რა თქმა უნდა ვგრძნობდი, რომ მას გვერდით ყოფნა სჭირდებოდა. უცოლო კაცი ცოტა რთულია… ქალი, მაინც სხვა არის… ამიტომაც მე ჩემებურად ვცდილობდი გვერდში ამოვდგომოდი.
შ.ლ. – ბატონ რეზოსთან შეუღლებამდე პერიოდი მინდა გაგახსენოთ. თქვენ, მას, როგორც შემოქმედს მანამდეც იცნობდით… თქვენი ერთად ყოფნის შემდეგ… როგორი რეზო ჭეიშვილი აღმოაჩინეთ?
მ.ვ. – ერთი რამ ცალსახად შემიძლია გითხრათ. ვიდრე რეზოს გავიცნობდი, იგი, ფიზიკურად არასოდეს მყავდა ნანახი. ალბათ, გახსოვთ მისი სპეციფიკური ხმა? აი, ეს ხმა ჩემამდე მოსული არ იყო ახლობელი… უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ხმა არ მსიამოვნებდა…
შ.ლ. – რა საოცრად გულახდილი ხართ…
მ.ვ. – ასე იყო, ეს ხმა არ მსიამოვნებდა, მაგრამ რეზოს გაცნობის შემდეგ თანდათან ახლობელი გახდა…
შ.ლ. – მიეჩვიეთ ამ ხმას?
მ.ვ. – დიახ, მივეჩვიე და ძალიან ახლობელი გახდა. რასაც ახლა გიყვებით არასოდეს, არსად მითქვამს… მაგრამ ახლა სრულ სიმართლეს მოგახსენებთ.
შ.ლ. – რა საინტერესოა ცხოვრებისეული გზა… ხმა რომელიც არ მოგწონს და სრულიად უცხოა, გადის დრო და… ყველაზე ახლობელი ხდება…
მ.ვ. – სხვათა შორის ვერ იგრძნობდით, რომ რეზო 64 წლის კაცი იყო. ის იყო, როგორც პატარა ბიჭი. სკოლის ფანჯრებიდან რომ გავიხედავდი, რეზო მის მეგობართან ერთად იდგა… ასე გადიოდა ღღეები.
შ.ლ. – რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვხვდები, ვინ იყო და რა მოტივი იყო ფანჯრებთან დგომის მიზეზი, მაგრამ ჩემი მრიდან მაინც დავაზუსტებ. კლასიკოსი, შეყვარებული მწერალი თქვენს გამო იდგა ფანჯრებთან?
მ.ვ. – თავისთავად, როგორც პატარა ბიჭი ისე იქცეოდა.
შ.ლ. – უდიდესი რომანტიკოსი ყოფილა…
მ.ვ. – ძალიან… იცით რაშია საქმე? გვიანობამდე მუშაოდა და ძალიან ადრე იღვიძებდა. გათენდებოდა თუ არა, მეტყოდა – წამოდი, ახლა სადმე წავიდეთ…
შ.ლ – … და თქვენი გეზი საით იყო მიმართული?
მ.ვ. – დილის 6 საათზე რამდენჯერ ავსულვართ ბაგრატის ტაძარში…
შ.ლ. – ასე სპონტანურად შორი მანძილებიც დაგიფარავთ?
მ.ვ. – დიახ, რამდენჯერ უთქვამს. „მოდი, მატარებელი საითაც წავა, წავყვეთ…“
შ.ლ. – შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბატონი რეზო თავისივე პირადი ცხოვრებისთვის წერდა სცენარებს და ეს სცენარები, მხოლოდ ორი ადამიანისთვის იყო განკუთვნილი… თუმცა, 2015 წელს ბატონმა რეზომ სცენარების წერა საბოლოოდ შეწყვიტა… ახლა, მძიმე წუთების გახსენება მოგიწევთ, ცხოვრება მხოლოდ ლამაზი კადრებისგან არ შედგება. 11 სექტემბერი ახლოვდება, ბატონი რეზოს გარდაცვალების თარიღი… როგორ ფიქრობთ, არის ისეთი სურვილი, რომელიც კლასიკოსმა მწერალმა ვერ აისრულა, ან არის ისეთი ჩანაფიქრი, რომელიც თქვენმა მეუღლემ სისრულეში მოიყვანა?
მ.ვ. – მისი ბოლო წლები მუდმივად სიკვდილთან ბრძოლა იყო. რამდენჯერმე გვეწვინა საავადმყოფოში და ამ ქვეყნად ძლივს მოაბრუნეს, თუმცა ასეთ მძიმე წუთებშიც კი ყველას ეუბნებოდა, რომ მას, ჩემის სახით, გამორჩეულად მზრუნველი მეუღლე ჰყავდა.
იმ დილითაც ადრე ადგა, ქვემოთ ფუსფუსებდა… უცებ, მისი შეძახილი მომესმა – მარინა, ჩამოდი, ჩამოდი… უმალვე ჩავირბინე და…
რა გითხრათ?.. რეზოს ძალიან უნდოდა მის პირველ მეუღლეზე დაეწერა, რაც გააკეთა კიდეც! მისი სიტყვები ახლაც მახსოვს. „ეს ერთი ჩანაფიქრი მქონდა, რომ შევძელი, შვებით ამოვისუნთქე“.
შემიძლია გითხრათ, რომ რეზოს უდიდესი სურვილი ნამდვილად ახდა!
შ.ლ. – ბატონი რეზოს შემოქმედება არაერთი ნაწარმოებით გამოირჩევა. მცირე ჩამონათვალს გავაკეთებ: „ბზიანეთი“, „ქალაქში დინოზავრები დადიან“, „დალი“, „მეოთხე სიმფონია“, „კურუ“, „ვაიმე ჩემო ვენახო“, „ყაჩარები“, „კუდიანი ვარსკვლავი“, „ასკილის წითელი ყვავილი“, „მუსიკა ქარში“, „მესამე გზა“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბვი“. ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე ნაწარმოები მხატვრულ ფილმებადაც კი გარდაიქმნა… მაინტერესებს რამდენად თავსებადი იყო შემოქმედი, მისივე შემოქმედებასთან, რამდენად ერწყმის ბატონი რეზოს ხასიათი თავისივე ნაწარმოებებს?
მ.ვ. – რეზოს რაც კი აქვს დაწერილი, თავისი ხასიათიდან გამომდინარეა. ნაწარმოებები ავტორთან იდენტურია. რეზო ძალიან კარგი ხასიათის ადამიანი იყო, თუმცა არსებობდა მინუსებიც, შემოქმედი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდა დალევა…
შ.ლ. – ამის გამო გართულებულა თქვენს შორის ურთიერთობა?
მ.ვ. – როდესაც დალევის პროცესი გადაბმულ ხასიათს მიიღებდა, ვეუბნებოდი – „რეზო, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ უნდა აირჩიო… ან ერთი – ის… ან მე! თუ არადა რა ვქნა, დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა წავიდე…“ ამის გაგონებაზე, რეზო ძალიან შეწუხდებოდა ხოლმე და ცდილობდა ვითარება გამოესწორებინა. მას შემდეგ რაც მისი ცოლი გავხდი, რეზო დალევის გამო საავადმყოფოში აღარ მოხვედრილა.
შ.ლ. – როგორც დავასკვენი, ალკოჰოლით ბახუსი, სიყვარულით ბახუსმა დაამარცხა!..
მ.ვ. – ნამდვილად ასეა…
შ.ლ. – ძირითად თემას დავუბრუნდები და ბატონი რეზოს პოლიტიკურ ნაბიჯებს გავიხსენებ. ერთი პერიოდი იგი მესამე მოწვევის ბარლამენტის წევრიც კი იყო და ფრაქცია „ლიბერალებ“-ს წარმოადგენდა. წინასწარ ვიცი პასუხი იმ კითხვაზე, რომელსაც ახლა გავაჟღერებ, მაგრამ მაინც მსურს თქვენს გამოკვეთილ მოსაზრებას გავეცნო. იყო ბატონი რეზო პოლიტიკოსი და რამდენად სწორი იყო მისი პოლიტიკაში ყოფნა?
მ.ვ. – იცით რაშია საქმე, რეზო საერთოდ არ ფიქრობდა ამაზე, მაგრამ იქიდან იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. არ იყო ის პოლიტიკოსი, არა! პოლიტიკა მაინც სულ სხვა რაღაც არის… რეზოს არ შეეძლო მოვლენების გვერდიდან ყურება, ის იყო პირში მთქმელი! რეზო ანგარების გამო არაფერს გააკეთებდა.
შ.ლ. – ბატონი რეზო უამრავ ტიტულს ფლობდა. თავის დროზე მას ლიტერატურული პრემია “საბა” გადაეცა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2011 წელს პრემია “საგურამო“-თი დაჯილდოვდა. ბატონმა რეზომ 1995 წელს მიიღო სსრკ სახელმწიფო პრემია ფილმისთვის “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, ასევე იყო დაჯილდოვებული შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა და საქართველოს სახელმწიფო პრემიით, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული აღიარება მან მაშინ მოიპოვა, როდესაც ღირსების ორდენით 1997 წელს დაჯილდოვდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო მისი პიროვნების ღირსების მთავარი ღერძი?
მ.ვ. – რეზოს ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა და უაღრესად უყვარდა თავისი ქალაქი. თავის დროზე, მან საკმაოდ მწვავედ დაწერა ქუთაისზე და ამ ქალაქის თეატრზე, რასაც გარკვეული წრეების მხრიდან, შემდეგ კრიტიკაც მოჰყვა.
რეზოს, გულისტკივილმა დააწერინა, მას ტკიოდა თავის ქვეყანა, თავისი ქალაქი… მაგრამ ამას ყველა ვერ ხვდებოდა…
იგი უაღრესად ღირსეული, მართალი ადამიანი იყო. ყველას არ შეეძლო მისი გაგება. ჩემთვის ცნობილი არიან ის ადამიანები, რომლებიც რეზოს სხვათა შორის მოიხსენიებენ ხოლმე… მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელიც რეზოს პიროვნებასა და შემოქედებას უდიდეს პატივს სცემს. იგი გარე თვალით ძალიან სხვანაირი იყო, თითქოს უხეშიც კი სჩანდა, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო.
შ.ლ. – ჩვენი ინტერვიუ აბსოლუტურად აპოლიტიკურია, თუმცა… მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მაინც გკითხოთ იმ შექმნილ ვითარებაზე, რომელიც დღევანდელ საქართველოში არსებობს, ჩემი ინტერესი უფრო მეტად დაკავშირებულია ბატონი რეზოს პოზიციასთან. როგორი იქნებოდა მისი შეფასება?..
მ.ვ. – რუსული ფაქტორი ჩემთვის მიუღებელია, როგორ შეიძლება ამ ქვეყანას ვემეგობროთ?.. რეზოც ამ პოზიციაზე იყო! განსაკუთრებით 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. კარგად მახსოვს, რეზომ, პროტესტის ნიშნად, მოსკოვში თავისი ოქროს გულსაბნევიც კი გააგზავნა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გადაეცა.
შ.ლ. – ბატონი რეზოს ამ დემარშზე რუსების რეაქცია როგორი იყო?
მ.ვ. – მედალი უკან დააბრუნეს, რომელიც ახლაც თბილისში ინახება.
შ.ლ. – ბატონი რეზო დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, იქნებოდა პოლიტიკაში?
მ.ვ. – თუკი იქნებოდა, ის ძალიან შორს იდგებოდა რუსეთისგან და ამას არც დამალავდა. ყველგან გამოვიდოდა და ილაპარაკებდა ამის შესახებ. რუსეთთან ლოიალური ურთიერთობების შესახებ ძალიან ბევრ ადამიანს გააკრიტიკებდა.
შ.ლ. – პოლიტიკურ საკითხებზე შეკითხვებს აქ დავასრულებ. ისევ შემოქმედებას დავუბრუნდეთ…
დღეს, ძალიან ბევრი ადამიანი წერს. მე ახლა არ გავაკეთებ ჩემს შეფასებას, ეს კარგია, თუ ცუდი, მხოლოდ თქვენი ხედვა მაინტერესებს, როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი მწერალი, ნამდვილი მწერლისგან, არსებობს რაიმე კრიტერიუმი?
მ.ვ. – პიროვნებას გააჩნია… დღეს ათიათასობით მწერალია, ვისაც რა უნდა იმას წერს. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა მწერალია. უფრო მეტსაც გეტყვით, მწერალთა კავშირის წევრები ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვთ მწერლობასთან… როგორ შეიძლება, ამდენი მწერალი და პოეტი იყოს. მე არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ყველას ვაკრიტიკებ – არა! არიან გამორჩეული მწერლები.
ერთი სიტყვით, ნაწარმოებს, როდესაც წაიკითხავ, იქ ყველაფერს მიხვდები…
შ.ლ. – არსებობენ მწერლები, რომლებიც ამა თუ იმ შემოქმედის მემკვიდრეებად ითვლებიან. ბატონ რეზოს ვის მემკვიდრედ დაასახელებდით?
მ.ვ. – რეზო, დავით კლდიაშვილის მემკვიდრეა!
შ.ლ. – ამ პასუხს ველოდი…
მ.ვ. – მათ შორის საოცარი კავშირია. რეზო დაიბადა 24 აპრილს. დავით კლდიაშვილი გარდაიცვალა 24 აპრილს… რეზო გარდაიცვალა 11 სექტემბერს, დავით კლდიაშვილი დაიბადა 11 სექტემბერს…
რეზოს უამრავი ტიტული გააჩნდა, მაგრამ ყველაზე ახლობელი, მისთვის დავით კლდიაშვილის სოფელ სიმონეთში მიღებული „ძელქვის ფოთლი“ იყო. სულ ასე ამბობდა, რომ მისთვის ეს ყველაზე დიდ ჯილდოს წარმოადგენდა.
შ.ლ. – ჩვენი ინტერვიუს დასასრულს, მინდა, თავად გააჟღეროთ ისეთი შეკითხვა, რომელსაც ჩემგან ელოდით და ნებით, თუ უნებურად გამომრჩა, თუმცა… თქვენს საოცარ გულახდილობას, მეც ანალოგიურად ვუპასუხებ და იმასაც ვიტყვი, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელსაც დამატებით, შეგნებულად აღარ შევეხე…
მ.ვ. – ასეთი შეკითხვა არ არის, უბრალოდ ერთ ჩანაფიქრს გაგიმხელთ, რომელიც ამ მომენტამდე თქვენ ვერ გეცოდინებოდათ. რეზოს მუზეუმი მინდა შევქმნა, ზუსტად იმ სახლში, სადაც ყოველი აგური და ნივთი რეზოსეულია…
შ.ლ. – რა კარგი ჩანაფიქრია… დარწმუნებული ვარ, აუცილებლად განხორციელდება! ჩემს ოპტიმიზმთან ერთად, ერთ იდეასაც გაგიმხელთ. ბატონი რეზო გამორჩეული უნივერსიტეტელია… ამიტომაც, მაქვს მოკრძალებული თხოვნა და იმედია ეს თავხედობაში არ ჩამეთვლება. თუკი როდისმე საუბარი იქნება, რომ ბატონი რეზოს, თუნდაც მცირე არქივი… რომელიმე ორგანიზაციას და უწყებას გადაეცეს… ძალიან კარგი, სასიხარულო და დიდსულოვანი ნაბიჯი იქნება თქვენი და ოჯახის წევრების მხრიდან, რომ არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაზე გააკეთოთ, ვინაიდან ბიბლიოთეკა არის ინტელექტუალური საუნჯე, სადაც უამრავი უნიკალური წიგნი, ნივთი, არქივი და სხვა უნიკალური სახის მასალაა თავმოყრილი. მიმაჩნია, რომ ბატონი რეზოს, თუნდაც, მცირე არქივი აუცილებლად უნდა ინახებოდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. დადებთ პირობას, რომ ჩემს ამ თხოვნას თუნდაც მცირედით შეასრულებთ?
მ.ვ. – ამის პირობას ახლავე გაძლევთ! რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სრული არქივი, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მცირე ნაწილს აუცილებლად მიიღებს! რეზოს ჰყავდა ახალგაზრდა მეგობრების წრე, მათთან ერთად გავივლი კონსულტაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.
შ. ლ. – ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვასრულებ ამ ინტერვიუს. დადებული პირობით ძალიან გამახარეთ. მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად, პირადად გეწვიოთ ქუთაისში და ყოველი გადმოცემული ნივთი სათუთად ჩავიტანო თბილისში და სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, თქვენი სახელით გადავცე.
მ.ვ. – პირობა დადებულია და გადაწყვეტილება – მიღებული! დღეს თქვენდამი პატივისცემის ნიშნად კი რეზოს შვიდტომეულს გადმოგცემთ – საჩუქრად, მომავალში კი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას რეზოს პირადი ნივთიც შეემატება.
შ.ლ. – უდიდესი მადლობა, ძალიან გამახარეთ…
მ.ვ. – დიდი მადლობა, თქვენ, ინტერვიუს უშუალოდ წარმართვისთვის, რასაც ჟურნალისტიკაში ძალიან ვაფასებ.
სპეციალურად “კვირასთვის” მოამზადა შალვა ლონდარიძემ. სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.