როგორ ცხოვრობენ კუბერ პედის მკვიდრნი – მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც ფილმებში ერთხელ მაინც გინახავთ

სამხრეთ ავსტრალიის გარეუბანში, ადელაიდასა და ალის სპრინგსს შორის მდებარეობს ქალაქი კუბერ პედი. ეს უდაბნო-ქალაქი ოპალის მაღაროებითაა განთქმული და პერიოდულად ჰოლივუდის ფილმებშიც ჩნდება. ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა მიწისქვეშეთში ცხოვრობს.

კუბერ პედის ისტორია ადგილობრივი აბორიგენების ისტორიასთანაა დაკავშირებული. ის არაბანას ხალხის ტრადიციულ მიწად მიჩნეულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

პირველი ევროპელი მკვლევარი, ვინც ეს ტერიტორია მოინახულა, ჯონ მაკდუგალ სტიუარტი გახლდათ. ის აქ 1858 წელს მოხვდა. თუმცა, მისი კვლევის შემდეგაც კი, ეს ადგილი დასავლელი მეცნიერებისთვის რუკაზე თეთრ ლაქად დარჩა. ყველაფერი 1915 წელს შეიცვალა, როდესაც 14 წლის უილ ჰაჩისონმა, მამასთან ერთად მოგზაურობისას,  აქ ოპალი (მინერალი) აღმოაჩინა

1916 წელს ამ მხარეში მოსახლეობის ბუმი დაიწყო: ქალაქში მაღაროელებმა დაიწყეს ჩამოსვლა. საინტერესოა, რომ ბევრი მათგანი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი იყო, რომლებიც, სანგრებში მრავალი თვის გატარების შემდეგ, გათხრების ნამდვილი ექსპერტები გახდნენ. მალე ამ ტერიტორიაზე უკვე 50 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა.

წლების გასვლის შემდეგ, 1999 წლისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენი ოპალის მაღარო იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოპოვება კანონით შეზღუდა. ამის შემდეგ, საბადო ნამდვილი მექა გახდა მაძიებლებისა და განძზე მონადირეებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ, მაღაროს გათხრაზე ნებართვა მოეპოვებინათ.

ოპალის მსოფლიო წარმოების 70 პროცენტი კუბერ პედისთანაა დაკავშირებული, რამაც ქალაქს „ოპალის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელი მოუტანა. მისი მოსახლეობის უმეტესობა ქვით ვაჭრობით არის დაკავებული. სიცხე მთავარი პრობლემაა მაღაროელებისთვის და კუბერ პედის სხვა მოსახლეობისთვისაც. ქალაქი ვიქტორიას უდაბნოს პირას მდებარეობს და აქ ტემპერატურა ხშირად 40 გრადუსს სცდება.

ქალაქი მდებარეობს სტიუარტის ქედის ეროზიული ფერდობის კიდეზე, რომელიც შედგება ქვისგან და ქვიშისგან და დაახლოებით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩადის. ასეთი გეოლოგიური შემადგენლობა, შერწყმული ინტენსიურ სიცხესთან, საზიანოა მცენარეებისთვის. სანამ ქალაქი მიიღებდა გადაწყვეტილებას, მოსახლეობა ხეების დარგვის მიზნით წაეხალისებინა, კუბერ პედის ყველაზე მაღალი ხე ლითონის ნაჭრებისგან იყო დამზადებული.

მცხუნვარე ტემპერატურისგან თავის დასაღწევად, კუბერ პედის მაცხოვრებლებმა გენიალური გამოსავალი მოძებნეს – მიწისქვეშა თავშესაფარი. პირველმა მაძიებლებმა, სამთო ინსტრუმენტების გამოყენებით, მთის ფერდზე, მიწისქვეშა საცხოვრებლების ასაშენებლად, ახალი შახტების გათხრა დაიწყეს.

ტენდენციამ ფეხი მოიკიდა და ახლა ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა გადაწყვიტა მიწისქვეშეთში ცხოვრება. დღეს შეგიძლიათ გათხაროთ მიწისქვეშა სახლი სამი საძინებლით, აბაზანით, მისაღებითა და სამზარეულოთი. ამ საცხოვრებლებს უდავო უპირატესობა აქვთ: აქ არ ცხელა და არ არის საჭირო კონდიციონერის დაყენება, განსხვავებით ღია ცის ქვეშ მდებარე სახლებისგან.

მიწისქვეშა მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალური ხელისუფლება მოითხოვს, რომ ყველა სახლს ჰქონდეს ავარიული განათება, ვენტილაცია, სახურავის სისქე მინიმუმ 2,5 მეტრს შეადგენდეს და არსებობდეს ავარიული გასასვლელი.

აღსანიშნავია, რომ 1960-იან და 1970-იან წლებში აქ გამოჩნდა სტაციონარული ტელეფონები, 1980 წელს – ტელევიზია, ხოლო 1990-იან წლებში ფართოდ გავრცელდა მობილური კომუნიკაციები.

დღეს ტურიზმს ისეთივე წვლილი მიუძღვის ქალაქის ეკონომიკაში, როგორც სამთო მრეწველობას. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი მიემგზავრება სტიუარტის გზატკეცილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები