ვიეტნამის ომის ყველაზე შემზარავი ფოტოს ისტორია
შიშველი ბავშვი 9 წლის ფან თი კიმ ფუკია და ფოტო ვიეტნამის ომის დროსაა გადაღებული. 1972 წლის 8 ივნისს Associated Press-ის ფოტოგრაფი ნიკ უტი საგიონიდან (ახლანდელი ხოშიმინი) 25 მილის დაშორებით იმყოფებოდა, როდესაც სამხრეთ ვიეტნამის საჰაერო ძალებმა შეცდომით სოფელში ნაპალმი ჩამოაგდეს.
როდესაც ფოტოგრაფმა ამ საშინელების აღბეჭდვა დაიწყო, დაინახა ბავშვებისა და ჯარისკაცების ჯგუფი, რომელიც გზატკეცილზე მისკენ გარბოდა. ერთ-ერთი ბავშვი შიშველი იყო. ფოტოგრაფს თავიდან გაუკვირდა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ნაპალმის ბრალი იყო.
„წყალი მოვაგროვე და სხეულზე დავასხი. ის ყვიროდა: „ძალიან ცხელა! ძალიან ცხელა!“.
ნიკმა გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც უთხრეს, რომ ბავშვი შესაძლოა ვერ გადარჩენილიყო, რადგან მესამე ხარისხის დამწვრობას მისი სხეულის 30% დაეფარა. კოლეგების დახმარებით, ნიკმა გოგონა სამკურნალოდ ამერიკულ დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
ამ ფოტომ მაშინ მსოფლიო საზოგადოებას კარგად აჩვენა, რომ ომი ადამიანებისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე – სიკეთის. შიშველი ბავშვის ფოტოს ჩვენებამ ახალ ამბებში დებატები გამოიწვია. ბევრ გამოცემას, მათ შორის, New York Times-ს მოუწია, გადაებიჯებინა საკუთარი პოლიტიკისთვის. ფოტო მალევე იქცა ვიეტნამის ომის სისასტიკის სიმბოლოდ.
1973 წელს ფოტომ პულიცერის პრემია მიიღო.
მოკლედ ვიეტნამის ომზე
ინდოჩინეთის მეორე ომი, აგრეთვე ცნობილი როგორც ვიეტნამის ომი — 1964-1975 წლებში ინდოჩინეთში მიმდინარე ომი: ერთი მხრივ სახმელეთო ომი სამხრეთ ვიეტნამსა და სასაზღვრო რეგიონებში, კამბოჯასა და ლაოსში და მეორე მხრივ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა (ოპერაცია როლინგ სანდერი).
კონფლიქტს ვიეტნამში ამერიკის ომი ეწოდება. სინამდვილეში, ამერიკის ვიეტნამში ინტერვენცია იყო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მწვერვალი, რომელიც 1945-1946 წლებში საფრანგეთის კოლონიალური ჯარების ქვეყანაში დარჩენამ გამოიწვია.
ერთ მხარეზე იბრძოდა აშშ-ის, სამხრეთი ვიეტნამის, ავსტრალიისა და სამხრეთი კორეის სამხედრო კავშირი; მეორეზე კი — ჩრდილოეთი ვიეტნამი (ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა) და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი (დასავლეთის ქვეყნებში ცნობილი, როგორც ვიეტკონგი), რომელიც სამხრეთ ვიეტნამის კომუნისტურ პარტიზანულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. სსრკ და ჩინეთი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ, თუმცა კონფლიქტში ღიად არ ერეოდნენ.