„მაღალი, წარმოსადეგი, ელეგანტური, ჭეშმარიტად თავადური გამოხედვით“ – ვინ იყო მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა)

მაღალი, წარმოსადეგი, ელეგანტური, შარმით სავსე, ცოცხალი, ციმციმა თვალებით, უნატიფესი ქალბატონების რჩეული, ჭეშმარიტად თავადური გამოხედვით – ასეთად ახსოვთ მიხეილ შარვაშიძე ემიგრანტებს, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა) დაიბადა 1907 წლის 5 სექტემბერს, სოხუმში, ჯოტო შარვაშიძისა და მარიამ (მაიონა) ანჩაბაძის (აჩბას) ოჯახში.

ჯოტო ლევანის ძე შარვაშიძე აფხაზეთში თვალსაჩინო ფიგურა იყო. ცნობილმა მეწარმემ რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის გაჩაღების მიზნით სოხუმის ოლქში რამდენიმე მილიონი მანეთის მოზიდვა შეძლო, 1917-1921 წლებში კი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

1918-1921 წლებში ჯოტო შარვაშიძე აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი იყო. 1921 წელს, საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, მისმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა და თურქეთში გაემგზავრა. რამდენიმე თვეში მაიონა აფხაზეთში დაბრუნდა, რათა თურქეთში წასვლაზე დედამთილიც დაეყოლიებია, მაგრამ მოხუცმა სამშობლოს დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამასობაში საზღვრები დაიკეტა და ჯოტომ ცოლის აფხაზეთიდან გაყვანა ვეღარ მოახერხა. მოგვიანებით მან სცადა დიდი ხნის უნახავ დედასთან თავისი უმცროსი ვაჟი, მიხეილი გაეგზავნა, მაგრამ ეს მცდელობაც განწირული აღმოჩნდა.

მაიონა აფხაზეთში მეგობრებისა და ნათესავების მფარველობის ქვეშ დარჩა. ის წლების მანძილზე დადიოდა თბილისსა და სოხუმს შორის იმ იმედით, რომ რაიმეს შეიტყობდა თავისი ძვირფასი ვაჟების, მიშასა და ძიკის (ვლადიმერის) შესახებ.

ჯოტო შარვაშიძე 1935 წლის ოქტომბერში, სტამბოლში გარდაიცვალა. დაკრძალეს გალიპოლიში, რუსულ სასაფლაოზე.

მიხეილ შარვაშიძე სტამბოლიდან პარიზში 1927 წელს ჩავიდა. მრავალი სხვა ემიგრანტის მსგავსად, მასაც თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. პროფესიის უქონლობის გამო იგი იძულებული იყო მუდმივად შეეცვალა სამუშაო ადგილი. თავდაპირველად მას მონტე-კარლოში მცხოვრები ნათესავი, ცნობილი მხატვარი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შარვაშიძე ეხმარებოდა. სავარაუდოდ, სწორედ მის სამეგობროში გაიცნო მან მდიდარი ინგლისელი ქალი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, იოლანდა გუდეი (ქალიშვილობაში ჯექსონი).

იოლანდა მსახიობი იყო, მაგრამ დიდ სცენურ წარმატებას ვერ მიაღწია. 1933 წელს ის ცოლად გაჰყვა მორის გუდეის, რომელიც მოგვიანებით ცნობილი კომპოზიტორი, ჯაზის შემსრულებელი და მუსიკალური არანჟირების ოსტატი გახდა. თუმცა, იოლანდა მას მალე გაეყარა.

იოლანდა საკმაოდ დიდი ქონების მფლობელი გახლდათ. მისმა მამამ, ცნობილმა ადვოკატმა, დიდძალი ქონება დააგროვა ინდოეთში, კალკუტაში, სადაც საადვოკატო პრაქტიკას ეწეოდა და ინგლისს უმდიდრეს ადამიანად დაუბრუნდა.

1936 წელს იოლანდა მიხეილ შარვაშიძეს გაჰყვა ცოლად. ქორწილი მონაკოში შედგა. რამდენიმე წელიწადში წყვილი გაიყარა. მიზეზი ალბათ იოლანდას ხასიათი იყო. თვითმხილველთა ცნობით, ის განებივრებული, არასტაბილური და ავადმყოფურად მგრძნობიარე ქალი გახლდათ, რომელიც თავის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობდა.

საარქივო მასალების თანახმად, იოლანდა ოფიციალური გაყრის შემდეგაც კი ინარჩუნებდა მიშასთან კეთილ ურთიერთობას და ყოფილი ქმრის გვარს გარდაცვალებამდე ატარებდა.

იოლანდა ჯექსონთან განშორების შემდეგ მიშამ გაიცნო ქალი, რომელიც მთელი ევროპის მაღალ საზოგადოებაში იყო ცნობილი. ეს გახლდათ პრუსიელი ბარონესა გიზელა ფონ კრიგერი. მისი ოჯახი ძველთაძველ პრუსიულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა. ეს იყო ულამაზესი, შარმით სავსე, განათლებული და დახვეწილი ქალბატონი. ცხოვრობდა პარიზისა და კანის საუკეთესო სასტუმროებში, ბრწყინავდა ლონდონის საზოგადოებაში.

მიხეილის და გიზელას რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დასრულდა. გიზელა ფონ კრიგერი მიხეილ შარვაშიძის ცხოვრებიდან ისევე გაქრა, როგორც გამოჩნდა.

1939 წლის სექტემბერში მიხეილ შარვაშიძე შეუერთდა ფრანგული არმიის რიგებში მოქმედ ემიგრანტებისგან შემდგარ ქართულ ბატალიონს. სხვა ემიგრანტების მსგავსად, მასაც იმედი ჰქონდა, რომ ამით ხელს შეუწყობდა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის დამოუკიდებლობის აღდგენას. მისი სიტყვების თანახმად, ის გააგზავნეს ქ. ვილიე-სიურ-გრეიში დისლოცირებული 97-ე დივიზიური არტილერიის პოლკის მე-10 ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონში.

1940 წლის 21 ივნისს, გერმანიის საფრანგეთში შეჭრის შემდეგ, მიხეილი დაიჭრა და ლორიანის რეგიონში ტყვედ ჩავარდა. იგი გერმანიის ტერიტორიაზე, სამხედრო ტყვეთა ბანაკში გააგზავნეს, საიდანაც სსრკ-გერმანიის ომის დასაწყისში, 1941 წლის ივლისში გაათავისუფლეს. იმავე თვეში იგი საკუთარი სურვილით შეუერთდა განსაკუთრებული დანიშნულების სადაზვერვო-დივერსიულ ასეულს, „თამარ II“-ს.

1942 წლის გაზაფხულზე „თამარ II“ საგანგებო დანიშნულების კავკასიურ შენაერთს „ბერგმანს“ მიუერთეს, რომლის შემადგენლობაში მიხეილ შარვაშიძემ 1942 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა.

1943 წელს გერმანელების კავკასიიდან უკან დახევის შემდეგ მიხეილ შერვაშიძე საფრანგეთში დაბრუნდა. თავდაპირველად იგი მონტე-კარლოსა და ნიცაში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა, სადაც თავს სამხრეთ საფრანგეთიდან ჩატანილი ძვირფასეულობის გაყიდვით ირჩენდა.

1947 წელს იგი პარიზის მე-9 ოლქში მდებარე კაბარე „დონ ჟუანის“ მმართველი გახდა, 1950-იანი წლების დასაწყისში კი ავტომობილებით ვაჭრობდა.

1955 წლის აგვისტოში მიხეილ შარვაშიძემ ცოლად შეირთო ანა სორინა, ცნობილი მხატვრის, საველი სორინის მდიდარი ქვრივი.

ანა სორინა გახლდათ საფრანგეთის საპატიო მოქალაქე, აშშ-ს არმიის სამედიცინო სამსახურის ვეტერანი, გამორჩეული გარეგნობის ქალი, უაღრესად განათლებული, ფერწერისა და მუსიკის კარგი მცოდნე და მოყვარული. იგი საფრანგეთის ყველაზე წარჩინებულ წრეებში ტრიალებდა და პირადად იცნობდა მონაკოს პრინც რენიე III-ს და მის მეუღლეს – პრინცესა გრეის კელის.

1956 წლის ზაფხულიდან დიდი ხნის განმავლობაში წყვილი აშშ-ში ცხოვრობდა, რაც დოკუმენტებითა და მეგობრების მოგონებებითაც დასტურდება. სამოციანი წლების დასაწყისი მათ ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ნიცის შემოგარენში მდებარე დაბა როკბრიუნ-კაპ-მარტენში ვილა „სულიკოში“ გაატარეს.

მაღალი საზოგადოების იმდროინდელ ქრონიკებში მიხეილ შარვაშიძისა და ანა სორინას სახელები ხშირად მოიხსენიება უწარჩინებულესი საზოგადოების – პრინც რენიეს, ყოფილი რუსეთის იმპერიის არისტოკრატიის, საბერძნეთის პრინც ანდრესა და დასავლეთ ევროპის არისტოკრატიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

საბოლოოდ ანა სორინა და მიხეილ შარვაშიძე განქორწინდნენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა შემდგომ წლებშიც შეინარჩუნეს.

1960-იან წლებში მიხეილ შარვაშიძე მეტრდოტელად მუშაობდა პარიზში, რესტორან „რუსულ პავილიონში“. ამ რესტორნის მომსახურე პერსონალი ძირითადად ემიგრანტებისგან შედგებოდა. რესტორანი ძალიან პოპულარული იყო და იქ მუდმივად იკრიბებოდნენ იმ დროინდელი ელიტის წარმომადგენლები – რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, კინოპროექტორები…

ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მიხეილ შარვაშიძის ოჯახის წევრები ერთად აღარ შეკრებილან. მამის გარდაცვალების შემდეგ მიხეილი ცდილობდა კავშირი დაემყარებინა საქართველოში დარჩენილ დედასთან, მაგრამ იმ წლებში ეს შეუძლებელი იყო.

მიხეილის უფროსი ძმის, ვლადიმერის (ძიკის) შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის ერთხანს კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 1935 წლიდან არგენტინაში გადასულა, სადაც 1949 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. დაკრძალულია ბუენოს-აირესში.

1957 წლის დეკემბერში პარიზში შედგა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლის გასტროლები. ანსამბლის სოლისტი მარინა მხეიძე კონცერტის შემდეგ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას ასე იხსენებს: „ერთ-ერთ კონცერტზე სცენაზე გამოვიდა ლამაზი, ელეგანტური მამაკაცი, გასაოცრად ლურჯი თვალებით. იგი დამსწრეთ მიშა შარვაშიძედ გაეცნო და უამბო, რომ აფხაზეთში დედა დარჩა. შემდეგ კი თხოვნით მიმართა, მის პოვნაში დახმარებოდნენ“.

მარინა მხეიძე თავადს თხოვნის შესრულებას შეჰპირდა და სიტყვა არ გატეხა. მიშამ დედასთან ხშირი მიმოწერა დაიწყო. წერილებში იგი გულმოდგინედ აღწერდა თავისი ცხოვრების დეტალებს. მაიონა ბედნერი იყო. განუწყვეტლივ კითხულობდა შვილის წერილებს, ცდილობდა ერთი წვრილმანიც კი არ გამორჩენოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი შეხვედრა არ შედგა. მიშამ დედის უკანასკნელ გზაზე გაცილება ვერ შეძლო.

მიხეილ შარვაშიძე გარდაიცვალა 1977 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები