მარტოობა ჯუნგლებში: მსოფლიო პოპულარობა და ისტორიის სევდიანი დასასრული – მე-20 საუკუნის ამერიკელი ტარზანი

ტრაპერ ნელსონი (ვინსენტ ნატულკიევიჩი) ჯერ კიდევ ახსოვთ სამხრეთ ფლორიდაში. ის ცნობილი გახდა თავისი ექსპერიმენტული ზოოპარკით და ყველაზე მეტად, საკუთარი უცნაურობებით. ბუნების მოყვარულმა დააარსა ბუნების პარკი, რომელთა მნახველებს გარკვეული ხრიკებით აოცებდა: ის უშიშრად ჯდებოდა ნიანგზე და ათვინიერებდა გარეულ ცხოველებს. სამწუხაროდ, წარმატება და მსოფლიო პოპულარობა ვერ დაეხმარა მე-20 საუკუნის ახლად „გამოჩეკილ“ ტარზანს სევდიანი ბედის თავიდან აცილებაში – მან 60 წლამდეც ვერ მიაღწია და მარტოსული გარდაიცვალა.

ვინსენტ ნატულკიევიჩი დაიბადა პოლონურ ოჯახში ტრენტონში, ნიუ-ჯერსიში 1909 წელს. მისი მშობლები არ ლაპარაკობდნენ ინგლისურად. ცნობისმოყვარე და ბუნებაზე შეყვარებული ახალგაზრდა ყოველთვის ოცნებობდა, პატარა ქალაქის მოსაწყენ ცხოვრებას გაქცეოდა.

როდესაც გაიზარდა, სამოგზაუროდ წავიდა. მატარებლით მთელი ქვეყანა მოიარა. საბოლოოდ, ფლორიდაში გაჩერდა, როდესაც კონტრაბანდის ეჭვის გამო დააკავეს, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიციამ 110 კგ წონის ორმეტრიანი ახალგაზრდა ვერ შეაკავა და ვინსენტი „გათავისუფლდა“. მისი ნაცნობები ამბობდნენ, რომ ის  საუზმეზე 18 კვერცხს ჭამდა.

ნატულკიევიჩმა სახელი ტრაპერ ნელსონად გადაიკეთა და ფლორიდაში დასახლდა. 1920-იან წლებში ეს საკურორტო ქალაქი ფუფუნებისა და მომხიბვლელი გართობის ცენტრი გახლდათ, მაგრამ ნიუ-ჯერსელი ახალგაზრდისთვის ველური ბუნების სამყაროს შესასწავლად შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა. ნელსონმა იყიდა 325 ჰექტარი მიწა ჭაობიან უბანში, მდინარე ლოქსაჰაჩის მახლობლად. კაცმა მიწის ნაკვეთისთვის ფული თავისი დისგან ისესხა.

მან  ცხოველებზე ნადირობა და ბეწვის გაყიდვა დაიწყო. საქმეები საკმაოდ კარგად მიდიოდა. ნელსონს ტარზანს ადარებდნენ, რომლის ისტორიაც მაშინ პოპულარობის პიკზე იყო. როდესაც ქვეყანას დიდი დეპრესია დაატყდა თავს, მან მიწის ნაწილი ზოოპარკისთვის გამოყო, სადაც ადამიანებს ველური ბუნების ხილვა შეეძლოთ. ექსპერიმენტული ზოოპარკი და ჯუნგლების პარკი ნამდვილ სენსაციად იქცა, მაგრამ ამ დიდებას მფლობელის ქარიზმამაც შეუწყო ხელი. ის ხიბლავდა მნახველებს თავისი ეშხით, მიმზიდველი გარეგნობით, ენთუზიაზმითა და ბუნების სიყვარულით.

მე-20 საუკუნეში ნელსონი წარსულის კაცს ჰგავდა, რაც მის პიროვნებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. სტუმრებზე შთაბეჭდილებას ახდენდა, თუ როგორ ჭამდა ნელსონი კუებს და სვამდა ცხოველების სისხლს. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ეს ყველაზე ჯანსაღი საკვები იყო.

ის ზრუნავდა დაშავებულ ცხოველებზე, რამაც მფარველის რეპუტაცია მოუტანა. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილობრივ იყო მართალი, რადგან ის იშვიათად ასუფთავებდა ცხოველების გარემოს და იჭერდა ყველა ალიგატორს, რომელსაც გზაზე შეხვდებოდა. მიუხედავად მისი ქცევებისა, რითიც სხვები აღფრთოვანებულები იყვნენ, ტრაპერმა არ იცოდა, როგორ დაემყარებინა კომუნიკაცია ქალებთან. ერთ დღეს ის მდინარეში გადახტა და ნიანგი დაიჭირა, რათა გოგონაზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ნელსონი ფრონტზე გამოიძახეს მიუხედავად იმისა, რომ, სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, ახალი დაქორწინებული გახლდათ. ჯარში თავისუფლებისმოყვარე „ტარზანმა“ ფეხის კუნთი დააზიანა და ბაზაზე გადაიყვანეს, მისი სამფლობელოსგან არც თუ ისე შორს. იმ დროისთვის ტრაპერის ცოლმა საყვარელი გაიჩინა. მეუღლის მიერ მოტყუებული ბუნების მოყვარული მას შემდეგ აღარასდროს დაქორწინებულა.

1940-იანი წლების ბოლოს ტრაპერი მსოფლიოში ნამდვილად ცნობილი სახე გახდა. მასზე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც საუბრობდნენ. „ველური კაცი ლოქსაჰაჩიდან“ – ასე ეძახდნენ ამერიკელს, რომელსაც მედიის ყურადღება ძალიან მოსწონდა. ერთ დღეს ნელსონი დათანხმდა, მონაწილეობა მიიეღო კრივში. მანამდე ის თავის ზოოპარკში ალიგატორების წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა კი, მისი მეტოქე მამაკაცი უნდა ყოფილიყო. მეტოქემ იოლად დაამარცხა „ტარზანი“ ცხვირში დარტყმით.

1950-იან წლებში ფლორიდაში მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა, შტატმა განვითარება დაიწყო. ტრაპერ ნელსონის პოპულარობა შემცირდა და მისი მიწა მიმზიდველი გახდა ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ირგვლივ ღამის კლუბებს ხსნიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ზოოპარკის მფლობელმა მიწა უკანონოდ შეიძინა. „ტარზანსა“ და მის მეზობლებს შორის შეტაკებასაც ჰქონდა ადგილი, რასაც ხანძარი და ერთმანეთის დაზიანება მოჰყვა.

კონფლიქტების ფონზე, ნელსონი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ინსპექტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. შემოწმების შემდეგ, მის ზოოპარკში ცხოველების შენახვის პირობებით უკმაყოფილოები დარჩნენ. იშვიათი დასუფთავება, ცუდი ჰიგიენა და წყლის ნაკლებობა აიძულებდა ხელისუფლებას, ტრაპერის ზოოპარკი დაეხურა. მისი წარმატება და დიდება წარსულს ჩაბარდა.

1950-იანი წლების ბოლომდე, ის „განდეგილი“ გახდა, მეზობლებთან და მეგობრებთან მხოლოდ მიმოწერით ურთიერთობდა. თუ ვინმე ცდილობდა მის მონახულებას, ნელსონი მაშინვე იარაღით იმუქრებოდა და აძევებდა. მას შემდეგ, რაც ტრაპერი ბუნებრივი კვებიდან ჩვეულებრივ კვებაზე გადავიდა, ავად გახდა. მამაკაცს ეგონა, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა პროსტატის კიბო აღმოუჩინეს.

ზოოპარკის დახურვისა და ყოფილი მეუღლის მოთხოვნის შემდეგ – მისთვის მიწის ნაწილი მიეცა – ნელსონი საზოგადოების ყურადღების მიღმა მოექცა. 1968 წლის ივლისში იგი გარდაცვლილი იპოვეს –  ცეცხლსასროლი იარაღით, მუცლის არეში ვიღაცამ ჭრილობა მიაყენა. ტრაპერის ცხედარი იქ,  დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში ესვენა, სანამ აღმოაჩენდნენ. ამბობდნენ, რომ „ტარზანის“ სიკვდილში წვლილი მიუძღოდათ უკმაყოფილო მეზობლებსა და მის ძმას, რომელიც იმ დროს ციხიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ ნელსონის სიკვდილი თვითმკვლელობად აღიარა. ასე დასრულდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მონადირის ცხოვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები