თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრების მიერ გენერალურ პროკურატურაში განცხადების შეტანის საკითხს გამოეხმაურა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მსგავსი ნაბიჯი არაფერია, თუ არა მანიპულაცია.
„პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, მათ ძალიან კარგად იციან, რომ დანაშაულის ნიშნები ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ფიქსირდება და წესით ისიც უნდა იცოდნენ, რომ პროკურატურა არ არის ორგანო, რომელსაც საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილება აქვს. ობიექტური მიზეზების გამო, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის მიზნით, შესაძლებელია რამდენიმე წუთით დავტოვოთ სხდომათა დარბაზი, თუმცა საოქმო ჩანაწერში კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის პოზიცია აუცილებლად ფიქსირდება. ამ პრაქტიკას ჩვენი ოპოზიციური კოლეგებიც ხშირად მიმართავენ“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, ეს არის ერთდღიანი პიარკამპანია, მიმართული იმ პროექტების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.