ზურაბ ჩიკვილაძე: ზურაბ ვადაჭკორია თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა ის
თბილისის საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთი ქუჩისთვის ზურაბ ვადაჭკორიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მიესალმება გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და გიორგი ჩიტაიას ჩიხს, ზურაბ ვადაჭკორიას სახელი მიენიჭა.
„ზურაბ ვადაჭკორია თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა ის. ჩემთვის, როგორც ჩუღურეთის რაიონის მკვიდრისთვის და ამ რაიონის მაჟორიტარისთვის, ისევე როგორც ყველა ჩუღურეთელისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ზურაბ ვადაჭკორიას სახელის უკვდავსაყოფად ჩვენს რაიონში მისი სახელობის ქუჩა იქნება.
აღნიშნული საკითხის შესწავლის პროცესში, ჩემი როგორც საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ჩართულობით განხორციელდა ქუჩის შერჩევა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი ამ პროცესში იყო ჩართული“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ვადაჭკორიამ პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა საქართველოში საილუზიო ხელოვნების კულტურა. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, 2000 წელს ღირსების ორდენის კავალერი.