ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, რუსი დრამერი იყო ერთ-ერთი მაყურებელი და ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა მოიხმო სცენაზე – არ ვიცი აქ რა შეიძლება გაკეთდეს
,,როგორც ჩანს, რუსი დრამერი იყო ერთ-ერთი მაყურებელი და ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა მოიხმო სცენაზე. არ ვიცი აქ რა შეიძლება გაკეთდეს”,- ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანასთან დაკავშირებით გამოწვეულ პროტესტს.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარია ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მილიონობით რუსულ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან, ამაზეც არავინ არ ღელავს.
„მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც „ნაცმოძრაობის“, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიის თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსულ ენაზე შესრულდა „თბილისო“ და მაშინ არავინ არ აღელვებულა, არცერთი ადამიანი. დღეს, როდესაც ვხედავთ ასეთ აღელვებას, აქ არის ხელოვნურობის სერიოზული ნიშნები. ასევე, ელენე ხოშტარია ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მილიონობით რუსულ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან, ამაზეც არავინ არ ღელავს. გიორგი ვაშაძე რუს მდგმურზე აქირავებს თავის ბინას, ამაზეც არავინ ღელავს. მე მგონია, მაქვს უფლება ამის მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში არის ხელოვნური. რა თქმა უნდა, იქ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება გულწრფელად აღელდნენ და გასაგებია. ბუნებრივია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და მე რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდა, მაგრამ მე მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები. როდესაც „ნაცმოძრაობის“ აქციაზე ჟღერდება რუსულად „თბილისო“ და ამაზე არავინ არ ღელავს, მე მგონია, რომ სხვა შემთხვევებში ასეთი აღელვება არის აბსოლუტურად ხელოვნური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს მსმენელთა პროტესტი მოჰყვა. კონცერტზე მისულთა ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.