“დავინახე, ჩემი ახლობელი შეშინებული გამორბოდა, მთა მოდის და შეიძლება მთლიანი სოფელი წაიღოსო”- შოვის ტრაგედიას ადგილობრივები იხსენებენ
უკვე მე-7 დღეა მაშველები, სამხედროები, მოხალისეები და ადგილობრივები რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას ებრძვიან.
ადგილობრივები „კვირასთან” საუბარში იმ დღეს იხსენებენ, როდესაც ტალახის, ქვების, მოგლეჯილი ხეებისა და წყლის ერთიანი მასა – დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ტალახი 26 ჰექტარზე გაიშალა, დაფარა თითქმის ყველა შენობა და დიდი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად ძლიერი ხმაური გაიგეს, ადგილზე მისულებს კი საშინელი სურათი დახვდათ.
დავით ბიჭაშვილი ტრაგედიის პირველივე წუთებიდან სტიქიის ზონაში იმყოფება. ფიქრობს, რომ ის ადამიანები, ვინც სტიქიას ემსხვერპლა მაქსიმუმ, 10 წუთის განმავლობაში დაიღუპნენ და მათი გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
„როგორც კი გავიგე, რა მოხდა, ეგრევე წავიდე იმ ადგილას, პოლიცია უკვე იქ დაგვხვდა. მალევე ამოვიდნენ ონისა და ამბროლაურის მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ბიჭები. ისეთი ამბავი იყო, ვერ აღვწერ. უზარმაზარი მასა იყო ჩამოსული. ამ მასის სიღრმე 8 მეტრსაც აღწევს ახლაც კი, როცა ამდენი დრო გავიდა. წარმოიდგინეთ, ის სპეცტრაქტორები, რომლებიც მერე შევიდა ტერიტორიაზე, ორი ტრაქტორი ეგრევე ჩაეფლო ბოლომდე იმ მასაში, არც ამოიყვანეს, ეგრევე გააგრძელეს სხვა ტრაქტორებით მუშაობა. ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ვერ გადარჩა, მაქსიმუმ პირველ 10 წუთში დაიღუპნენ, იმხელა ტალღა იყო წამოსული. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ამბობენ, არ მუშაობდნენო, იქ ვიყავი, პირველ ღამესაც, ცოცხალ ძალასთან ერთად, დაახლოებით 80 ერთეული სპეცტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. სამაშველოს დრონები დაფრინავდნენ სპეციალური სითბური კამერებით”,- იხსენებს დავით ბიჭაშვილი.
ამიკო ჭელიძე მოხალისეა და სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული. ისიც აღნიშნავს, რომ ადგილზე ძალიან რთული ვითარებაა და თავადაც წელამდე ტალახში მოუწია მუშაობდა.
„მე რომ ავედი, წელამდე ტალახში ვეფლობოდით. ისეთი სიტუაცია იყო. მაშველები უკვე მუშაობდნენ. ხალხიც რომ გამოიყვანეს, არ გაჩერებულან ბიჭები (მაშველები). ცოცხალ ძალასთან ერთად სპეცტექნიკა მუშაობდა. თერმული და ღამის ხედვით აღჭურვილი დრონებიც დაფრინავდა”,- აღნიშნავს ამიკო ჭელიძე.
საშინელება ხდებოდა იქ, სამ ეტაპად წამოვიდა ღვარი,- ასე იხსენებს სოფელ გლოლას მკვიდრი სოფიო სულთანიშვილი 3 აგვისტოს. სტიქიის შესახებ რომ გაიგო, მაშინვე იქით გაეშურა, თუმცა აღნიშნავს, რომ ადგილზე უკვე დახვდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ახლოს არ მიუშვეს.
„მე გლოლაში ვცხოვრობ, იმ დღეს, როცა ეს ტრაგედია მოხდა, ონში ვიყავი. როცა მივედი, ადგილზე უკვე პოლიცია დაგვხვდა, არ უშვებდნენ ახლოს ადამიანებს, უსაფრთხოების ზომები ჰქონდათ მიღებული. ისეთი საშინელება ხდებოდა იქ, სამ ეტაპად წამოვიდა ღვარი, იმ წუთში იქ ვერავინ შევიდოდა. ღამე დავინახე, რომ გენერატორები აიტანეს, რომლითაც განათებები გაუკეთებიათ და მთელი ღამე იმუშავეს ტრაქტორებმა. მგონი, მთელი საქართველოს ტრაქტორები აქაა, თქვენ უბრალოდ არ გინახავთ, აქ რა ხდება და რა ამბავია, რამდენი ტალახია და რამხელა სიღრმე აქვს, შეუძლებელს აკეთებენ”,- ამბობს სოფიო სულთანიშვილი.
მზაღო გავაშელიც გლოლას მკვიდრია. ტრაგედიის დღე მისთვისაც მძიმე გასახსენებელია. ჰყვება, რომ სანამ გაიგებდა, თუ რა მოხდა, ძალიან შეეშინდა. „კვირასთან” საუბარში იხსენებს, რომ ხეობიდან იმდენად ძლიერი და შემზარავი ხმა ისმოდა, ფიქრობდა წამოსული მასა მთელ სოფელს დაფარავდა.
„მდინარე ჭანჭახიდან ამოდიოდა საშინელი ხმა, ცენტრალურ გზაზე გავედი, იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ მდინარე ღვიორა იქნებოდა, რომელიც ახლოსაა ჩვენთან და საფრთხეს გვიქმნის. ამან ძალიან შეგვაშინა. როცა ამოვედი, გაირკვა, რომ არ იყო ეს ღვიორა და რაღაც სხვა, ძალიან დიდი საშინელება ხდებოდა. ჩემი ახლობელი იყო გასული მანქანით და დავინახე, შეშინებული გამორბოდა, მთა მოდის და შეიძლება მთლიანი სოფელი წაიღოსო. პანიკაში ვიყავით უკვე და ამ დროს გამოჩნდა სასწრაფო, პოლიცია დიდი ამბავი ატყდა. სანამ გავერკვეოდით ბოლომდე, რა ხდებოდა უკვე მაშველები იქ იყვნენ. ცოტა რომ ჩაწყნარდა ის საშინელი ხმები, მდინარე ჭანჭახთან ახლოს ვეცადე მისვლა, მაგრამ პოლიცია იდგა, ლენტი ჰქონდათ გაბმული და არ უშვებდნენ ხალხს, არ არის უსაფრთხოო. გვიანობამდე იქ ვიყავით ჩვენ, ვუყურებდით, შორიდან მაშველები როგორ მუშაობდნენ. ვერტფრენები კი გაჩერდა, მაგრამ სხვა, რასაც კი შეეძლო მიწაზე ეარა, ყველაფერი მუშაობდა”, – იხსენებს მზაღო გავაშელი.
რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 21 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.